აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა: "გონიოში, მიხეილ სააკაშვილმა 271 ოჯახს საკუთრება ერთ დღეში ჩამოართვა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, მათ ჩამორთმეული საკუთრება უკან დაუბრუნდათ".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, გონიოს თემში მცხოვრებ 271 ოჯახს საკუთრებაში მიწის ნაკვეთები საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 15 სექტემბრის 525-ე ბრძანების საფუძველზე გადაეცა. 2010 წლის 3 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის კომისიის მიმართვის საფუძველზე, ზემოთაღნიშნული ოჯახებისთვის საკუთრების გადაცემის კანონიერების შემოწმება დაიწო,

რაც 271 ოჯახისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაუქმებით დასრულდა. საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველი ნაკვეთების გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის დაცვისა და კვლევის ზონაში მდებარეობა გახდა.

გონიოს თემის მაცხოვრებლები ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით პერმამენტულ აქციებს როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებშიც მართავდნენ. ერთმა ნაწილმა 2011 წელს სასამართლოს მიმართა და ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. თუმცა, სასამართლომ მოსარჩელეები არ დააკმაყოფილა და  ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 გონიოს თემის მცხოვრებთა ნაწილმა ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილება 4 წლის წინ, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის შემდეგ, 2014 წელს, მოსახლეობის მოთხოვნით, შერეულმა სამთავრობო კომისიამ ინდივიდუალური ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო. ხოლო, ორი წლის შემდეგ, 2016 წლის 27 ივნისს, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ (ბათუმის საზღვრები 2011 წელს გაფართოვდა და გონიო ქალაქის ფარგლებში მოექცა), ხელვაჩაურის კომისიის  2010 წლის ოქმის ბათილობის შესახებ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, 2010

წლის აქტი ძალაში დარჩა შემდეგ შემთხვევებში: 1. მოწმობები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალშია გაცემული;  2. მოწმობები, რომელთა მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები; 3. მოწმობები, რომლებიც გაცემული იყო მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებზე (მოსარგებლეებზე). აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით კომისიას არ დაუკონკრეტებია, რამდენი მოქალაქე იგულისხმებოდა თითოეულ შემთხვევაში. შესაბამისად, არ ჩანს 271 ოჯახიდან საკუთრების უფლება რამდენ მათგანს აღუდგა.

ფაქტ-მეტრი ადგილობრივ მაცხოვრებელს, ენვერ ირემაძეს ესაუბრა, რომელიც საკუთრებაჩამორთმეული ოჯახების მიერ წარმოებული სამართლებრივი დავების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს. მისი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გამოყოფილი კატეგორიების მიხედვით, საკუთრების უფლების აღდგენას ძალიან ცოტა, ან ვერავინ მოახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ 2007 წელს, საკუთრების უფლების აღიარებისას, უმრავლესობის ნაკვეთები მართლზომიერ მფლობელობად იქნა მიჩნეული. ასევე, მისივე ინფორმაციით, ათეულობით პირის მიმართ  სასამართლო გადაწყვეტილებები არსებობს, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საკუთრების უფლების აღდგენაზე. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია, ვის აღუდგება საკუთრების უფლება.

კომისიის თავმჯდომარის, ლევან კინწურაშვილის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე თითოეულმა ოჯახმა საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს და საკუთრება ინდივიდუალურად დაირეგისტრიროს. გონიოს თემში მცხოვრებმა რუსლან დიასამიძემ, ხემდი მემიშიშმა და იაშა ბერიძემ საჯარო რეესტრს მართლაც მიმართეს. თუმცა, რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით,

მათ სარეგისტრაციო წარმოება შეუჩერდათ. უწყების გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვერ დადგინდა, რომელი პირის მიმართ აღდგა საკუთრების უფლება, რადგან ინდივიდუალური გადაწყვეტილებები არ არსებობდა. რეესტრმა ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღდგენის კომისიისგან მესაკუთრისა და საკუთრების რეკვიზიტების მითითება მოითხოვა.

კომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შემდეგი ხარვეზები დააფიქსირა:

 1. "კომისიას ინდივიდუალურად იმ მიწის ნაკვეთების აღიარების კანონიერების საკითხზე არ უმსჯელია, რომლებიც არ შედიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გონიოს ციხის დაცვის არეალში; 2. კომისიამ მოქალაქეებს შეუქმნა ცრუ მოლოდინი იმისა, რომ შეამოწმებდა მათი საკუთრების უფლების გაუქმების კანონიერებას, სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად; 3. აქტის საფუძველზე არ განისაზღვრა პროცედურა, რომლითაც მოქალაქეები საკუთრების უფლების აღდგენას შეძლებენ; 4. ოქმი არ იძლევა ინფორმაციას მოქალაქეთა საკუთრების უფლების აღდგენის თარიღის შესახებ". ორგანიზაციამ კომისიას თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურად შემოწმებისაკენ და შესაბამისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ მოუწოდა.

კომისიის მიერ მიღებული აქტის შეფასებისას ინდივიდუალური მიდგომის არარსებობაზე აქცენტი სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ციალა ქათამიძემაც გააკეთა. მისი განცხადებით, "ფაქტია, რომ ამ ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლების აღდგენა ვერ მოხერხდა და აუცილებელია, კომისიამ ინდივიდუალურად განმარტოს, როგორ აღიდგინონ საკუთრების უფლება ცალკეულმა პირებმა".

60-მა მოქალაქემ ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 25 ივლისს შეიტანა.

დასკვნა

გონიოს თემში მცხოვრებ ოჯახებს მიწის საკუთრების მოწმობები 2010 წელს გაუუქმდათ. მას შემდეგ, ისინი ამ უფლების აღდგენას სხვადასხვა გზით ითხოვენ.

მართალია, 2016 წლის 27 ივნისს ბათუმის საკრებულომ საკუთრების მოწმობის გაუქმების შესახებ 2010 წელს მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ ბათილად ცნო, თუმცა საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მეშვეობით მოქალაქეები მიწას ვერ იბრუნებენ. თითოეულ ოჯახს ამჯერად უკვე ინდივიდუალურად უწევს იმის მტკიცება, რომ მიწის მესაკუთრეა. ისევ განახლდა სასამართლო დავები, რასაც ფაქტ-მეტრი თვალს მიადევნებს.

ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ ლადო მგალობლიშვილის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი