დღეს, როცა რუსეთის ბაზარი ღიაა, ყურძენი ღირს უფრო ნაკლები, ვიდრე 2012 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი დახურული იყო
სიმართლე
1670 ნახვა
A+
A
A-

საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ყურძნის ფასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ დანელიას შემდეგი კითხვით მიმართა: “როგორ მოხდა ისე, რომ დღეს, როდესაც რუსეთის ბაზარი არის ღია, ყურძენი ღირს უფრო ნაკლები, ვიდრე 2012 წელს, როცა რუსეთის ბაზარი იყო დახურული”.

ფაქტ-მეტრმა დეპუტატის მიერ გაჟღერებული ფაქტის სიზუსტე გადაამოწმა.

2015 წლის 9 სექტემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავაფიქსიროთ და ბაზარს ფასი არ ვუკარნახოთ. ნებისმიერი ფასი, რომელსაც სახელმწიფო დააფიქსირებს, გახლავთ მხოლოდ საბაზრო ფასიდან გამომდინარე. რაც შეეხება ყურძნის რეალიზაციას, სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში ფასი იქნება 60 თეთრი და შავი ყურძნის შემთხვევაში, საფერავზეა საუბარი, 85 თეთრი”.

სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახორციელებს. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. ქვემოთ, ცხრილში, მოცემულია 2010-2015 წლებში სუბსიდიის ჩათვლით ყურძნის ჩაბარების ფასი:

 

ცხრილი 1: წითელი და თეთრი ყურძნის ჩაბარების ფასი (ლარში) სუბსიდიის ჩათვლით, 2010-2015 წლებში

წელი 2010 2011 2012 2013 2014 2015
თეთრი 0.60 ლარი 0.70 ლარი 1 ლარი 1 ლარი 1 ლარი 0.60 ლარი
წითელი 0.80 ლარი 1 ლარი 1 ლარი 1.30 ლარი 1.95 ლარი 0.85 ლარი
რაჭა (წითელი) 3 ლარი 3 ლარი 4 ლარი 8 ლარი 8 ლარი 8 ლარი

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

2012 წელს საქართველოში სულ 54 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. ყურძნის ფასი (თეთრისაც და შავისაც) სუბსიდიის ჩათვლით ერთი ლარი იყო. 2012 წელს ყურძნის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14.8 მილიონი ლარი გამოიყო. სუბსიდიამ 1 კილოგრამ თეთრ ყურძენზე 25 თეთრი, შავ ყურძენზე კი 35 თეთრი შეადგინა. 2012 წელს სახელმწიფო კომპანიებმა: შპს “გრუზვინპრომმა” და სს “აკურამ” გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი – მთლიანი რაოდენობის 65% (34 000 ტონა) ჩაიბარეს.

მიმდინარე წელს, დღეის მონაცემებით, 118 486 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ყურძნის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. ის 1 კილოგრამ თეთრ ყურძენზე 35 თეთრი და 1 კილოგრამ შავ ყურძენზე (საფერავი) 15 თეთრია. ყურძნის გადამუშავების პროცესში ღვინის მწარმოებელი 74 კომპანიაა ჩართული, მათ შორის სახელმწიფოს მიერ 18 ღვინის საწარმო არის დაქირავებული (შესაძლოა, რთველის მსვლელობისას კომპანიების რაოდენობა გაიზარდოს).

საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. 2015 წელს ყურძნის მიწოდება (მოსავალი) წინა წელთან შედარებით გაიზარდა (დაახლოებით 30 000 ტონით), მოთხოვნა კი, ღვინის ექსპორტის შემცირების გამო, შემცირდა. 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 49%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ემბარგო არ მოქმედებს და რუსეთის ბაზარი ღიაა, რუსეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, წელს, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 63%-ით შემცირდა. 2015 წელს (6 თვეში) რუსეთში 6 555 183 ბოთლი ღვინოა გატანილი, რაც მთლიანი ექსპორტის 47%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2012 წელს ღვინის ექსპორტი 23 მილიონი ბოთლი იყო (2015 წლის 6 თვის მონაცემით, ექსპორტი 13 706 653 ბოთლია). მთლიანობაში, რეალობიდან გამომდინარე, ყურძენზე ფასი უნდა შემცირებულიყო. თუმცა, პოლიტიკოსების მიერ გაცემულმა დაპირებებმა და ასევე წლების განმავლობაში (როგორც წინა, ასევე დღევანდელი მთავრობის დროს) მიმდინარე სუბსიდირების პოლიტიკამ მევენახეებში  გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა. მაგალითისთვის, არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “არ შეიძლება ყურძენი ერთ ლარზე ნაკლები ღირდეს“. ამგვარმა პოპულისტურმა დაპირებებმა განაპირობა ის, რომ მევენახეებმა წლევანდელი ყურძნის დაბალი ფასის გამო მწვავე საპროტესტო აქციები გამართეს.

 

დასკვნა

2012 წელს, როდესაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის დახურული იყო, ყურძენი (წითელიც და შავიც) მართლაც 1 ლარი ღირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გადამუშავებულ ყურძენში სახელმწიფო საწარმოების წილი საკმაოდ მაღალი – 65% იყო და ალბათ იგივე განმეორდება წელსაც. 2015 წელს, რუსეთის ბაზრის პირობებში, თეთრი ყურძენი 60 თეთრი და შავი კი – 85 თეთრი ღირს. 2012 წელთან შედარებით თეთრი ყურძნის ფასი 40%-ით, შავის კი 15%-ით არის შემცირებული.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: