საქართველოს მუდმივად ეუბნებიან, რომ მას NATO-ს წევრობისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს. გასულ წელს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრისას ეს განცხადება კიდევ ერთხელ გაკეთდა. იენს სტოლტენბერგმა კვლავ აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებამ ევროპაში სტაბილურობასა და მშვიდობას შეუწყო ხელი და რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება NATO-ს წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს გადასაწყვეტია და არა - რუსეთის. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ სტოლტენბერგს არ აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება ვაშინგტონში, ბერლინში და სხვა დედაქალაქებში მიიღება.

დღეს იმ დროში გვიწევს ცხოვრება, რომელიც სავსეა უპრეცედენტო უსაფრთხოების გამოწვევებითა და გაურკვევლობით. ლიბერალური დემოკრატია სუსტდება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეთნიკური ნაციონალიზმი იკრებს ძალას. NATO-ს ევროპელ მოკავშირეებში შიში არსებობს, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი შესაძლოა შესუსტდეს. ამასთან, საქართველოშიც ჩნდება შიში, რომ დასავლეთი უკან დაიხევს რუსეთის „კუთვნილი გეოპოლიტიკური სივრციდან“, რომელშიც, სულ მცირე, რუსეთი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მოიაზრებს. უკანასკნელი განვითარებები აშშ-სა და ევროპაში, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიმართ პოლიტიკას ვგულისხმობთ, შეშფოთების საფუძველს იძლევა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა სტაბილურობა და მშვიდობა მოუტანა ევროპას. თუმცა, როგორც გასულ წელს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა: „საქართველოს NATO-საკენ სწრაფვის პროცესში გარკვეული შეფერხებები არსებობს, რაც შედეგია სხვადასხვა საერთაშორისო გამოწვევის, მათ შორის სირიისა და უკრაინის კრიზისების“. ქართველი კოლეგების დასამშვიდებლად ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციის ერთგული რჩება, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ „საქართველოს NATO-ს წევრობისკენ მიმავალი გზა უნდა განვიხილოთ უწყვეტ პროცესად, რომლის დროსაც ნდობის მშენებლობა მოხდება და დადგება შესაბამისი დრო საბოლოო ნაბიჯების გადასადგმელად“.

მოდით, გავიხსენოთ 2008 წლის ბუქარესტისა და 2016 წლის ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებები. ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია ამბობს, რომ საქართველო გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი და რომ საქართველოსთვის  NATO-სკენ მიმავალ გზაზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არის შემდეგი ნაბიჯი. 2008 წლის 10 აპრილის გამოცემაში ჟურნალი „ეკონომისტი“ წერდა, რომ „MAP-ის მინიჭების შესახებ კონკრეტული თარიღის დასახელების გარეშე პირობა (რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი) იმაზე ნაკლებს ნიშნავს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“. სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა. მართლაც, როგორც ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა ზატლერმა შენიშნა, სამოქმედო გეგმის არ არსებობა ამ მიმართულებით გარკვეულწილად უმოქმედობას  ნიშნავდა. ვარშავის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრები მუდმივად ხაზს უსვამენ NATO-ს ღია კარის პრინციპს და გულწრფელად აღიარებენ საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გაღებულ მსხვერპლს და წვლილს, ისინი მაინც თავს იკავებენ საქართველოსთვის აღნიშნული გეგმის მინიჭებისგან. ამასთან, ერთგვარი მახვილგონივრული მიდგომა, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გვერდის ავლით შეეძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაშინ როცა ნატოს წევრები ამაზე შეთანხმდებიან, დღემდე არ გამართლდა - უელსისა და ვარშავის სამიტებზე ამის აღიარება ვერ მოხერხდა. მთავარი მიზეზი, რის  გამოც არ ხდება MAP-ის მინიჭება საქართველოსთვის, ყოველთვის გულისხმობდა მოსაზრებას, რომ ეს ნაბიჯი გააბრაზებს და გააღიზიანებს რუსეთს. თუმცა, ეს მოსაზრება სწორედ რუსული პროპაგანდის დახვეწილი მანქანის და შანტაჟის ნაყოფია და საქართველო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მისი მსხვერპლია.

მსოფლიო არასდროს ყოფილა სრულყოფილი (მაგალითად, 2006 წელს ლონდონში ბრიტანეთის მოქალაქე ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით სასიკვდილოდ მოწამლეს). თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლამდე მსოფლიო შედარებით უკეთესი ადგილი იყო, ვიდრე მას შემდეგ. 2008 წელს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების დაბლოკვის შემდეგ, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, განახორციელა ყირიმის ანექსია და დღემდე აგრძელებს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთმა ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. მონტენეგროელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრ მილო ჯუკანოვიჩის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში, რომელიც პრემიერის მკვლელობას ისახავდა მიზნად, რუსეთის კვალი ფიქსირდება. რუსეთმა ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები სირიაში, გაახანგრძლივა ომი იქ და შედეგად, მივიღეთ ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღა, რომელმაც, თავის მხრივ, მიგრაციული კრიზისი გამოიწვია ევროპაში. რუსეთმა წამოიწყო დახვეწილი პროპაგანდისტული კამპანია დასავლეთის წინააღმდეგ და ევროპაში არსებულ სხვადასხვა მემარცხენე თუ მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებს აფინანსებს. რუსეთი აგრძელებს სხვა პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას და NATO-ს წევრი სახელმწიფოების საზღვაო თუ საჰაერო საზღვრებთან მანევრირებს. რუსეთმა ძირი გამოუთხარა შეიარაღებაზე კონტროლის მექანიზმს, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენდა.

ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა - ნუთუ მართლა გვჯერა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო საშიში გახდებოდა, თუკი საქართველო NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებდა? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პუტინი NATO-ს თავისთავად საფრთხედ არ აღიქვამდა. ერთხელ მან განაცხადა: „რთულია, წარმოიდგინო NATO როგორც მტერი”. მაშინაც კი, როდესაც ბალტიის ქვეყნები 2004 წლის გაზაფხულზე ალიანსის წევრები გახდნენ, პუტინმა აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან ურთიერთობები „პოზიტიურად“ ვითარდებოდა და რომ მას „არავითარი წუხილი არ გააჩნდა NATO-ს გაფართოების მიმართ“.

სიმართლე კი შემდეგია: რუსეთი ცდილობს „საშინაო არასტაბილურობის და პრობლემების კომპენსირებას საგარეო არენაზე აგრესიით“. პუტინი და კრემლი კვლავაც გააგრძელებს დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და, შესაბამისად, გააგრძელებს დასავლური დემოკრატიისა და საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის ძირის გამოთხრას, არა იმიტომ რომ საქართველო მიიღებს MAP-ს, არამედ იმის გამო, რომ დასავლური დემოკრატიები და პოლიტიკური მოდელები რუსეთში არსებული მმართველობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს ვაშინგტონში, ბერლინში და ევროპის სხვა დედაქალაქებში, რათა მათ თვალი გაუსწორონ სიმართლეს და ადეკვატური ნაბიჯები გადადგან.

დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა - თუკი საქართველო მიიღებს MAP-ს, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს აშშ-ისთვის, გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის და სხვ. (იმის გათვალისწინებით, რასაც ის უკვე აკეთებს)? ომს გამოუცხადებს დასავლეთს? ის ხომ უკვე ებრძვის და ხანდახან იმარჯვებს კიდეც დასავლეთის ფუნდამენტური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგალითად  სირიაში და უკრაინაში?

NATO-ს ღია კარის პოლიტიკაში ხაზგასმითაა ნათქვამი: „გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები საკუთრივ ალიანსისთვისაა“. საქართველო დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველო წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს სატრანსპორტო კორიდორს, რომლის საშუალებითაც გაზი და ნავთობი მიეწოდება დასავლეთს აღმოსავლეთიდან; საქართველო არის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის კუნძული უკრაინასა და იემენს შორის გადაჭიმულ არასტაბილურობის რკალში; სულ რამდენიმე საათია საჭირო, რომ საქართველოდან ახლო აღმოსავლეთის ნებისმიერ წერტილში გაფრინდე; რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ყველაზე წარმატებულია სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და ამ მხრივ დასავლეთიდან მიღებულმა ინვესტიციებმა და მხარდაჭერამ დიდწილად გაამართლა. დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა წლების განმავლობაში იზრდებოდა და ასე გაგრძელდება მომავალშიც. NATO-ს სჭირდება საქართველო და მისთვის MAP-ის მინიჭება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის მხოლოდ პასუხისმგებლობის კი არა, ასევე მათი რეპუტაციის საკითხიცაა.

ჩვენი მხრიდან კი, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღების მოთხოვნისას (რაც ჩვენ დავიმსახურეთ) ჩვენს პარტნიორებს მკაფიოდ უნდა გავაგებინოთ, რომ ჩვენ გვესმის, რომ სამოქმედო გეგმა ალიანსის წევრობის გარანტი არ არის და არც სამომავლო წევრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ნატოს წევრების მხრიდან ვალდებულების აღებას წარმოადგენს; NATO-ს სამოქმედო გეგმა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, რადგან ეს ინსტრუმენტი არ გულისხმობს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლს და რომ საქართველოსთვის გაწევრიენების სამოქმედო გეგმის მინიჭება არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამჟამად NATO-ს შეუძლია.

საქართველომ, რომელიც უკვე წლებია იქცევა ისე როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, უნდა დაარწმუნოს ალიანსის წევრი სახელმწიფოები, რომ MAP-ის მიღებამდე და მის შედეგაც ის კვლავინდებურად განაგრძობს მდგრადობის, პასუხისმგებლობისა და საიმედოობის დემონსტრირებას.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნისას დასავლეთი არ უნდა დავაშანტაჟოთ. არ უნდა „დავიმუქროთ“, რომ თუ ვერ მივიღებთ სამოქმედო გეგმას, მაშინ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოში შესუსტდება (შესაძლოა ეს სწორედ ის განაცხადია, რისი მოსმენაც სურთ მოსკოვსა და შეიძლება სხვა დედაქალაქებშიც). პირიქით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმების განხორციელება, უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და გავაუმჯობესოთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც საუკეთესო გზაა საქართველოს მოქალაქეებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გასაზრდელად.

დღეს თავად ევროპული სახელმწიფოები განიცდიან საჭიროებას, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან მიიღონ ხელახალი დადასტურება მტკიცე ევროატლანტიკური პარტნიორობის შესახებ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ევროპული მოკავშირეებიც ელიან თავიანთ მაპებს. უკვე დროა, რომ NATO-ს ევროპულმა სახელმწიფოებმა და საქართველომ გააერთიანონ ძალისხმევა და მიიღონ დამსახურებული მაპები. თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია, დავამსხვრიოთ ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ პირებშია ფესვგადგმული და რაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების დაბრკოლებად იქცა. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გაიმარჯვოს საკუთარ სკეპტიციზმზე და საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა მისცეს. ამ შემთხვევაში, MAP-ი სხვა ინსტრუმენტებთან ერთად გაზრდის სოლიდარობას და თავად ალიანსში არსებული წინააღმდეგობების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს.

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი