გასული წლის 28 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: "ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა დავხარჯეთ ტურიზმის განვითარებაში. წელს ვიზიტორების რიცხვის უკვე 8%-იანი ზრდა გვაქვს. წლის ბოლოსთვის ვიზიტორების რაოდენობა 5.8 მილიონს მიაღწევს".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში 466 ათასი ვიზიტორი შემოვიდა და 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 7%-ით გაუსწრო. რაც შეეხება გასული წლის 12 თვეში დაფიქსირებულ ვიზიტორთა რაოდენობას, ამ მაჩვენებელმა 5.9 მილიონს მიაღწია, რაც 2014 წლის მონაცემზე ასევე 7%-ით მეტია.

გრაფიკი 1:

 საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა (2006-2015 წლები)

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად საკმაოდ მაღალი ზრდით ხასიათდებოდა. 2014 წელს კი, ვიზიტორთა რაოდენობის მხოლოდ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს გამოწვეული იყო როგორც ქვეყნის შიგნით გატარებული არასწორი სავიზო პოლიტიკით, ისე მთლიანად რეგიონში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობით. 2015 წელს გაზრდილ ვიზიტორთა რაოდენობაზე დადებითი გავლენა მოახდინა როგორც ელექტრონული ვიზების პორტალის ამოქმედებამ და გამკაცრებული სავიზო რეჟიმის შერბილებამ, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გატარებულმა სხვადასხვა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. ამ საკითხებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2015 წელს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან 2.3 მილიონი ტურისტია (ის, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება) და მათი რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი. 1.4 მილიონი ვიზიტორი ტრანზიტის მიზნით იყო შემოსული, რაც 2014 წელთან შედარებით 25.7%-ით მეტია.

გასულ წელს ტურიზმის  ეროვნულმა ადმინისტრაციამ დოკუმენტი - "საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2015-2025" მოამზადა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2015-2025 წლებში ვიზიტორთა რაოდენობის საშუალოდ 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი. დოკუმენტის მიხედვით, 2025 წელს ვიზიტორთა რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და 11 მილიონს მიაღწიოს. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 1.8 მილიარდი აშშ დოლარიდან 5.5 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდას გეგმავს. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რამდენად იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პარალელურად. ამჟამად, მხოლოდ 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებია გამოქვეყნებული, რის მიხედვითაც 2015 წლის პირველ 9 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 269 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 94 მილიონით (8%-ით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გრაფიკი 2:

 ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2006-2015 წლებში

image002

როგორც  წინა წლებში, ასევე 2015 წელს, ვიზიტორთა ყველაზე დიდი ნაკადი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთის ფედერაცია.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, როგორია წლების განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი (ცხრილი 1). როგორც ცხრილიდან ჩანს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსება ყველაზე მეტი 2014 და 2015 წლებში იყო. დაფინანსება განსაკუთრებით გაიზარდა 2015 წელს, როცა ის 13 მლნ ლარიდან 26 მილიონი ლარამდე ავიდა.

ცხრილი 1:

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი წლების მიხედვით

წელი დაზუსტებული ბიუჯეტი საკასო შესრულება
2011 10 416 900 10 376 991
2012 9 179 213 7 377 162
2013 6 431 347 5 568 016
2014 12 753 000 12 429 761
2015 25 809 739 25 808 718
2016 22 963 000

დასკვნა 2015

წელს ვიზიტორების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 5.9 მილიონს მიაღწია. აქედან, 2.3 მილიონი ტურისტია და მათი რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი. ტრანზიტის მიზნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი 1.4 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 25.7%-ით მეტია. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი