"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განმუხურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ემზარ ახალაიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა,

რომ სოფელ განმუხურში 4 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ფაქტობრივად შეჩერებულია.  მისი თქმით, განმუხურში არ არის გზა, შეჩერებულია გაზიფიცირების პროცესი, არ არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მოუწესრიგებელია სტადიონი, დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია, კანალიზაციის მილები ლპება. "რა გააკეთეთ რომ ვიცოდე, მეც დაგიკრავდით სხვებთან ერთად  ტაშს", - ამ სიტყვებით დეპუტატმა სხდომაზე ზუგდიდის რაიონის გამგებელს, ედიშერ თოლორაიას მიმართა, რომელიც ამჟამად ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია "ქართული ოცნებიდან".

ფაქტ-მეტრმა საკრებულოს წევრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის

 ანალიზიდან ირკვევა, რომ სოფელ განმუხურში გაზიფიცირებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები არ განხორციელებულა. არ არის დასრულებული დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირება. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არც სანაპირო ზოლზე განხორციელებულა.

წერილში მითითებულია, რომ განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში 3.7 კმ გაზსადენია გაყვანილი და გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წლისთვის დასრულება. შიდა გზების რეაბილიტაციაზე ტენდერია გამოცხადებული. ხოლო, რაც შეეხება ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესს, განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან მიეწოდება და საქართველოს ენერგოსისტემაში ჩასართავად ეტაპობრივი გადასვლა მიმდინარეობს.

საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით გამგეობაში აღნიშნეს, რომ დაქსელვა დასრულებულია, თუმცა მოწოდებული ენერგიის დაბალი ძაბვის გამო გადამქაჩი სადგურები ვერ მუშაობენ. სოფელ განმუხურში ასევე არის ორი სტადიონი, ერთი მინი საფეხბურთო და ერთიც ფრენბურთის, ასევე ჩოგბურთის ორი კორტი, რომელთაც ყოველწლიურად სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. სოფლის ცენტრში მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია კი არ განხორციელებულა.

დასკვნა

განმუხურში 2013 წლიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოები ძირითადად არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად გატარებულ მიმდინარე ხასიათის ღონისძიებებს (სანიაღვრე არხების ამოწმენდა, ბაღში სველი წერტილის მოწყობა, ადმინისტრაციული შენობის რემონტი, შიდა გზების მოხრეშვა) მოიცავს. არ არის დასრულებული გაზიფიცირების პროცესი და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ხიდი, რომელიც დაზიანებულია და საშიშროებას ქმნის, ამ დრომდე რეაბილიტირებული არ არის. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები ჯერჯერობით მოუგვარებელი რჩება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ემზარ ახალაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი