ძალიან ეკონომიურად ვიყენებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილ თანხებს…
ნახევრად სიმართლე
2041 ნახვა
A+
A
A-

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილ თანხებს ძალიან ეკონომიურად იყენებს. ეს იმაში გამოიხატება, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები საკმაოდ დაბალია და ის მშპ-ის 2%-ს შეადგენს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის თებერვლიდან ამოქმედდა, რომელმაც 2014 წლიდან ეტაპობრივად ჩაანაცვლა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა. განსხვავებით ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამისგან, რომელიც მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები კერძო დაზღვევის არმქონე პირები და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ის პირებიც არიან, რომლებსაც ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი აქვთ.

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 88 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც 70 მილიონი ლარი იქნა ათვისებული. 2014 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ის მიზნობრივი ჯგუფებიც მოექცა, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ. ამასთან, პროგრამის საყოველთაო ხასიათის გამო ბენეფიციართა რიცხვი და საავადმყოფოში მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა. 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულმა თანხამ 338.5 მლნ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვაზე 470 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც 8 თვის მონაცემებით 371 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

გრაფიკი 1: სახელმწიფო დაზღვევის პროგრამასა და საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი (2008-2015 წლები)

image001

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილი ხარჯების ზრდის ტემპი 2008-2011 წლებში მცირდებოდა. 2008 წელს ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა წარმოადგენდა, 2009 წელს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციართა რიცხვს სახალხო არტისტები, მხატვრები და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატებიც შეემატნენ. 2013 წლიდან კი ჯანდაცვის პროგრამამ საყოველთაო ხასიათი მიიღო და ამ წელს ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯებიც 97%-ით გაზარდა. 2014 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები 31.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2015 წელს ხარჯების 15.6%-ით ზრდაა დაგეგმილი.

მშპ-თან მიმართებაში საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები ასე გამოიყურება: 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი მშპ-ის 0.3%-იყო, ხოლო სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაზე გაწეული ხარჯები მშპ-ის 0.9%-ს შეადგენდა. 2014 წელს, როდესაც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ჩანაცვლება მოხდა, საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებმა მშპ-ის 1.2% შეადგინა. 2015 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მშპ-ის 1.8%-ს შეადგენს. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი მშპ-ის დაახლოებით 2%-მდეა, სიმართლეა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013 წელს[1] განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი მშპ-ის 8%-10%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო შედარებით განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-ის 2%-ზე დაბალი იყო.

 

ცხრილი 1: ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-ში ქვეყნების მიხედვით

  განვითარებული ქვეყნები წილი მშპ-ში განვითარებადი ქვეყნები წილი მშპ-ში
1 ნიდერლანდები 10,2% სომხეთი 1,9%
2 დანია 9,1% კენია 1,8%
3 საფრანგეთი 9,0% ავღანეთი 1,7%
4 გერმანია 8,7% აზერბაიჯანი 1,2%
5 იაპონია 8,4% სამხრეთ აფრიკა 1,2%
6 ნორვეგია 8,2% პაკისტანი 1,1%
7 აშშ 8,1% სუდანი 1,0%
8 შვედეთი 7,9%

წყარო: მსოფლიო ბანკი (2013 წლის მონაცემები)

 

ლოგიკურია, რომ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი მშპ-თან მიმართებაში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ფასები და ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. ამასთან, მათ ეკონომიკაში ჯანდაცვას (ჯანმრთელობაზე დახარჯულ თანხას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო პირების მიერ) გაცილებით მაღალი წილი უჭირავს. მაგალითად, აშშ-ში ჯანდაცვის წილი ეკონომიკაში 17%-ია, ჰოლანდიაში 13%, საფრანგეთში 12%, გერმანიაში 11%, კანადაში 11%, იაპონიაში 10% და ა.შ. საქართველოში ჯანდაცვაზე ეკონომიკის 6% მოდის. რაც უფრო მდიდარია ერი, ის ჯანმრთელობაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ დასავლეთის უმეტესმა ქვეყანამ სოციალურ საკითხებზე ორიენტირება ათეულობით წლის წინ დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ჯანდაცვის ხარჯები თანდათანობით იზრდებოდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებთან  შედარება არარელევანტურია და არ არის საკმარისი არგუმენტი იმის დასადგენად, თუ რამდენად ეკონომიურად იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილ სახსრები. ამასთან, ეკონომიური ხარჯვა ნიშნავს, თუ რამდენად ბევრს/ცოტას ხარჯავ საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე და არა იმას, თუ სხვა ქვეყნებთან შედარებით რამდენს ხარჯავ. აგრეთვე, როგორც ცხრილიდან ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი მშპ-ში უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნებისთვის მთავარი სახსრების ეფექტიანი ხარჯვა და ფინანსური რისკების სწორად გადანაწილებაა, რაც ამ პროგრამის მოსარგებლეთათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაც გულისხმობს. სამედიცინო მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაზე. მცირე დაფინანსების პირობებში სამედიცინო დაწესებულებები კვალიფიციური კადრების ნაკლებობის და ხარისხიანი სამედიცინო სერვისების პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. ამიტომ, პროგრამის მიზნების მისაღწევად, არა სახსრების ეკონომიური ხარჯვა, არამედ ხარჯების მართვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება და სახელმწიფოს მიერ ფინანსური რისკების მინიმიზაციაა აუცილებელი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სოციალური სააგენტოს მიერ ხორციელდება, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიები პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას არ იღებენ. ფაქტობრივად, სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიების კონკურენტად გვევლინება, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის განვითარებაზე. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების გამორიცხვით, სახელმწიფო საკუთარ თავზე სრულად იღებს პროგრამის ხარჯებთან დაკავშირებულ ფინანსური რისკებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს ყველა შემთხვევა, თუმცა შემთხვევების რაოდენობა და მასთან დაკავშირებული ხარჯების წინასწარ დაანგარიშება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, წლის მანძილზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილი ბიუჯეტი შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს ყველა შემთხვევის დასაფინანსებლად.

აღნიშნულ ვარაუდს ამტკიცებს საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების დინამიკაც. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები 231.5 მლნ ლარით იყო დაგეგმილი, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯმა 268.7 მლნ ლარი შეადგინა. საყოველთაო ჯანდაცვის წლიური ბიუჯეტი 470 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც  30 სექტემბრის მონაცემებით, 416 მლნ ლარი უკვე დახარჯულია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 46 მლნ ლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში, როგორც წესი საავადმყოფოებში მიმართვიანობა იზრდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ხარჯვის ტემპი არ შემცირდება და სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამატებით მინიმუმ 138 მლნ ლარის დახარჯვა გახდება საჭირო, რაც 84 მლნ ლარით აღემატება პროგრამის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხას.

 

დასკვნა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2013-2014 წლებში საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრები 88 მლნ ლარიდან 470 მლნ ლარამდე გაიზარდა. დაფინანსების არსებული სქემით, პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიები პროგრამიდან გამოთიშულნი არიან. მსგავსი ქმედებით, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო კერძო სადაზღვევო ბაზრის კონკურენტად გვევლინება, ის ასევე სრულად იღებს დაზღვევასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს. მსგავსი პრაქტიკა ხარჯების მართვის ეფექტურ მექანიზმად ვერ ჩაითვლება.

საყოველთაო ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მშპ-ის 2%-ს შეადგენს, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული ხარჯები უფრო მაღალია და მშპ-ის 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს. განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მაღალ ხარჯებს ეკონომიკაში ჯანდაცვის მაღალი წილი, ჯანდაცვის სერვისების ფასები, ხარისხი და ამ ქვეყნების მაღალი ფინანსური შესაძებლობები განაპირობებს. ასევე, პროგრამის ეფექტურობის შეფასებისას მთავარი არა ხარჯების ეკონომიური, არამედ ეფექტიანი ხარჯვაა, რაც ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ზრდას გულისხმობს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა სოფრომაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

 

________________________

[1] 2014 წლის მონაცემები ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის

გააზიარეთ: