მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ბელორუსულმა ელექტრონულმა გაზეთმა "Ежедневник", რუსულ საინფორმაციო სააგენტო "Eurasia Daily"-ზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისთვის დაწესებული კონტრსანქციების შედეგებს (იხ. ბმული1, ბმული2)

ეხება. სტატიაში აღნიშნულია, რომ "სანქციების ომის" შედეგად საქართველო მოგებული დარჩა, ვინაიდან ქართული ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში 18 800%-ითაა გაზრდილი.

მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტე გადაამოწმა.

სტატიებში მითითებულია, რომ ინფორმაციის პირველწყაროს კერძო ანალიტიკური კომპანია "Stratfor"-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა წარმოადგენს. ინფორმაცია ფრაგმენტებადაა მოყვანილი და იქმნება შთაბეჭდილება თითქოს საუბარი ეხება მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. წყაროს ორიგინალში კი, მითითებულია, რომ საუბარი ეხება არა მიმდინარე წლის მონაცემებს, არამედ 2013-2014 წლების წლიურ მაჩვენებლებს შორის სხვაობას. სტატისტიკური ინფორმაციის წყაროდ "Stratforსაერთაშორისო სავაჭრო ცენტრს უთითებს. აღნიშნული წყაროს მიხედვით, 2013 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან იმპორტირებული ბოსტნეულის ჯამურმა ღირებულებამ მხოლოდ 1 000 აშშ დოლარი, 2014 წელს კი - 189 ათასი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში ზრდა ნამდვილად 18 800%-ს უტოლდება, თუმცა ამავე წყაროს მიხედვით, ოდნავ განსხვავებულია რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან ექსპორტირებული ბოსტნეულის მოცულობა

 და 2014 წელს მან 148 ათას დოლარი შეადგინა, 2013 წელს კი ეს მონაცემი ნულის ტოლი იყო.

გრაფიკი 1:

ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში, 2014 წელი (აშშ  დოლარი)

image001 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით (იხ. ბმული), 2014

წელს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტზე 217.6 ტონა ბოსტნეული (ჯამური ღირებულებით 144.8 ათასი აშშ დოლარი) გავიდა. მაჩვენებლის დინამიკა მოცემულია გრაფიკ 1-ზე. 2013 წელს კი, 2 268 დოლარის ღირებულების 2 520 კგ ბოსტნეულის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, ექსპორტირებული ბოსტნეულის ოდენობა, ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით 8 537%-ით გაიზარდა, ჯამური ღირებულების ზრდამ კი 6 283% შეადგინა.

როგორც ჩანს, მონაცემები იდენტური წყაროს შემთხვევაშიც კი იმის მიხედვით განსხვავდება, ის ექსპორტიორის კუთხითაა განხილული თუ იმპორტიორის, მით უმეტეს მონაცემები განსხვავდება სხვადასხვა წყაროს შემთხვევაში. აღნიშნული შეუსაბამობის (სტატისტიკური სხვაობა/ statistical discrepancy) არსებობა საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებისთვის დამახასიათებელია. მონაცემებში განსხვავების არსებობას ინფორმაციის შეგროვებისას დაშვებული სხვადასხვა ცდომილება იწვევს, მაგალითად, აღრიცხვის განსხვავებული მეთოდოლოგია მოვაჭრე ქვეყნებში, შუამავლების არსებობის პირობებში ექსპორტიორის იდენტიფიცირების სირთულე და ა.შ. მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, მოცემულ შემთხვევაში ზოგადი ტენდენცია ნათელია. სამივე ალტერნატივის პირობებში სახეზეა მნიშვნელოვანი ზრდა.

ორიგინალი სტატია ქართული ექსპორტის ზრდის მიზეზებზე არ საუბრობს და ავტორი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების მოყვანით შემოიფარგლა. პირველწყაროს საფუძველზე მომზადებულ სტატიებში კი, დაფიქსირებული ზრდა რუსეთის მიერ დასავლეთისთვის დაწესებული კონტრსანქციების კონტექსტშია განხილული, საქართველო კი მოხსენიებულია ქვეყნად, რომელიც "სანქციების ომის" შედეგად მოგებული დარჩა. აღნიშნული შეფასება ცალსახად არასწორია. მსგავსი დადებითი ეფექტი შესაძლოა სანქცირებული ქვეყნებიდან იმპორტის ქართული ექსპორტით ჩანაცვლებით იყოს გამოწვეული, თუმცა აუცილებელია მიეთითოს, რომ 2014 წლის ივლისის ჩათვლით, დროის მოცემულ მონაკვეთში რუსული კონტრსანქციების არარსებობის მიუხედავად, რუსეთში ექსპორტირებული ქართული ბოსტნეულის ოდენობა და ღირებულება უკვე გაზრდილი იყო შესაბამისად - 7 743% და 5 603%-ით (რუსეთში 2014 წელს ჯამში ექსპორტირებული ბოსტნეულის ოდენობის 91% და ღირებულების 89%). 2014 წლის მეორე ნახევარში (რუსული კონტრსანქციების შემდგომ) კი, მხოლოდ 15 ათასი დოლარის ღირებულების 20 ტონა ბოსტნეულის ექსპორტი განხორციელდა. ამდენად, ნახტომისებური ზრდის მთავარი მიზეზი არა რუსეთის მიერ 2014 წლის მეორე ნახევარში დასავლეთის ქვეყნებისთვის დაწესებული კონტრსანქციების პოზიტიური გარე ეფექტი, არამედ საქართველოსთვის 2006 წელს დაწესებული სანქციების გაუქმებაა, რომელიც მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე 2014 წლის 26 მაისიდან ოფიციალურად მოიხსნა.

დასკვნა "Stratfor"-მა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნებულ კვლევაში, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელს (2013 წელთან შედარებით) რუსეთში იმპორტირებული ქართული ბოსტნეულის ოდენობის განსაკუთრებით მაღალი ტემპით (18 800%) ზრდაზე დაწერა. გამოცემა ცვლილების მიზეზებს არ ჩაღრმავებია. ეს ინფორმაცია შემდგომში "Eurasia Daily"-მ, მასზე დაყრდნობით კი "Ежедневник"-

მა გაავრცელეს და პირველწყაროს ინტერპრეტირებისას აღნიშნული ცვლილება რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისთვის 2014 წლის აგვისტოში დაწესებული კონტრსანქციების დადებით გარე ეფექტად წარმოაჩინეს.

რაც შეეხება დაფიქსირებულ ექსპორტის ზრდას, ხსენებული მაჩვენებელი ნებისმიერი ალტერნატიული წყაროს შემთხვევაში უჩვეულოდ მაღალია, თუმცა ის დასავლეთის ქვეყნებისთვის დაწესებულ კონტრსანქციებთან კავშირში არ არის, ვინაიდან, ბოსტნეულის ექსპორტის 91% (ღირებულების 89%) 2014 წლის ივლისის ჩათვლით, რუსული კონტრსანქციების ამოქმედებამდე განხორციელდა. აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით კი, ჯამურმა ექსპორტმა მხოლოდ 15 ათასი დოლარის ღირებულების 20 ტონა ბოსტნეული შეადგინა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაჩვენებლის ზრდის მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოსთვის 2006 წელს დაწესებული შეზღუდვების 2014 წლის დასაწყისიდან შერბილებით, მაისის ბოლოდან კი ოფიციალურად გაუქმებით წარმოშობილი საბაზო ეფექტია და არა სტატიებში მითითებული "სანქციების ომით" გამოწვეული ცვლილებები.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი