ვერდიქტი: დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: 2017

წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების სერვისით სულ 4.07 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მართლაც რეკორდული რიცხვია. 2016 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 2.84 მლნ-ს შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოს ყველა აეროპორტში მგზავრთა ჯამური ზრდა 2017 წელს 43% იყო. გასული წელი უპრეცედენტო იყო ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის კუთხითაც. ქვეყნის საზღვარი შარშან 7.6 მილიონმა ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 2016 წლის შესაბამის ნიშნულს 19%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების ზრდის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 11 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.

  ანალიზი მიმდინარე წლის 22 თებერვალს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა:

„გასული წელი რეკორდული იყო საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს ყველა აეროპორტში [მგზავრების] ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 7 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორზე მეტი ჩამოვიდა“.

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადიმინისტრაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით აქვეყნებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების მომსახურებით 4.07 მლნ ადამიანმა ისარგებლა, რაც 2016 წლის ანალოგიურ ნიშნულს 43%-ით (1.23 მლნ-ით) აღემატება. მგზავრთა აღნიშნული რაოდენობა და ზრდის ტემპი უპრეცედენტოა (

მსგავსი სტატისტიკური მონაცემები 2010 წლიდან არის ხელმისაწვდომი).

გასულ წელს მგზავრთა უმრავლესობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა. მისი სერვისით 3.16 მლნ მგზავრმა ისარგებლა, რაც წინა წლის შესაბამის მონაცემს 40%-ით აღემატებოდა, თუმცა ეს ნაზრდი სხვა აეროპორტების მონაცემებთან შედარებით დაბალია. მგზავრთა ნაკადი ყველაზე მეტად მესტიის თამარ მეფის აეროპორტში გაიზარდა (72%), მნიშვნელოვნად იმატა მომხმარებლების რიცხვმა ბათუმისა (59%) და ქუთაისის (49%) აეროპორტებში. 2017 წელს ამოქმედდა ამბროლაურის აეროპორტი და ამ დრომდე მისი სერვისით 1 723 ადამიანმა ისარგებლა.

2017

წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 144 626 გადაფრენა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.6%-ით აღემატება.

  ცხრილი 1:

მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა საქართველოს აეროპორტებში, 2016-2017 წლები (ათასი კაცი, %)

მგზავრები
აეროპორტები 2016 2017 ცვლილება ცვლილება %
სულ 2 840 469 4 073 959 1 233 490 43%
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 252 535 3 164 139 911 604 40%
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 312 357 495 668 183 311 59%
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 271 363 405 173 133 810 49%
მესტიის თამარ მეფის აეროპორტი 4 214 7 256 3 042 72%
ამბროლაურის აეროპორტი 0 1 723 1 723
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

საზღვრის კვეთის სტატისტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ტურისტისა და ვიზიტორის ცნება. ვიზიტორად საქართველოში შემოსული ყველა უცხოელი მოგზაური მიიჩნევა, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე ნაკლები დროით ან ტრანზიტით იმყოფებოდნენ. ტურისტი კი ის საერთაშორისო ვიზიტორია, რომელმაც საქართველოში 24 საათი და მეტი გაატარა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს საზღვარი 7.55 მლნ ადამიანმა გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 18.8%-ით მეტია. აქედან, 24 საათით ან მეტით ქვეყანაში 3.5 მლნ ტურისტი შემოვიდა, რაც ვიზიტორების დაფიქსირებული ჯამური რაოდენობის 46%-ს შეადგენს. 2017 წელს ერთდღიანი ვიზიტით საქართველოში 2.39 მლნ, ხოლო ტრანზიტით 1.69 მლნ ადამიანი შემოვიდა. საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2017 წელს სომხეთიდან განხორციელდა (1.71 მლნ). სომხეთს აზერბაიჯანი (1.69 მლნ), რუსეთი (1.39 მლნ), თურქეთი (1.25 მლნ) და ირანი (322 ათასი) მოსდევენ. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების სტატისტიკა უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ყოველწლიურად მზარდია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2006-2016 წლებში ვიზიტორების ზრდის დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილს ბელარუსიისა და ბუტანის შემდეგ იკავებს.

გრაფიკი 1:

საქართველოში შემოსული ვიზიტორების სტატისტიკა, 2012-2017 წლები (მლნ კაცი, %)

Capturegf

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორების რაოდენობასთან ერთად მუდმივად იზრდება ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2.17 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლების სრული პერიოდის მაჩვენებლებსაც კი აღემატება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი