2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გოგი თოფაძემ განაცხადა: „დღეს, ჩვენ ამ შენობაში [ქუთაისის პარლამენტის შენობა] რომ ვართ, კანონის დარღვევაა. ეს შენობა არ არის მიღებული [ექსპლუატაციაში] საერთოდ. არ არის გავლილი ის პროცედურები, რომელიც უნდა მიიღოს ყველა დამთავრებულმა ობიექტმა“.

ფაქტ-მეტრი განცხადებით დაინტერესდადა მისი სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის დადგენილება №57 მშენებლობის ნებართვის გაცემის წესსა და სანებართვო პირობებს ადგენს. დადგენილების მიხედვით, შენობა-ნაგებობები 5 კლასად იყოფა:

ა ) I კლასი – შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;

ბ) II კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;

გ) III კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;

დ) IV კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;

ე ) V კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები) (მუხლი 19, ნაწილი 1).

საქართველოს პარლამენტის შენობა მეხუთე კლასის კატეგორიას განეკუთვნება.

ამ დადგენილების შესაბამისად, V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის კომპეტენცია, საქართველოში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ორგანოს აქვს მინიჭებული (მუხლი 28, ნაწილი 2). კერძოდ, აღნიშნულ საქმიანობას ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“ ახორციელებს (ყოფილი ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია). სააგენტო მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს ზედამხედველობს. იგი ასევე გასცემს ნებართვებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისთვის. ობიექტების კონტროლი ხორციელდება ორი სახით, როგორც ნებართვის გაცემით, ასევე სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით და პერიოდული ინსპექტირებით.

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპებია:

I ეტაპი: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (აგდ - არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება);

II ეტაპი: პროექტის შეთანხმება;

III ეტაპი: მშენებლობის ნებართვის გაცემა.

შესაბამისად, პარლამენტის შენობას ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპები უნდა გაევლო და „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან“ ნებართვა[1] მიეღო. ამის შემდეგ, ამავე სააგენტოს ობიექტი (პარლამენტის შენობა) ექსპლუატაციაში[2] უნდა მიეღო.

დადგენილების მიხედვით, V კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 1 წლის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარადგინოს (მუხლი 82).

ასევე, გადაწყვეტილება V კლასის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში მიღებულად ჩაითვლება და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყონებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ (მუხლი 97, ნაწილი 3).

ონლაინ გამოცემა netgazeti.ge-ს მიხედვით, პარლამენტის მშენებლობისთვის სახსრების მოპოვების, ხარჯვის მიზნობრიობისა და კანონიერების აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ნებართვის გარეშე განხორციელდა“. გარდა ამისა ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ ჩატარებულა V კლასის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრული სავალდებულო საექსპერტო შეფასება შემდეგ საკითხებზე: ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება, დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო შეფასება (წყარო: netgazeti.ge).

ჩვენ, ასევე უშუალოდ მივმართეთ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, შემდეგი კითხვებით:

  • გაცემული აქვს თუ არა ნებართვა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე (ქუთაისი, აბაშიძის ქ.26)?

  • მიღებული აქვს თუ არა ექსპლუატაციაში სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს პარლამენტის შენობადა რა ვადებია დადგენილი აღნიშნული შენობის ექსპლოატაციის მისაღებად (აბაშიძის ქ. 26)?

სააგენტოდან 5 მარტს მიღებული პასუხის მიხედვით, ქუთაისის პარლამენტის შენობაზე სააგენტოს მიერ მშენებლობის ნებართვა 2013 წლის 28 ნოემბერსაა გაცემული. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პარლამენტის შენობა უკვე ოფიციალურად გახსნილი იყო და მასში სესიებიც ტარდებოდა.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღების საკითხს, იმავე წერილში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილია განცხადება ზემოაღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე. ექსპლუატაციაში მიღების დადგენილი ვადა ჯერ არ ამოწურულა და სააგენტოში მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა“. 31 მარტის მდგომარეობით, პარლამენტის შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ რაიმე ადმინისტრაციული აქტი არ მოიძებნა, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შენობა ამ დროისათვის უკვე ექსპლუატაციაში მიღებული უნდა იყოს.

მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, ჩვენ იმ დოკუმენტაციით დავინტერესდით, რის საფუძველზეც პარლამენტის შენობის მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა (2013 წლის 28 ნოემბრის #102/01-06 და პარლამენტის შენობასთან დაკავშირებული სხვა კონკრეტული დოკუმენტაცია).

როგორც გაირკვა, 2013 წლის 19 ნოემბერს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის კომპლექსში შემავალი შენობების საპროექტო დოკუმენტაცია წარუდგინა. კომპლექსის ღირებულება 318 480 481,24 ლარს (ავეჯის ღირებულების ჩაუთვლელად) შეადგენს. დოკუმენტაცია შედგებოდა:

  • მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სულ 55 848 ლარი);

  • ესპანური კომპანია „CMD DOMINGO Y LAZARO INGENIEROS” მიერ დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია;

  • აზომვითი ნახაზები ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით;

  • სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნები;

  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა.

აღნიშნული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ უნებართვო მშენებლობის გამო 27 000 ლარით დაჯარიმდა. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დამკვეთს წარმოადგენს, რომელიც 2011 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებით სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა.

აქვე აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის შესახებ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნები მოიცავს შესაბამის შენიშვნებს, თუმცა აღნიშნულია, რომ „პროექტი პასუხობს მდგრადობის და სიხისტის პირობებს.

დასკვნა

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის მშენებლობის ნებართვა შესაბამისი სააგენტოს მიერ 2013 წლის 28 ნოემბერსაა გაცემული. ამ დროისთვის პარლამენტის შენობა უკვე ოფიციალურად გახსნილი იყო და მასში სესიებიც ტარდებოდა. მშენებლობის ნებართვის გარეშე შესრულების გამო, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ 27 ათას ლარიანი ჯარიმაც დაეკისრა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, პარლამენტის შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ რაიმე ადმინისტრაციული აქტი არ მოიძებნა, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შენობა ამ დროისათვის უკვე ექსპლუატაციაში მიღებული უნდა იყოს.

როგორც ვხედავთ, მშენებლობის ნებართვა სააგენტომ მას შემდეგ გასცა, როდესაც რეალურად ის უკვე დასრულებული იყო. დეპუტატი მართალია იმაშიც, რომ პარლამენტის შენობა (იმ დროისთვის როცა ის განცხადებას აკეთებდა) ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ მიღებული არ იყო.

შესაბამისად, გოგი თოფაძის განცხადება: „დღეს ჩვენ ამ შენობაში [ქუთაისის პარლამენტის შენობა] რომ, ვართ კანონის დარღვევაა. ეს შენობა არ არის მიღებული [ექსპლუატაციაში] საერთოდ. არ არის გავლილი ის პროცედურები, რომელიც უნდა მიიღოს ყველა დამთავრებულმა ობიექტმა“, არის სიმართლე.


[1]დამატებით იხილეთ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თავი XVIII

[2]დამატებით იხილეთ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თავიXXII

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი