"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაწყებული პროექტი Check in Georgia კორუფციულ სქემებს მოიცავს. "პროექტ Check in Georgia-ს ხელმძღვანელი სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელი დავით მენაბდეა, რომელიც ამავე დროს "ისთერნ ფრომოუშენის" დამფუძნებელიცაა. მისი სიძე, ირაკლი შენგელია, კომპანია "ვიზარდ ივენთის" დამფუძნებელია, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს მართავს. მისივე მეჯვარე და "ვიზარდ ჯორჯიას" მენეჯერი ვაჟა ხაჩიძე კი კომპანია "თიქეთ ჯორჯიას" [იგივე შპს "ონლაინ თიქეთს"] დამფუძნებელია, რომელიც ყველა კონცერტებზე ბილეთებსაც გაყიდის და მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებს" - განაცხადა

კანდელაკმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში პროექტი Check in Georgia ტარდება და ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ ყოველწლიურ ფესტივალებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში ჯამში 150-მდე ღონისძიება გაიმართება. მთავრობის განმარტებით ეს პროექტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. Check in Georgia-ს ჩასატარებლად კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის ღონისძიებები (26 მარტიდან 30 დეკემბრამდე) და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. სამინისტროს ცნობით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 29 მილიონით ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, MAROON 5, ხოსე კარერასისა და სხვა შემსრულებლების კონცერტები დაფინანსდება. სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან ამ დროისთვის დახარჯული თანხების ხარჯთაღრიცხვაც

გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-ისთვის მიცემულ ინტერვიუში

 უკრაინული სააგენტო "ეისიეი"-ს წარმომადგენელმა, რომელიც ამავე ტელევიზიის ინფორმაციით ყველა ზემოთჩამოთვლილ ვარსკვლავთანაა ნამუშევარი, განაცხადა, რომ უცხოელი ვარსკვლავების ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია იმასთან შედარებით, რა თანხაც ჯამში კულტურის სამინისტრომ გამოყო. ამასთან, როგორც აგრეთვე ცნობილი გახდა, პროექტისთვის გამოყოფილი თანხა მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ 3 მლნ ლარით გაიზარდა.

ამავე გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში

დავით მენაბდემ ფაქტობრივად დაადასტურა იმ ნათესაური კავშირების შესახებ, რაზეც დეპუტატმა კანდელაკმა თავის განცხადებაში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ფაქტ-მეტრთან გაკეთებული განმარტების თანახმად, "ისთერნ ფრომოუშენს" პროექტ Check in Georgia-ს ორგანიზებასთან კავშირი არ აქვს და მას კულტურის განვითარების ფონდი ახორციელებს, რომელიც კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და მას დავით მენაბდე ხელმძღვანელობს. დავით მენაბდე კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის მიერ დაფუძნებული "ისთერნ ფრომოუშენის" მეწილე იყო, რომელიც გასულ წელს დათმო. ამასთან, "ისთერნ ფრომოუშენი", კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების

ორგანიზატორია.

აღნიშნული კომპანია 2010 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა და მისი დირექტორი და 22.5%-იანი წილის მფლობელი, 2014 წლის 23 მარტამდე, კულტურის ამჟამინდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იყო. ამავე ოდენობის წილს ფლობდა კომპანიის დაფუძნების დღიდან დავით მენაბდეც. მას შემდეგ, რაც მიხეილ გიორგაძე მინისტრი გახდა, დავით მენაბდემ უკვე 45%-იანი წილის

ფლობის უფლება მიიღო. თუმცა, გასულ წელს მენაბდემ აღნიშნული წილი, რომელიც თავისთავად საკმაოდ ძვირადღირებულია, უსასყიდლოდ დათმო. წილის დათმობის შემდეგ მან კულტურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

ამ და სხვა ფაქტებზე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან კერძო კომპანიების შერჩევა და ღონისძიებების ორგანიზების ჩაბარება პირადი ინტერესებით ხდება. უფრო კონკრეტულად კი, კვლევის თანახმად, მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან (2014 წლის ივლისიდან) დღემდე კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული. საერთო ჯამში, 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხების (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკთან (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე) დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის. აქვე საუბარია შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზეც, რომელსაც პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში "ისთერნ ფრომოუშენი" უწევს ორგანიზებას.

რაც შეეხება შპს "ონლაინ თიქეთსს", რომელიც ხსენებული პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ყველა უცხოელი ვარსკვლავის კონცერტების ბილეთებს გაყიდის, მან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო. ტენდერი (ნორმით SPA160007894) სამინისტრომ 7 მარტს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 28 მარტს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 450 000 ლარს შეადგენდა. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ - "ონლაინ თიქეთსმა" მიიღო და 285 000 ლარით გამარჯვებულიცგახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით,

კომპანია ნამდვილად ვაჟა ხაჩიძის კუთვნილებაა.

დასკვნა

საკითხზე მუშაობისას გაირკვა, რომ პროექტ Check in Georgia-ს კულტურის სამინისტროს სსიპ - კულტურის განვითარების ფონდი ახორციელებს, თუმცა, მასში შემავალ ზოგიერთ ღონისძიებას ორგანიზებას "ისთერნ ფრომოუშენი" უწევს, რომელიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაა დაკავშირებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები იკვეთება. კვლევაში სწორედ იმ ღონისძიებებზეა საუბარი, რომლებიც Check in Georgia-ს ფარგლებში უნდა გაიმართოს და რომელთა ორგანიზებაში ის კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც სამინისტროს მაღალჩინოსნებთან არიან დაკავშირებულნი. დასტურდება გიორგი კანდელაკის მიერ აღნიშნული ნათესაური კავშირებიც.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი