ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით,

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ქვეყანა ძალიან მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების ქვეშ აღმოჩნდა, 2015 წლის მაისში ვიზიტორების რაოდენობა 14.7%-ით, ტურისტების კი, 5%-ით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

პირველ რიგში, განმარტებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ  ვიზიტორია ის პირი, ვინც თავისი ბუნებრივი გარემოდან კონკრეტული მიმართულებით მოგზაურობს, იქ ერთ წელზე ნაკლები ვადით რჩება და დასაქმებული არ არის. ის ვიზიტორი ვინც კონკრეტულ ადგილზე ერთ ღამეს მაინც ათევს, ტურისტად კლასიფიცირდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს 454 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, რის შედეგადაც ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს ჯამში 1 835 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ხუთი თვის მონაცემებს 2%-ით (35 ათასით) აღემატება.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში 164 ათასი ტურისტი შემოვიდა, რის შედეგადაც ტურისტთა რაოდენობა წინა წლის მაისთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. 2015 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით კი, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა 3%-ით (-23 427 კაცი) შემცირდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა თუ, რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ვიზიტორი 2015 წელს.

ცხრილი 1:

ქვეყნები, საიდანაც ვიზიტორთა ყველაზე მაღალი პროცენტული და რაოდენობრივი  ზრდა დაფიქსირდა (2015 წლის იანვარი-მაისი)

ქვეყნები 2015 წელი ცვლილება (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით)
ბელარუსი 42% 1 626
სომხეთი 33% 26 461
ლიტვა 44% 1 372
სლოვაკეთი 63% 348
უზბეკეთი 104% 1 193
რუსეთი 43% 21 302
არაბეთის გაერთიანებული საემიროები 840% 1 532
ამერიკის შეერთებული შტატები 36% 878

ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა მდგომარეობაა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორების შემოსვლის კუთხით, რომლებსაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან სავიზო რეჟიმი დაუწესდათ. აღნიშნული 24 ქვეყნიდან ვიზიტორთა პროცენტული ზრდა მიმდინარე წელს მხოლოდ ინდოეთის შემთხვევაში დაფიქსირდა. ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით 10%-ით გაიზარდა. მოცემული 24 ქვეყნიდან  ვიზიტორთა ყველაზე დიდი ნაკადი ერაყიდან შემოდიოდა. მიმდინარე წლის ხუთ თვის მონაცემებით კი, ერაყიდან შემოსული ვიზიტორთა რაოდენობა 93%-ით შემცირდა, რაც ნომინალურ რიცხვებში 6 678-ია.

2014

წლის 1 სექტემბერს მიღებული სავიზო რეგულაციების შედეგად, 24 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან ერთად, ვიზების აღების პროცედურა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გართულდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ვიზებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აღარ გასცემდა და ვიზები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში გაიცემოდა. უცხოელებს, რომელთა ქვეყნებშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნდათ, საქართველოსთან ახლომდებარე საელჩოსა და საკონსულო დაწესებულებისთვის უნდა მიემართათ. ამ კანონის მიხედვით, ასევე გაუქმდა ვიზის აღება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებებით ვიზის აღება იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გართულდა, ვისთანაც საქართველოს სავიზო რეჟიმი 2014 წლის 1 სექტემბრამდეც ჰქონდა. სავიზო რეჟიმის გამკაცრებიდან ხუთი თვის შემდეგ (2015 წლის 9 თებერვალს), სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით, ვიზის ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, რომელიც ტურისტული და ბიზნესის წარმოების მიზნით მომავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საქართველოში შემოსასვლელი ვიზა საზღვარგარეთ, საქართველოს საკონსულო სამსახურში მისვლის გარეშე მიიღოს.

ჩვენ დავინტერესდით, სავიზო რეგულაციების დაწესებისა და ელექტრონული ვიზების შემოღების შემდგომ, რა რაოდენობის ვიზიტორთა ნაკადი შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც საქართველოს სავიზო რეჟიმი აქვს. მაგალითისთვის, საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით ტოპ 5 ქვეყანა ავიღეთ.

ცხრილი 2:

საერთაშორისო შემოსვლების სიდიდით პირველი 5 ქვეყანა, რომლებთანაც საქართველოს სავიზო რეჟიმი აქვს

2014 წელი (სექტემბერი-დეკემბერი) 2015 წელი (იანვარი- მაისი)
ირანი -84% -88%
ერაყი -97% -88%
ეგვიპტე -84% -42%
ჩინეთი -42% -21%
ინდოეთი -27% 24%

როგორც ცხრილიდან ჩანს, ამ ქვეყნებში ვიზიტორთა შემცირების ტენდენცია დღემდე გრძელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთ თვეში პროცენტული კლების ტემპი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირებულია, რაც გარკვეულწილად ელექტრონული ვიზების დამსახურება შეიძლება იყოს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 5 ივნისს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის #255 დადგენილება, რომლის მიხედვითაც 94 ქვეყნის და ტერიტორის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის ვადა ერთ წლამდე გაუხანგრძლივდათ. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა როგორც  პირადობის მოწმობის, ასევე სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე შეუძლიათ. 2015 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ მეორე, #256 დადგენილებაც მიიღო, რომელიც იმ 50-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას განსაზღვრავს, რომელთა ვიზების ან ბინადროების ნებართვის მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და 180 დღიან პერიოდში 90 დღის ვადით შეუძლიათ დარჩენა. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, სავიზო რეჟიმი კვლავ შენარჩუნდა იმ 24 ქვეყანასთან, რომლებსაც 2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გაუუქმდათ. სავიზო რეჟიმი შენარჩუნდა ირანთანაც, სადაც უვიზო მიმოსვლა საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივლისს ცალმხრივად გააუქმა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებს, რომელიც გიორგი ჩოგოვაძის განცხადების შემდგომ გამოქვეყნდა. ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 9.3%-ით გაიზარდა და 496 ათასი ვიზიტორი შეადგინა. აღნიშნული შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივნისის თვეში მიღებული ცვლილებები, რომლებმაც რეგულაციები გაამარტივეს, ვიზიტორთა რაოდენობაზე დადებითად აისახა.

დასკვნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, მიმდინარე წლის  ხუთი თვის მონაცემებით, ქვეყანაში შემოსულ  ვიზიტორთა რაოდენობამ 1 835 ათასი შეადგინა, რის შედეგადაც ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რიცხვი 2%-ით გაიზარდა. კონკრეტულად მაისის თვეში კი, პროცენტულმა ზრდამ 14.7% - შეადგინა. რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობას, მიმდინარე წლის 5 თვეში ის 3%-ით შემცირდა, ხოლო მხოლოდ მაისის თვის მონაცემებით კი, 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2014

წლის 1 სექტემბერს მიღებული გართულებული სავიზო პოლიტიკის შედეგად, კვლავაც შემცირებულია ერაყიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და ეგვიპტიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა. თუმცა, 2015 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობის კლების ტენდენცია ოდნავ შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 9.3%-ით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ჩოგოვაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი