თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის განცხადებით, 2016

წლის თებერვალ-მარტში, ერთკვირიან პერიოდში, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 7 ათასზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, მათ შორის, ათასამდე პირი 200 ლარით დაჯარიმდა. "ბოლო დროს თბილისში გავრცელდა ხმა, რომ პატრული აღარავის ინდობს, მე შევასწორებ ამ მოსაზრებას და ვიტყოდი, რომ კანონი არ ინდობს არავის" - განაცხადა ოგბაიძემ.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება. კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილით განსაზღვრული დგომა-გაჩერების წესების (მაგ. არასწორ ადგილზე პარკირება, ჯგუფური მოძრაობა და ა.შ.) დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 10-იდან 20 ლარამდე მერყეობს. იგივე დარღვევა, თუ მას საავარიო სიტუაციის ან სატრანსპორტო საცობის შექმნა მოჰყვა, 200 ლარით ისჯება. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული რეგულაცია უკვე მრავალი წელია მოქმედებს, თუმცა პრაქტიკაში მისი აქტიური გამოყენება არ ხდებოდა. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით,

საპატრულო პოლიციამ ბოლო პერიოდში ადმინისტრირება გაამკაცრა, რისი მიზეზიც გახშირებული სატრანსპორტო საცობის თავიდან აცილებაა.

ფაქტ-მეტრის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 1 ოქტომბრიდან - 2016 წლის 1 იანვრამდე საპატრულო პოლიციამ დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმა 366-ჯერ (თბილისი - 102 შემთხვევა), ხოლო 2016 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 1 მარტამდე 934-ჯერ (თბილისში 782-ჯერ) გამოიყენა.

ცხრილი 1:

დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები რეგიონების მიხედვით

რეგიონი პერიოდი 10 ლარიანი ჯარიმა თანხა (ლარი) 200 ლარიანი ჯარიმა თანხა (ლარი)
თბილისი 01/01/2016-01/03/2016 25 847 258 470 782 156 400
აჭარა 01/01/2016-01/03/2016 2 050 20 500 11 2 200
იმერეთი 01/01/2016-01/03/2016 11 314 113 140 31 6 200
სამეგრელო 01/01/2016-01/03/2016 2 338 23 380 8 1 600
შიდა ქართლი 01/01/2016-01/03/2016 2 557 25 570 21 4 200
ქვემო ქართლი 01/01/2016-01/03/2016 3 280 32 800 15 3 000
სამცხე -ჯავახეთი 01/01/2016-01/03/2016 1 423 14 230 11 2 200
მცხეთა-მთიანეთი 01/01/2016-01/03/2016 497 4 970 47 9 400
კახეთი 01/01/2016-01/03/2016 2 660 26 600 5 1 000
გურია 01/01/2016-01/03/2016 1 516 15 160 3 600

პატრულის მიერ დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის 200 ლარიანი ჯარიმების გამოწერას უარყოფითად აფასებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ორგანიზაცია "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" დირექტორი ვასილ ურუშაძე მიიჩნევს,

რომ პატრულის მიერ 200 ლარიანი ჯარიმების გამოწერა კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება, ვინაიდან დღემდე არ არსებობს სატრანსპორტო საცობის სამართლებრივი დეფინიცია. მისი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი საბიუჯეტო თანხების გაზრდაა.

საგზაო უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ორგანიზაცია - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა კანონმდებლობაში ცვლილებების გატარებასა და სამართალდარღვევების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნას მოითხოვს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დგომა-გაჩერების შესახებ დარღვევა კანონში მკაფიოდ იყოს გაწერილი და საპატრულო პოლიციის ინტერპრეტაციას ნაკლებად ეფუძნებოდეს.

თავად შალვა ოგბაიძე საპატრულო პოლიციის მიერ დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის გამკაცრებული სანქციების გამოწერას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მეთოდი გზებზე უსაფრთხოების გაზრდას და სატრანსპორტო საცობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

დასკვნა

საპატრულო პოლიციის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმების დაწესებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამავე უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე 200 ლარიანი ჯარიმების რიცხვმა 934 შეადგინა, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება წინა სამი თვის მონაცემებს. შალვა ოგბაიძის მიერ აღნიშნული ერთკვირიანი (2016 წლის 25 თებერვალი - 1 მარტი) პერიოდის გადამოწმება ზუსტად ვერ მოხერხდა, თუმცა მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება არსებულ მონაცემებთან ძირითადად თანხვედრაში მოდის.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, შალვა ოგბაიძის განცხადება არისსიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი