“გირჩი” იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა ჩადებული, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს
სიმართლე
3027 ნახვა
A+
A
A-

25 აპრილს თოქ-შოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „გირჩი იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც მათ შორის წინა საარჩევნოდ პროგრამაში ჰქონდა ჩადებული, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს, მიებას მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას და უნდა გახდეს 5% მაინც, ახლა არის სადღაც 2.5%, ანუ გაორმაგებას ვითხოვთ“.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ სუბიექტების პროგრამები გააანალიზა, რომლებმაც არჩევნებში 1%-ის ან მეტის დაგროვება მოახერხეს.

„ქართული ოცნების“ (ხმების 48.68%) 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტია განაახლებს თავდაცვის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; გაზრდის და განავითარებს ქვეყნის სამხედრო და სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, პროგრამაში პირდაპირი ჩანაწერი თავდაცვის ხარჯების ზრდასთან მიმართებით არ გვხვდება. მეტიც, პარტიამ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის ნატოს სტანდარტებთან დაახლოვება და მისი ოპტიმიზაცია დააანონსა.

„ნაციონალური მოძრაობის“ (ხმების 27.11%) საარჩევნო პროგრამაში თავდაცვის მიმართულებით მთავარი აქცენტი საერთაშორისო ასპარეზზე  საქართველოს როლის ზრდაზე გაკეთდა. უსაფრთხოების გაძლიერებისთვის პარტიამ ნატო-სთან ინტეგრაციას, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში ქვეყნის აქტიურ ჩართულობას, საერთაშორისო მისიებსა და წვრთნებში მონაწილეობას, დასავლეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. ამასთან, პროგრამაში სამხედრო აღჭურვილობისა და მრეწველობის გაძლიერებაზე იყო საუბარი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ (ხმების 5.01%) საარჩევნო პროგრამაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე საუბარი არ ყოფილა. პარტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვის მნიშვნელობაზე აპელირებდა, თუმცა ეფექტიანი თავდაცვის სისტემის ფორმირებისთვის გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე პროგრამაში არაფერი იყო ნათქვამი.

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ (ხმების 4.63%) წინასაარჩევნო სამოქმედო გეგმაში თავდაცვას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ზემოთ ხსენებული პარტიების მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატებიც“ საერთაშორისო მისიებში ჩართულობაზე, ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე აქცენტირებდნენ. პროგრამაში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად განსაკუთრებული ყურადღება სადაზვერვო სისტემის დახვეწაზე იყო გამახვილებული. პარტია ეროვნული კონტრდაზვერვითი სამსახურის დაფინანსების ზრდაზეც საუბრობდა თუმცა მიზნის მისაღწევად მითითება კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ ამ შემთხვევაშიც არ ყოფილა.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ (ხმების 3.53%) წინასაარჩევნოდ ცენტრალურ გზავნილად ქვეყნის უბლოკო სტატუსი ჰქონდა არჩეული. პროგრამაში საუბარი იყო თავდაცვის რეალისტური და თანამედროვე სისტემის ფორმირებაზე, საქართველოში არსებული რეალობისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისად. საარჩევნო პროგრამაში პარტია ვეტერანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, ამ ჯგუფისთვის უკეთესი სოციალური დახმარების შეთავაზების გზით.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ (ხმების 1.55%) წინასაარჩევნო პროგრამაში, ზემოხსენებულ სუბიექტებთან შედარებით, გარდა „გირჩისა“, ყველაზე ნათლად იყო გამოკვეთილი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავდაცვაზე მეტი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის აუცილებლობა. საარჩევნო პროგრამაში პარტია თავდაცვაზე მიმართული საბიუჯეტო პროცესის დეპოლიტიზირებას უსვამდა ხაზს.

რაც შეეხება „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ (რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე არსებული ხმების 3.14% მიიღო), მათ საარჩევნო პროგრამაზე წვდომა ამ დროისთვის, სამწუხაროდ, შეზღუდულია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გირჩის“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით, თავდაცვის ხარჯების ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ მიბმა იყო დაანონსებული. ეკონომიკის ზრდის პარალელურად (რაც, თავის მხრივ, პარტიის ეკონომიკური რეფორმის შედეგად არსებულ რეალობასთან შედარებით საშუალოდ 5-ჯერ უფრო მეტად უნდა გაზრდილიყო), თავდაცვის ხარჯები ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 5% გახდებოდა, რაც არსებულ მაჩვენებელთან შედარებით (2.3%) დაახლოებით 2-ჯერ მეტია. პარტია აღნიშნავდა, რომ ხსენებულ ნიშნულამდე მისვლას 6 წელი დასჭირდებოდა.

 

დასკვნა

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე იმ სუბიექტებიდან, რომლებმაც არჩევნებში ჯამური ხმების 1% მაინც მიიღეს, მხოლოდ „გირჩმა“ აღნიშნა, რომ თავდაცვის ხარჯები საქართველოს ეკონომიკას უნდა მიებას და მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა გახდეს. დანარჩენი პარტიების შემთხვევაში მსგავსი ჩანაწერი ან არ გვხვდება, ან გვხვდება ზოგადი სახით, რაც ამომრჩევლისთვის თავდაცვის დაფინანსების კონკრეტული გზის შეთავაზებას არ ითვალისწინებს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: