მიმდინარე წლის 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, ტარიელ ლონდარიძემ, განაცხადა: „რაც შეეხება ვეტერანებს, მინდა გითხრათ, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი წინა წლებში გადმოყვანილ იქნა ჯანდაცვის სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა... ახლა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს სისტემა დაუბრუნდა მთავრობას. უკვე რამდენიმე თვეა გასული და არაფერი გაკეთებულა. დღეს-დღეობით ხალხიც კი არ არის დანიშნული... ადამიანები 500 ლარიანი დახმარების მისაღებად დღემდე დადიან კარდაკარ და ვერ გაუგიათ ვისთან უნდა მივიდნენ...“

ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტე გადაამოწმა.

2014 წლის 23 იანვრის საქართველოს მთავრობის N102 დადგენილების საფუძველზე, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ცალკე ერთეულ სტრუქტურად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა.

პრემიერ-მინისტრის N40 ბრძანების თანახმად, 2014 წლის 14 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად, გიორგი ფერაძე დაინიშნა. თუმცა, ამ ეტაპზე (11 მარტის მდგომარეობით), როგორც თავდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, სხვა არცერთი კადრი არ არის დანიშნული. ასევე, არ არიან მოვალეობის შემსრულებლები. აღნიშნულ სამსახურს ჯერ-ჯერობით არ აქვს ვებ-გვერდი და ა.შ.

საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარეტამენტი 1997 წელს საქართველო პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა და ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედ სამთავრობო დაწესებულებას წარმოადგენდა. 2004 წელს, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად იქნა რეორგანიზებული. 2004 წელს, აღნიშნული დეპარტამენტი, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მმართველობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა. 2011 წელს კი იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, ასევე, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, 500 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნათ. აღნიშნული კანონის თანახმად, კომპენსაცია პროპორციული განაწილების წესით  გარდაცვლილის ოჯახის შემდეგ წევრებს ენიშნებათ: მშობლები, მეუღლეები, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილები.

სახელმწიფო კომპენსაციას სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო გასცემს. შესაბამისად, მოქალაქეებმა, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან, კომპენსაციის მისაღებად სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს [ნებისმიერ ფილიალს] უნდა მიმართონ. განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, კომპენსაცია მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ინიშნება. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მისაღებად, ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობაა. ეს უკანასკნელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაიცემოდა, ამჟამად კი ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა უნდა გასცეს.

ჩვენ თავდაცვის სამინისტროს როგორც რიგითი მოქალაქე დავუკავშირდით და დავინტერესდით, თუ სად შეგვეძლო კომპენსაციის მისაღებად ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის აღება. როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა განგვიცხადა, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობას ვეტერანთა საქმეების სამსახური გასცემს, მაგრამ მისი აღება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგანაც აღნიშნული სამსახური დროებით არ ფუნქციონირებს. გამომდინარე იქიდან, რომ ახლადშექმნილი სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ყოფილ ვეტერანთა დეპარტამენტის კანცელარიის წარმომადგენელს  დავუკავშირდით, რომელმაც ასევე დაგვიდასტურა, რომ  აღნიშნული სამსახური ჯერ-ჯერობით არ მუშაობს.

ფაქტ–მეტრი ასევე დაუკავშირდა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტსაც. მათი განმარტებით, სოციალური მომსახურეობის სააგენტომ აღნიშნულ კომპენსაციაზე განცხადებების მიღება 2014 წლის იანვრიდან დაიწყო და მათ, ვისაც შესაბამისი დოკუმენტაციები ჰქონდა წარდგენილი, 500 ლარიანი დახმარება დაენიშნათ. შესაბამისად, მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომპენსაციას მანამდე ვერ მიიღებენ, სანამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არ ამუშავდება.

დასკვნა

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი 2014 წლის 23 იანვრის საქართველოს მთავრობის N102 დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა. აღნიშნული სამსახური საქართველოს მთავრობას დაექვემდებარა, როგორც ამას დეპუტატი მიუთითებდა. ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი, 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა.

2014 წლის 14 თებერვალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად გიორგი ფერაძე დაინიშნა, თუმცა, ეს სამსახური ჯერ-ჯერობით კადრებით არ დაკომპლექტებულა, როგორც ეს ტარიელ ლონდარიძის განცხადებაშია აღნიშნული. დეპუტატის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური რამდენიმე თვეა რაც ჩამოყალიბდა. განცხადების ეს ნაწილი არაზუსტია, ვინაიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014 წლის 23 იანვარს შეიქმნა, დეპუტატმა კი განცხადება 21 თებერვალს გააკეთა.

რაც შეეხება სახელმწიფო კომპენსაციას, 2014 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, ისევე როგორც 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, 500 ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნათ. სახელმწიფო კომპენსაციას სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო გასცემს. ამ სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის განმარტებით, სოციალური მომსახურეობის სააგანტომ აღნიშნულ კომპენსაციაზე განცხადებების მიღება 2014 წლის იანვრიდან დაიწყო და მათ, ვისაც შესაბამისი დოკუმენტაციები წარდგენილი ჰქონდა, 500 ლარიანი დახმარება დაენიშნათ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპენსაციის მისაღებად, სოციალური მომსახურეობის სააგენტოში მოქალაქეებმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ. ამ ეტაპზე კი ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის აღება  შეუძლებელია, რადგანაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯერ-ჯერობით არ ფუნქციონირებს, რაც თავისთავად, შეუძლებელს ხდის კომპენსაციის მიღებას.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ტარიელ ლონდარიძის განცხადება: „ეს სისტემა [ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტი] დაუბრუნდა მთავრობას. უკვე რამდენიმე თვეა გასული და არაფერი გაკეთებულა, დღეს-დღეობით ხალხიც კი არ არის დანიშნული... ადამიანები 500 ლარიანი დახმარების მისაღებად დღემდე კარდაკარ დადიან და ვერ გაუგიათ ვისთან უნდა მივიდნენ...“, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი