ჯორჯ სოროსი ნაციონალისტთა ახალი თაობისათვის მუდმივ სამიზნედ იქცა. მიმდინარე წლის მანძლიზე ულტრა-მემარჯვენე ძალების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ის წარმოადგენს ვაშინგტონში გამართული ტრამპის საწინააღმდეგო მსვლელობის მთავარ დამფინანსებელს, მაკედონიის მთავრობის ცვლილების ინიციატორს, თეთრი სახლის მნიშვნელოვანი თანაშემწეების გათავისუფლების მიზეზს, ისრაელის პრემიერ-მინისტრისათვის ძირის გამომთხრელსა და „საემიგრაციო გეგმის“ ავტორს, რომელიც უნგრეთში ლტოლვილთა მოზღვავებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონსპირაციული თეორიაა, ბოლო პერიოდში მსგავსი ცნობების ფართოდ გავრცელება უბრალო დამთხვევას არ წარმოადგენს. ეს ყველაფერი გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მნიშვნელოვან და საყურადღებო პროცესებზე მიანიშნებს.

სოროსი ცნობილია, როგორც მილიარდერი, რომლის სუბსიდიებმაც კომუნისტური მმართველობის დამხობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განავითარა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ჯანდაცვისა და განათლების დონე. მისი თქმით, არატოლერანტულობის წინააღმდეგ ბრძოლა სათავეს იღებს ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ უნგრეთში ცხოვრების გამოცდილებიდან, სადაც ის ოჯახთან ერთად იძულებული იყო დაემალა ებრაული წარმოშობა. 2012 წელს პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, კომოროვსკიმ, ის დემოკრატიის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უმაღლესი სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა. ღია საზოგადოების ფონდის მიხედვით,

ჯორჯ სოროსს 12 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გაცემული, საიდანაც 400 მილიონი აშშ დოლარი უნგრეთის განვითარებას მოხმარდა. მიუხედავად ამისა, სწორედ უნგრეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ორბანი არის ჯორჯ სოროსის საწინააღმდეგო რიტორიკის ერთ-ერთი აქტიური გამავრცელებელი.

სოროსის წინააღმდეგ მიმართული აქტიური კამპანიის შესახებ მოწმობს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია,

რომ უნგრეთის მთავრობა მოსახლეობაში სოროსის „საემიგრაციო გეგმის“ შესახებ მასობრივი გამოკითხვის ჩატარებას აპირებს. უნგრეთის ხელისუფლების განცხადებით, ევროპაში მოზღვავებული იმიგრანტთა ტალღა სოროსის საიმიგრაციო გეგმის გამოხატულებაა.

აღსანიშნავია, რომ თავად პრემიერ-მინისტრი ორბანი 1989 წელს სოროსის სტიპენდიანტი იყო, რომლის ფარგლებშიც ოქსფორდში სწავლობდა, ამჟამად კი, მის დემონიზაციას ცდილობს. ორბანმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ე.წ. „სოროსის გეგმას“ უნგრეთში მუსლიმი ემიგრანტების მოზღვავებაში დასდო ბრალი. საქმე იმაშია, რომ მსგავსი გეგმის არსებობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. ჯორჯ სოროსის წარმომადგენლის განცხადების

თანახმად, უნგრელი მილიარდერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მეტად დაუჭიროს მხარი იმ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ლტოლვილთა 89%-ისათვის თავშესაფარს წარმოადგენენ. ხოლო  ევროპამ განსახლების პოლიტიკის ფარგლებში უნდა მიიღოს რამდენიმე ასეული ათასი მიგრანტი (რომლებიც იდენტიფიცირებულნი და უშიშროების სამსახურების მიერ შემოწმებულნი იქნებიან). მთავრობის მიერ ხაზგასმულ „სოროსის საემიგრაციო გეგმას“ კი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.

სოროსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის კიდევ ერთი გამოხატულებაა უნგრეთის მთავრობის გეგმა მოსახლეობის მასობრივი გამოკითხვის შესახებ. მთავრობის თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ დაახლოებით 8 მილიონ ამომრჩეველს გაეგზავნება კითხვარი ჯორჯ სოროსის საემიგრაციო ხედვების შესახებ. თუმცა, ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავშესაფრის მაძიებლებისათვის უნგრეთის საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე გამართული 2016 წლის რეფერენდუმი

ორბანის ხელისუფლებისათვის სახარბიელო არ აღმოჩნდა. ორბანს იმედი ჰქონდა, რომ უნგრეთში საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ გამართული რეფერენდუმი გახდებოდა მაგალითი სხვა ევროპული ქვეყნებისათვის და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც ექნებოდა, მაგრამ მიუხედავად უნგრეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სარეკლამო კამპანიისა, მთავრობამ ვერ მოახერხა ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობის გადაბირება. ელექტორატის ნახევარზე მეტმა, 56.1%-მა, არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, რის გამოც ის კონსტიტუციურად ძალადაკარგულად გამოცხადდა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ერთი და იგივე კონსპირაციული თეორიების ატაცება მსოფლიოში მიმდინარე სოროსის საწინააღმდეგო კამპანიის ბუნებაზე მეტყველებს, რომელიც საკმაოდ დიდი გამოხმაურებით ხასიათდება. თუმცა, ლიდერთა გარკვეულ ჯგუფს სოროსის ღია საზოგადოების ფონდის მიმართ არსებული შიშის უფრო კონკრეტული მიზეზებიც გააჩნია. აღნიშნული ფონდი აფინანსებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყოს განათლებას, მედიის თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებსა და ანტიკორუფციულ ინიციატივებს. იმის გამო, რომ ღია საზოგადოების ფონდი აღარ უჭერდა მხარს „მემორიალის“ (საბჭოთა წარსულის კვლევით დაკავებული რუსული ორგანიზაცია) მსგავს ორგანიზაციებს, 2015 წელს ვლადიმერ პუტინმა აკრძალა მისი რუსეთში მუშაობა.

სოროსი თავისი აქტივობების გამო ისრაელის მთავრობის სამიზნე ობიექტადაც იქცა. ნაციონალისტურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ხელისუფლებამ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შეზღუდვები დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ სოროსის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების უმრავლესობა გაჯერებულია ანტი-სემიტური იდეებითა და გზავნილებით, ისრაელის მთავრობა არ ერიდება აღნიშნული „კოალიციის“ წევრობას. ამის მიზეზს

კი ის წარმოადგენს, რომ ჯორჯ სოროსი პალესტინის უფლებებისა და ისრაელისათვის სხვა არაპოპულარული საკითხების მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს.

ვარშავის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დირექტორი, იაცეკ კუჩარსკი, სოროსის წინააღმდეგ შექმნილი ნარატივის ავტორად და გამავრცელებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოიაზრებს, რომელიც ხელს უწყობს ავტორიტარული მემარჯვენე პოპულისტების მომრავლებას. სოროსის მიერ მხარდაჭერილი კამპანიები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისათვის სწორედ ის ფაქტორებია, რისიც ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთა ახალ თაობას ყველაზე მეტად ეშინია, რადგან მათთვის მთავარ იარაღს იზოლირებული ხალხი და ერები წარმოადგენენ.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი