აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ განაცხადა:

„2013 წლიდან სახელმწიფო მხარს უჭერს კოოპერატივების პროგრამას. მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ვხელმძღვანელობდი გაერო-ს პროგრამას აჭარაში და 77 კოოპერატივი გვყავს დაფინანსებული იმ პერიოდში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში. ამას დავამატოთ დაახლოებით იგივე რაოდენობა სახელმწიფო პროგრამის... აჭარაში სულ რეგისტრირებულია 150-მდე კოოპერატივი“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აჭარის ა/რ ტერიტორიაზე კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები ხორციელდება დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და რესპუბლიკური ბიუჯეტების მხარდაჭერით. 2013-2016 წლებში, ENPARD აჭარის პირველი ფაზის ფარგლებში მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც, ევროკავშირისა და აჭარის ბიუჯეტის დახმარებით, UNDP-ის აჭარის წარმომადგენლობა ახორციელებდა. ამ პროგრამაში ჩართული იყო 77 კოოპერატივი.   ცხრილი 1:

ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული კოოპერატივების სექტორები და დაფინანსება (ლარი)

სექტორი მეურნეობების რაოდენობა დახმარების სახე ევროკავშირის გრანტის ოდენობა
მეფუტკრეობა         22 850 სკა ოჯახით, ფიჭის საწარმოო დანადგარი, მინიტრაქტორი, სხვა აღჭურვილობა 359 100
სასათბურე         14 5 200 კვმ სათბურის მოწყობა, 4 სავენტილაციო დანადგარი, 1 წვეთოვანი სარწყავი 351 500
მეღვინეობა          8 7 მინი საწარმო, 1 ელსაწნეხი 218 000
თხილი          8 2 მოტობლოკი, 3 სარჩევი დანადგარი, 3 მინიტრაქტორი, 2 შესაწამლი აპარატი, 14,4 ჰა ნაკვეთზე გაშენება 178 500
მოცვი          5 6 000 კვმ ფართობზე გაშენება, ნერგები, 1 გასარეცხი და დამხარისხებელი დანადგარი 62 300
საკალმახე          4 3 სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, 4 საქვირითე ინკუბატორი 97 300
მეცხოველეობა          3 2 ჰიდროპონიკის კონტეინერი, 1 ყველის გადამამუშავებელი დანადგარი 142 000
მეფრინველეობა          2 3 ინკუბატორი   8 000
ციტრუსი          2 1 დამხარისხებელი აპარატი, 5,5 ჰა გაშენება 82 700
მარწყვი          2 ნერგები  56 200
ყურძნის წარმოება          2 1 მოტობლოკი, 1 750 ნერგი  30 100
წიწაკა          2 1 მინიტრაქტორი, 0,8 ჰა გაშნება  27 400
კარტოფილი          1 4,3 ჰა გაშენება  54 200
პომიდორი          1 0,8 ჰა გაშენება  9 600
თივა          1 1 დანადგარი  23 100
სულ        77 1 700 000
წყარო: აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 

რაც შეეხება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის მიერ განხორციელებული პროგრამები და ქვეპროგრამები მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ისე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სხვა პროგრამებსაც. 2014 წელს ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა, რომელშიც 11 კოოპერატივი ჩაერთო.   ცხრილი 2:

ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარება და გამოყოფილი თანხები (ლარი)

სექტორი კოოპერატივების რაოდენობა მიწის საერთო ფართობი (ჰა) ნერგების რაოდენობა (ცალი) დახმარების სახეები ღირებულება
ვენახი      4          2      5 000 ნერგები, მინერალური და ორგანული სასუქი, შპალერისა და ეკალმავთული, მიწის დამუშავება 27 514
კაკალი     5          2       700 ნერგები, მინერალური და ორგანული სასუქი, ეკალმავთული, მიწის დამუშავება 14 618
მოცვი     2          1      3 300 ნერგები, მინერალური სასუქი, ეკალმავთული, სარწყავი სისტემები, მიწის დამუშავება 28 927

აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელებაზე ჯამში 71 060 ლარი დაიხარჯა. აჭარის ა/რ  2017 წლის ბიუჯეტში, ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ ქვეპროგრამებით, გათვალისწინებულია ადგილობრივი პროდუქციის რეალიზების, სასათბურე მეურნეობების განვითარების, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება, ჯამში 6 828 081 ლარით, საიდანაც, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის

თანახმად, 713 575 ლარი უკვე გახარჯულია. ქვეპროგრამებისთვის ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ენიჭება. ასევე, 2017 წლის 20 მარტიდან UNDP-ის აჭარის წარმომადგენლობამ განახორციელა კოოპერატივების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამა 200 000 ლარის ფარგლებში, რომელიც აჭარის მთავრობამ დააფინანსა.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ამჟამად აჭარაში 153 კოოპერატივი ფუნქციონირებს.

  დასკვნა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, 77 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა, რისთვისაც სხვადასხვა პროგრამასა და ქვეპროგრამაზე 1 700 000 ლარი დაიხარჯა. ასევე, რესპუბლიკური ბიუჯეტის  მხარდაჭერით, დაახლოებით 1 130 000 ლარის ფარგლებში სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდა. დღეისთვის აჭარის რეგიონში 153 კოოპერატივი ფუნქციონირებს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლაშა კომახიძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი