საცობების პრობლემა თბილისში გადაადგილებისას მოქალაქეებს დიდ დისკომფორტს უქმნის. ბოლო დროს თბილისში საცობების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით გაუსაძლისია გადაადგილება დილის 9-11 და საღამოს 6-9 საათებში.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი თბილისში საცობების მთავარ მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობას, შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალების (ველოსიპედის) ნაკლებად პოპულარობას მიიჩნევს.

„თბილისში არის 700 000 პოტენციური მგზავრი, მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობა კი 500-ია. თუნდაც ეს რიცხვები ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის საკმარისი თბილისში მგზავრთა ნაკადის დასაკმაყოფილებლად.

ამას ემატება თბილისში მანქანების გაზრდილი რაოდენობა, მაგრამ მერია რომ ფეხს უწყობდეს მანქანების მატებასა და შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებდეს, ასეთი ვითარება არ იქნებოდა. მაგალითად, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რკინიგზის ადგილას ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უნდა მოწყობილიყო, რაც ქალაქს მანქანებისგან დაახლოებით 35%-ით განტვირთავდა“, - დასძინა მან.

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ადგილი სააკაძის მოედანია. რამდენიმე თვის წინ მერიამ აღნიშნული მონაკვეთის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნები დაამონტაჟა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში მერიამ დედაქალაქის საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია (A+S ConsultGmbH Forschung und Entwicklung) დაიქირავა. კომპანიამ საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟება.

გერმანული საკონსულტაციო ფირმის მიერ მომზადებულ დასკვნაში მერიამ 40 000 ევრო (109 545 ლარი) გადაიხადა. მთლიანად სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია (შუქნიშნების დამონტაჟება, ბორდიურების მოწყობა, ვიდეოკამერების დამონტაჟება და ა.შ.) კი 407 825 ლარი დაჯდა.

დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაძის მოედანზე დამონტაჟებულმა შუქნიშნებმა არათუ განტვირთა მოძრაობა, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც კი შექმნა პრობლემები.

„არსად ევროპაში წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნები არ არის. როდესაც ავტომობილი წრიულ მოძრაობაზე შედის, საგზაო მოძრაობა ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ ერთმანეთი არ გადაკვეთონ. აქ უნდა მოწყობილიყო ესტაკადა. დამონტაჟებულმა შუქნიშნებმა კი, პირიქით, მიმდებარე ქუჩების გადატვირთვა გამოიწვია. შეიძლება ითქვას, რომ სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციამ შედეგი ვერ გამოიღო და ამ ტერიტორიაზე მოძრაობა გააუარესა“, - აღნიშნა მან.

მძღოლების დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ სააკაძის მოედანზე დამონტაჟებულმა შუქნიშნებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობების პრობლემა ვერ გადაჭრა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიამ საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გამართა. დედაქალაქის მერმა დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს ქალაქის საცობისგან განტვირთვის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები წარუდგინა, რის შემდეგაც, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ დამსწრე საზოგადოებას არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე, საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის 5-პუნქტიანი სქემის მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ცნობიერების ამაღლება.

რამდენად გადაჭრის დედაქალაქში საცობების პრობლემას მერიის მიერ წარმოდგენილი სტრატეგია, მომავალში გახდება ცნობილი. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არსებული 1 050 000 მანქანიდან დაახლოებით 40%-50% დედაქალაქში მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ყველა მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს, ეს არც ისე მარტივი ამოცანაა. დედაქალაქში მანქანების რიცხვის ზრდის ტენდენციაა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა კი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი