31 იანვარს გაზეთმა „ეკონომისტმა“ 2017 წლის დემოკრატიის ინდექსის კვლევაგამოაქვეყნა,რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ტენდენციას აჩვენებს. 2016 წელთან შედარებით, მსოფლიოს არც ერთ რეგიონში არ შეინიშნება საშუალო ქულის გაუმჯობესება. ანგარიშში განსაკუთრებული მნიშვნელობა მახვილდება გამოხატვის თავისუფლებაზე.

კვლევაში ქვეყნები დაყოფილნი არიან ოთხ კატეგორიად: ავტორიტარული რეჟიმები, ჰიბრიდული რეჟიმები, არასრული დემოკრატიები და სრული დემოკრატიები. დემოკრატიის ინდექსის დადგენა ხდება 60 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 5 ფართო კატეგორიაში - საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კვლევის თანახმად, 167 ქვეყნიდან 76 მათგანი მიიჩნევა დემოკრატიულად, თუმცა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს „სრულყოფილ დემოკრატიაში“. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედი - ავტორიტარული მმართველობის ქვეშ ცხოვრობს (უმეტესი წილი მოდის ჩინეთის მოსახლეობაზე). მთლიანობაში, 2017 წელს შეფასებული 167 ქვეყნიდან, 89 მათგანის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუარესებულია. არასახარბიელო ტენდენცია შეინიშნება ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებაში, მთავრობების სუსტ ფუნქციონირებაში, საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის შემცირებაში, მედიის სამოქალაქო თავისუფლების ეროზიაში და ა.შ.

დემოკრატიის ინდექსის 2017 წლის მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის 79-ე ადგილს იკავებს 5.93 ქულით (ქვეყნები შეფასებულნი არიან 10 ქულიან შკალაზე, სადაც 0 არის ავტორიტარიზმის, ხოლო 10 - სრული დემოკრატიის მაჩვენებელი). რაც შეეხება რეგიონულ რანჟირებას, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გარდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც მოიაზრებიან (ჯამში 28 ქვეყანა), საქართველო მე-15 ადგილს იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო არ მიყვება მსოფლიოში გავრცელებულ ტენდენციას დემოკრატიის ხარისხის გაუარესების შესახებ. 2012 წელს საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსი 5.53, 2013-ში - 5.95, 2014-ში - 5.82, 2015-ში - 5.88, ხოლო 2016-სა და 2017 წელს - 5.93 ქულას შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ „ეკონომისტის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მმართველობის ფორმის მხრივ ჯერ კიდევ ჰიბრიდულ რეჟიმებში მოიაზრება, ის საკმაოდ დაუახლოვდა არასრული დემოკრატიის ჯგუფის სახელმწიფოებს.

გრაფიკი 1:საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსის ცვლილება 2006-დან 2017 წლამდე

89

წყარო:Economist Intelligence Unite

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მაქსიმალური 10 ქულიდან საქართველო შეფასებულია 7 ქულით, რაც მედიის ნაწილობრივ თავისუფლებაზე მეტყველებს. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით (9 ქულა) გამოირჩევა ესტონეთი, ლიტვა და ლატვია. ჩეხეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის მედიის თავისუფლება კი 8 ქულითაა შეფასებული. საქართველოსნაირი მაჩვენებელი (7 ქულა) აქვთ ბულგარეთს, ხორვატიას, ალბანეთსა და მაკედონიას. აქვე აღსანიშნავია მედიის თავისუფლების მხრივ ვიშეგრადის ჯგუფის ორი ქვეყნის, უნგრეთისა და პოლონეთის, გაუარესებული მაჩვენებლები. უნგრეთსა და პოლონეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო (საზოგადოებრივი რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევა და ა.შ.), ისინი 6 ქულით არიან შეფასებულნი, რაც მეტწილად არათავისუფალ მედიაზე მეტყველებს.

ცხრილი 1:მედიის თავისუფლება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (მოიაზრებიან ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც)

ქვეყანა ქულა რანჟირება მედიის თავისუფლება
ალბანეთი 7 49 ნაწილობრივ თავისუფალი
სომხეთი 5 109 მეტწილად არათავისუფალი
აზერბაიჯანი 0 154 არათავისუფალი
ბელარუსი 0 154 არათავისუფალი
ბოსნია და ჰერცეგოვინა 6 71 მეტწილად არათავისუფალი
ბულგარეთი 7 49 ნაწილობრივ თავისუფალი
ხორვატია 7 49 ნაწილობრივ თავისუფალი
ჩეხეთი 8 31 ნაწილობრივ თავისუფალი
ესტონეთი 9 11 თავისუფალი
საქართველო 7 49 ნაწილობრივ თავისუფალი
უნგრეთი 6 71 მეტწილად არათავისუფალი
ყაზახეთი 1 145 არათავისუფალი
ყირგიზეთი 6 71 მეტწილად არათავისუფალი
ლატვია 9 11 თავისუფალი
ლიტვა 9 11 თავისუფალი
მაკედონია 7 49 ნაწილობრივ თავისუფალი
მოლდოვა 6 71 მეტწილად არათავისუფალი
მონტენეგრო 6 71 მეტწილად არათავისუფალი
პოლონეთი 6 71 მეტწილად არათავისუფალი
რუმინეთი 8 31 ნაწილობრივ თავისუფალი
რუსეთი 2 139 არათავისუფალი
სლოვაკეთი 8 31 ნაწილობრივ თავისუფალი
სლოვენია 8 31 ნაწილობრივ თავისუფალი
სერბეთი 6 71 მეტწილად არათავისუფალი
ტაჯიკეთი 0 154 არათავისუფალი
თურქმენეთი 0 154 არათავისუფალი
უკრაინა 6 71 მეტწილად არათავისუფალი
უზბეკეთი 0 154 არათავისუფალი

წყარო:Economist Intelligence Unit

რადგანაც დემოკრატიის ცნების დეფინიცია სადავოა, არ არსებობს მისი გაზომვის საყოველთაოდ შეთანხმებული მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ ხშირად ერთად გამოიყენება, ისინი ერთმანეთის სინონიმებს არ წარმოადგენენ. დემოკრატია უნდა მოვიაზროთ იმ ღირებულებათა და გამოცდილებათა ერთობლიობად, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლების დაცვას. თანამედროვე სახელმწიფოებზე დაკვირვების შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ქვეყნების მხოლოდ დემოკრატიულ ან არადემოკრატიულ ჯგუფებად დაყოფა არასწორია, მათი კლასიფიკაცია უნდა მოხდეს დემოკრატიის გარდამავალი საფეხურების მიხედვით. ზემოთ მოყვანილი კვლევა ეყრდნობა დემოკრატიის ისეთ გაზომვას, რომელიც ასახვას ჰპოვებს პოლიტიკურ და სამოქალაქო თავისუფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიკუთვნებულია ჰიბრიდული რეჟიმის მქონე სახელმწიფოთა რიცხვს, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი ქულით გამოირჩევა ისეთ ინდიკატორებში, როგორებიცაა: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი (8.67 ქულა), პოლიტიკური ჩართულობა (6.11 ქულა) და ა.შ.

(იხ. ინფოგრაფიკა)

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი