ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბექა ქორჩილავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

კასკადური შადრევანი გორში, სტალინის სკვერში 60-იან წლებში გაკეთდა, თუმცა 90-იანი წლებიდან მას სისტემატურად აღარ უმუშავია.

კასკადური, იგივე საფეხურებიანი მილებით მოწყობილი შადრევანი 2011 წელს, მიმდებარე სკვერის მოწყობისას შეკეთდა, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტში განმარტავენ, მხოლოდ იმ წლის ზაფხულში იმუშავა.

გორში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობისთვის, 2014 წელს თანხა ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული. ამ დროს სამუშაოები შეეხო აღნიშნულ შადრევანსაც, თუმცა 2011 წლის მსგავსად, მისი სისტემატური მუშაობა ისევ ვერ გახდა შესაძლებელი.

შადრევნის რეაბილიტაციის საკითხი 2017 წელს გადაწყდა. ამ მიზნით, თავდაპირველად, 106 000 ლარი გამოიყო, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შედეგად კი - 59 000 ლარი. აქედან, გორის მერიის ინფორმაციით, 55 732 ლარი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის დაიხარჯა.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ამჟამად, შადრევანი ისევ არ ფუნქციონირებს. მიზეზად ჯერ შემოწმებითი სამუშაოები, მოგვიანებით კი მოულოდნელად აღმოჩენილი დაზიანებული მილის გამოცვლა დასახელდა. მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შადრევნის გახსნა ჯერ ივლისის პირველ, შემდეგ კი, მომდევნო კვირაში დაიგეგმა. თუმცა, ამ დრომდე შადრევანი არ ამუშავებულა.

  ანალიზი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და გორის საკრებულოს დეპუტატის ბექა ქორჩილავას 18 ივნისის განცხადების

თანახმად, „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2017 წელს სტალინის სკვერში არსებული კასკადური შადრევნის რეაბილიტაციისათვის გამოიყო 106 ათასი ლარი. შადრევანი არ ფუნქციონირებს“.

გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის

მიხედვით, კასკადური შადრევნის მოსაწესრიგებლად თანხა დამტკიცებული იყო 2017 წლის ბიუჯეტით და ის შეადგენდა 59 000 ლარს, აქედან, პროექტით გათვალისწინებული  სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სამუშაოებზე დაიხარჯა 55 732 ლარი.

„სრულად შესრულდა შადრევნის აუზებისა და დამაკავშირებელი ღარების სამშენებლო სარემონტო სამუშაოები. გამოიცვალა წყალგაყვანილობის ჩამკეტი ურდულები, გაიწმინდა მთლიანი სისტემა. აუზის კედლებზე მოხდა 12-ვ-იანი ჰერმეტული დიოდების მანათობლების მოწყობა, შეიღება აუზის კედლები და ყველა ლითონის ზედაპირი. ამჟამად მიმდინარეობს გაშვების წინა შემოწმებითი სამუშაოები და მიმდინარე წლის ივლისის პირველ კვირაში მოხდება შადრევნის ამუშავება“ - აღნიშნულია მერიის მიერ მოწოდებულ პასუხში.

თუმცა, დაანონსებული კვირა ისე გავიდა, რომ შადრევანი ისევ არ ამუშავებულა. მერიამ ამის მიზეზად, ამჯერად, მოულოდნელად აღმოჩენილი დაზიანებული მილის შეცვლა დაასახელა

და შადრევნის გახსნა კვლავ გადადო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბექა ქორჩილავა განცხადებაში 2017 წლის ბიუჯეტის პირველად მონაცემებს იშველიებს. 106 ათასი ლარის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კასკადური შადრევნის რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად მართლაც იყო გათვალისწინებული. თუმცა, მოგვიანებით, თვითმმართველობამ გადაწყვეტილება შეცვალა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის 47 000 ლარით ნაკლები თანხა გამოყო. მიუხედავად თანხის გამოყოფის და შესრულებული სამუშაოებისა, კასკადური შადრევანი გორში ამ დრომდე არ მუშაობს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი