2014 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს

განიხილავდა (ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონებში). კანონპროექტის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ავტონომიურობის გაზრდა, კერძოდ, უნივერსიტეტებისთვის კონკრეტული ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების შესაძლებლობის მიცემა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა, კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა: „სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს უნივერსიტეტების [სსიპ] ლიკვიდაცია, ეს არ არის კარგი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ განათლების სამინისტრო გაცილებით ვრცელ პაკეტს მოამზადებდა და შევიმუშავებდით კანონს, რომელიც გულისხმობდა არა სსიპ-ს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას, არამედ ევროპული ტიპის უნივერსიტეტისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას. იქ სსიპ ნიშნავს, რომ ეს არის უფრო ზოგადეროვნული ინსტიტუცია, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი“.

ფაქტ-მეტრმა დეპუტატის ეს განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ სსიპ-ის შექმნის, საქმიანობის და ორგანიზაციის წესს ადგენს (მუხლი 1).

სსიპ (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან მმართველობითი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას (მუხლი 1, ნაწილი1).

სსიპ–ის ლიკვიდაციას მე–17–ე მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, სსიპ-ს ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ასევე, უშუალოდ სსიპ-ის წესდების შინაარსში განსაზღვრული უნდა იყოს ლიკვიდაციის წესი და პირობები (მუხლი 6).

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი

  კონკრეტულად სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციას ეხება. კერძოდ, „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა, იმ ორგანოს წარდგინებით, რომლის ინიციატივითაც დაფუძნდა ეს დაწესებულება/პირი“ (მუხლი 13).

კონკრეტულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი წესდება,

სადაც აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით (მუხლი 49 ნაწილი 2).

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, იქმნება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს შესაბამისი სახელმწიფო უწყება (მაგ: სამინისტრო).

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს ადმინისტრაციული აქტი, თუ [ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გაუქმება თავისთავად გულისხმობს ლიკვიდაციას[1]]:

ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში, ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;

დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე, შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს (მუხლი 61 ნაწილი 2).

გარდა ქართული პრაქტიკისა, ფაქტ–მეტრი სსიპ–ებთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილებითაც დაინტერესდა. ევროპის პრაქტიკა სახელმწიფო (საჯარო) უნივერსიტეტების მიმართ განსხვავებულია. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მთავრობას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიკვიდაცია შეუძლია, ზოგიერთში კი არა. ქვემოთ მოცემულია ევროპის უნივერსიტეტების რამდენიმე მაგალითი:

ბერნის უნივერსიტეტი - შვეიცარია შვეიცარია დაყოფილია კანტონებად, შესაბამისად, თითოეულ კანტონს საკუთარი რეგულაცია აქვს. ჩვენ შემთხვევაში ბერნის უნივერსიტეტი ბერნის კანტონში შედის. „უნივერსიტეტის რეგულაცია“

სწორედ სახელმწიფო (საჯარო) უნივერსიტეტებს ეხება. ამ კანონის 131 მუხლში ვკითხულობთ, რომ კანტონი უშუალოდ იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანტონს უფლება აქვს განახორციელოს უნივერსიტეტის ლიკვიდაცია.

გენტის უნივერსიტეტი - ბელგია გენტის უნივერსიტეტი წარმოადგენს სახელმწიფო (საჯარო) უნივერსიტეტს. ჩვენ ამ უნივერსიტეტს უშუალოდ დავუკავშირდით. მათი განცხადებით,

სახელმწიფოს არ შეუძლია უნივერსიტეტის ლიკვიდაცია.

დანია დანიაში 7 სასწავლებელი წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტს, რომელთაც საკუთარი წესდება აქვთ. ამასთანავე, „აქტი უნივერსიტეტების შესახებ“ არეგულირებს საჯარო უნივერსიტეტებს. დანიაში განათლების სამინისტროს შეუძლია მოახდინოს უნივერსიტეტის ლიკვიდაცია, რაც ასევე დაგვიდასტურა

დანიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

  დასკვნა

როგორც ვხედავთ, საქართველოში სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაცია სახელმწიფოს შეუძლია, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სახელმწიფოს არა აქვს იმის სრული თავისუფლება, რომ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიიღოს.

საქართველოს მსგავსი პრაქტიკაა ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში. ზოგიერთ ქვეყნაში კი მსგავსი პრაქტიკა არ გვხვდება (მაგ: ბელგია). შესაბამისად, დეპუტატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტები სრულიად დამოუკიდებლები არიან, არაზუსტია.

ამრიგად, სერგო რატიანის განცხადება „დღესაც სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს უნივერსიტეტების [სსიპ] ლიკვიდაცია და ეს არ არის კარგი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ განათლების სამინისტრო გაცილებით ვრცელ პაკეტს მოამზადებდა და შევიმუშავებდით კანონს, რომელიც გულისხმობდა არა სსიპ-ს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციას, არამედ ევროპული ტიპის უნივერსიტეტისათვის დამახასიათებელ პრაქტიკას. იქ სსიპ ნიშნავს, რომ ეს არის უფრო ზოგადეროვნული ინსტიტუცია, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია“, არის ნახევრად სიმართლე.  

[1]

ავტორის შენიშვნა


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი