ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა: "ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ - ევროპულ დემოკრატიაში არ არსებობს სამ თვეზე მეტი წინასაარჩევნო პერიოდი. ერთადერთი, რამდენადაც მახსოვს, ბელგიაშია სამი თვე წინასაარჩევნო პერიოდი და გაცილებით უფრო ნაკლებია სხვა ევროპულ ქვეყნებში. წინასაარჩევნო პერიოდის დაწყება 5-6 თვით ადრე დამაზიანებელია როგორც ბიუჯეტის, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით".

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაანონსებამდე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, 5 აპრილს, პრეზიდენტმა საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ აუწყა. ასევე, მან განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია 8 აგვისტოდან დაიწყებოდა. წინასაარჩევნო კამპანიის 8 აგვისტოს დაწყების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ გაურკვევლობა წარმოშვა, რადგან კამპანიის დაწყების თარიღის ამგვარად განსაზღვრა საარჩევნო კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება. შესაბამისად, პრემიერის მიერ პრეზიდენტის ამ განკარგულების კონტრასიგნაციის შემთხვევაში, საარჩევნო კამპანია აპრილის თვიდან, არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე დაიწყებოდა. საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

სწორედ ამ ბუნდოვანი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომ საარჩევნო კამპანია სამ თვეზე ხანგრძლივი არ უნდა ყოფილიყო.

ფაქტ-მეტრმა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ჩატარებული ბოლო არჩევნები და მათი წინასაარჩევნო კამპანიის (ოფიციალური) დაწყების თარიღები გადაამოწმა. როგორც გაირკვა, ორ ქვეყანაში - ბელგიასა და კვიპროსში წინასაარჩევნო კამპანია სტარტს არჩევნებამდე სამი თვით ადრე იღებს, სლოვაკეთის და ლატვიის შემთხვევაში 4 თვით ადრე, ხოლო ლიტვის შემთხვევაში ექვსი თვით ადრე. ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში კი წინასაარჩევნო კამპანია ზოგ შემთხვევაში მოიცავს ორ თვეს (იტალია, მალტა, პოლონეთი), ან მასზე ნაკლებ პერიოდს (ესტონეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი), ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ერთ თვეს (ავსტრია, ბულგარეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, რუმინეთი, სლოვენია, შვედეთი), ან ორ-სამ კვირასაც (ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია). 10

მაისს პრეზიდენტმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება 8 ივნისს დააანონსა. შესაბამისად, კამპანია ოთხ თვეს გასტანს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

დასკვნა ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან, ორ ქვეყანაში - ბელგიასა და კვიპროსში წინასაარჩევნო კამპანია სტარტს არჩევნებამდე სამი თვით ადრე იღებს, სლოვაკეთის და ლატვიის შემთხვევაში 4 თვით ადრე, ხოლო ლიტვის შემთხვევაში კი ექვსი თვით ადრე. დანარჩენ ქვეყნებში (ოფიციალური) 

წინასაარჩევნო კამპანია ორ თვეს ან უფრო ნაკლებ პერიოდს მოიცავს.

შესაბამისად, გიორგი ვოლსკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი