შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამავე გამგეობის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორის კომპანიამ გაიმარჯვა. სააგენტოს ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიო“ სოფელ ხელთუბანში სასმელი წყლის ჭაბურღილს გააკეთებს. ეს გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ ერთხმად მიიღო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს ვერ ხედავენ. გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება 21 ივნისს გაფორმდა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

შპს „გიო“, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში 25 420 ლარიანი ტენდერი მოიგო, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასმელი წყლებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურის“ უფროსს ეკუთვნის. ბონდო მარუაშვილი ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის წესდების მიხედვით,

ამ სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მიზანს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების რეგულირება და ექსპლუატაცია წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან

 ირკვევა, რომ გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ეს ა(ა)იპ-ის დირექტორის კომპანიის პირველი მოგება არ არის. შპს „გიო“ 1995 წლის ნოემბერშია რეგისტრირებული და მისი შემოსავლები გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან, წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

ცხრილი 1: 

შპს „გიოს“ შემოსავლები გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან

2010 წლიდან - 2012 წლის ოქტომბრამდე 2012 წლის ნოემბრიდან - 2014 წლის აგვისტომდე 2014 წლის აგვისტოდან - 2017 წლის 1 ივლისამდე
189 692.3 ლარი 0 ლარი 93 874.8 ლარი

როგორც ვხედავთ, შპს „გიო“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისევ აქტიურდება. სწორედ ამ პერიოდიდან იკავებს მისი მფლობელი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასმელი წყლებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობას. რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდს, შპს „გიოს“ აქტიურობას ადამიანის უფლებათა ცენტრი (www.humanrights.ge) მაშინ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზვიად ხმალაძესთან ბონდო მარუაშვილის ახლო მეგობრობით ხსნიდა. მუნიციპალიტეტის გამგეობაზე დაქვემდებარებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელი საჯარო მოხელედ არ ითვლება, შესაბამისად, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოყვანა ასეთ სიტუაციაში შეუსაბამოა. თუმცა, აღნიშნული ა(ა)იპ ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად საბიუჯეტო ორგანიზაციას წარმოადგენს. ამდენად, მასზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ კანონი ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად ითვლება. ასევე, საგადასახადო კოდექსი

 განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლებზეც შესაძლოა "ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ" კანონი გავრცელდეს. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში წერია, რომ დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ბონდო მარუაშვილი კი გამგეობის ა(ა)იპ-შიც წყალგაყვანილობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ამავე პროფილის კერძო კომპანიის 100%-იანი წლის მესაკუთრეც. ბუნებრივია, მისი შემხებლობა წყალგაყვანილობის სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ ტენდერზე აშკარად იკვეთება.

საკითხში უკეთ გასარკვევად ფაქტ-მეტრი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისს დაუკავშირდა. იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს ცალკე შპს-ში 100%-იანი წლის ფლობა არ ეკრძალება, თუმცა, როცა პიროვნება სახელმწიფო სამსახურშიც და კერძო კომპანიაშიც ერთი და იგივე სფეროს კურირებს და ზემდგომი ორგანოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მისი დაფუძნებული შპს იმარჯვებს, აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი. მისივე განმარტებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და საგადასახადო კოდექსის

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ე, ვ, ზ ქვეპუნქტების თანახმად ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობას:

  • ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;
  • ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;
  • ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს.

ქეთი ბებიაშვილის გაცხადებით, საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და საბოლოო ოფიციალური შეფასებაც მან უნდა დააფიქსიროს.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბონდო მარუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაზე დაქვემდებარებულ სამსახურში მუშაობა 2014 წლიდან დაიწყო. პარალელურად, ის შპს "გიოს" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მესაკუთრეა. საჯარო სექტორში დასაქმებული პირის კომპანია თვითმმართველი გორის თემის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს წელიწადში ერთხელ იგებს, საიდანაც 2014-2017 წლებში სულ 93 874.8 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, კვლევამ აჩვენა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო კოდექსის მუხლების შესაძლო დარღვევას, რადგან ბონდო მარუაშვილი გამგეობის ა(ა)იპ-შიც წყალგაყვანილობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელია და ამავე სფეროში კერძო კომპანიის 100%-იანი წლის მესაკუთრეც. ამდენად, მისი შემხებლობა წყალგაყვანილობის სამუშაოების შესასრულებლად გამოცხადებულ ტენდერზე ნამდვილად იკვეთება. თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო დასკვნის გამოტანა შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი