საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს, მთავრობის მიერ "ქამრების შემოჭერის" დაპირების ფონზე, შრომის ანაზღაურების ზრდა გახლავთ. მისი განცხადებით: "2016 წლის ბიუჯეტში, ხარჯები შრომის ანაზღაურებაზე გაზრდილია 57 მილიონი ლარით".

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, "ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბიუროკრატიის შენახვის ხარჯები თითქოს 64 მლნ ლარით იზრდება. ეს არის არასწორი ინტერპრეტირება. შსს-ს ნამდვილად ემატება 64 მლნ ლარი, ეს არის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაფინანსება. აქამდე აღნიშნული დაფინანსება მუნიციპალიტეტებიდან გაიცემოდა. ნაერთ ბიუჯეტში არაფერი იცვლება. აღნიშნული სამსახური გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება მისი დაფინანსება".

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლებშია გაწერილი. აღნიშნული მუხლები წმინდა ბიუროკრატიული ხარჯების (აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის) გარდა, მოიცავს როგორც პოლიციელების, ჯარისკაცების, მოსამართლეების და ა.შ. ხელფასებს, ისე მათი ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შეძენას.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლი დაახლოებით 57.2 მლნ ლარით, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლი დაახლოებით 68.3 მლნ ლარით იზრდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სამსახურებში მომუშავეთა რაოდენობა 610 ადამიანით მცირდება. 2016 წელს (ბიუჯეტის პროექტი) 2012 წლის შესრულების მაჩვენებელთან შედარებით შრომის ანაზღაურება 389 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლი 52 მლნ ლარით არის შემცირებული. შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში 2012 წელთან შედარებით სამთავრობო ხარჯები 337 მლნ ლარით გაიზარდა.

2015 წელს სახანძრო-სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასაფინანსებლად მიმდინარე წელს შსს-ს 20 მლნ ლარი (ამაში არ შედიოდა შრომის ანაზღაურება) გამოეყო. 2016 წელს 2015 წელთან შედარებით შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 44 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. აღნიშნული თანხა ამ სამსახურში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, რომელსაც 2016 წლამდე მუნიციპალიტეტები გასცემდნენ და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში არ აისახებოდა. ამდენად, აღნიშნული სამსახურის შენახვის ხარჯი არ იზრდება და მხოლოდ დაფინანსების წყარო შეიცვალა.

ჩვენ ასევე ის უწყებები მოვიძიეთ, რომელთა შრომის ანაზღაურებაც 2016 წელს იზრდება. მომავალ წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შრომის ანაზღაურების ზრდა დაახლოებით 19.7 მლნ ლარით იგეგმება, რაც საპარლამენტო არჩევნებისათვის საჭირო ღონისძიებებითაა გამოწვეული. 2016 წელს შრომის ანაზღაურება განათლების სამინისტროში 1.2 მლნ ლარით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 0.5 მლნ ლარით იზრდება. ასევე, 320 ათასით იზრდება სახალხო დამცველის აპარატის შრომის ანაზღაურება.

რაც შეეხება ნაერთ ბიუჯეტს, ეს არის სახელმწიფო, ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტში გადმოტანით, ნაერთ ბიუჯეტში ცვლილება არ აისახება. თუმცა, 2016 წელს ნაერთ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლი 88.7 მლნ ლარით იზრდება. შესაბამისად მტკიცება, რომ ნაერთ ბიუჯეტში არაფერი იცვლება, მცდარია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წმინდა ბიუროკრატიული ხარჯები არის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები (თავი III, 7.1.1). აღნიშნული მუხლი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში (პროექტი) წინა წელთან შედარებით 304 ათასი ლარით მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიის შენახვის ხარჯი მცირდება, ეს აუცილებლად შრომის ანაზღაურების (ხელფასების, პრემიების, დანამატების) შემცირებას არ ნიშნავს და შესაძლოა სხვა სახის ხარჯები მცირდებოდეს.

ჩვენ ასევე გადავამოწმეთ, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების რა ნაწილი იხარჯება ადმინისტრაციულ ხარჯებზე. 2014-2016 წლებში სამთავრობო ხარჯები მთლიანი ხარჯების დაახლოებით 29%-ია. ეს მაჩვენებელი წინა წლებში უფრო მაღალი იყო (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: ადმინისტრაციული ხარჯები მთლიან ხარჯებთან მიმართებით (2011-2016 წლებში)

image001

დასკვნა

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში (პროექტი) წინა წელთან შედარებით სამთავრობო ხარჯები დაახლოებით 125.5 მლნ ლარით იზრდება. აქედან, შრომის ანაზღაურება 57.2 მლნ ლარით იზრდება. აქვე განვმარტავთ, რომ მომავალ წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობის 610 ადამიანით შემცირებაა დაგეგმილი. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების მუხლი 389 მლნ ლარით, ხოლო მთლიანი სამთავრობო ხარჯები 337 მლნ ლარით გაიზარდა.

2016 წელს შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა უმეტესწილად სახანძრო-სამაშველო სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლამ განაპირობა. 2016 წელს სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების დაფინანსება სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელდება, რომლისთვისაც 44 მლნ ლარია განსაზღვრული. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ნაერთ ბიუჯეტში არაფერი იცვლება, 2016 წლის ნაერთ ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლი 88.7 მლნ ლარით იზრდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებთან მიმართებით შემცირებულია. 2012 წელს ადმინისტრაციის დაფინანსებაზე მთლიანი ხარჯების 32% მოდიოდა, ხოლო 2014-2016 წლებში კი - 29%.

მართალია, მიხეილ მაჭავარიანი სწორად ასახელებს რიცხვს, თუმცა მან არ განმარტა მიზეზი, რამაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მუხლის უმეტესწილად ზრდა გამოიწვია. ამასთან, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებთან მიმართებაში არ იზრდება. შესაბამისად, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა მინისტრი სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაფინანსების ცვლილებასთან დაკავშირებით სწორად მიუთითებს, შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა მხოლოდ სახანძრო-სამაშველო სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლით არ არის გამოწვეული. 2016 წელს მთლიანობაში (ნაერთი ბიუჯეტი) შრომის ანაზღაურების 88.7 მლნ ლარით ზრდაა დაგეგმილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წელიწადში ადმინისტრაციული ხარჯები მთლიანი ხარჯების მიმართ 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი