2014

წლის 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა: „ამუშავდა ლარსის, ბახვის, არაგვისა და ახმეტის ჰიდროელექტროსადგურები. მათი ჯამური სიმძლავრეა 45 მეგავატი. დაიწყო ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული კასკადის მშენებლობის პროექტი (ჯამური სიმძლავრე 400 მეგავატი). პირველად საქართველოში დაიწყო ქარის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელება (პირველ ეტაპზე 20 მეგავატი). გარდაბანში 230 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. შარშან უცხოური ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში 146 მილიონი შეადგინა მარტო ენერგეტიკაში“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

2014 წლის 24 იანვარს საქართველოს მთავრობის წევრებმა „ლარსი ჰესი“ გახსნეს. მისი დადგმული სიმძლავრე [1] 19

მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ. კვტ/საათს შეადგენს. კომპანია „ფერიმ“ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე „ლარსი ჰესის“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაში 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

2013 წლის 5 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა „ბახვიჰესი 3“ გახსნა.

ჰესის დადგმული სიმძლავრე 9,8 მეგავატს შეადგენს, წლიური გამომუშავება კი 38 მლნ. კვტ/საათია.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების სიაში

არაგვისა და ახმეტის ჰესები არ მოიხსენიება, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ ეს ჰესები ექსპლუატაციაში უკვე შესულია.

ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების სიაში გხვდება „შუახევჰესის“ კასკადის პროექტი. „შუახევჰესის“ მშენებლობას საფუძველი 2013 წლის 16 სექტემბერს მაშინდელმა პრემერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ ჩაუყარეს.

„შუახევჰესის“ დადგმული სიმძლავრე 178 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 445,1 მლნ. კვტ/საათს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია ორი კაშხლისა და წყალსაცავების მოწყობა. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „შუახევჰესის“ მშენებლობის პარალელურად, ინვესტორები კასკადის შემადგენელი „სხალთაჰესის“ მშენებლობასაც იწყებენ, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,8 მეგავატი იქნება, ხოლო, წლიური გამომუშავება - წელიწადში 20,8 კვტ/საათში. ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ჰესების მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს.

ასევე, დაგეგმილია კორომხეთისა და ხერთვისის ჰესების მშენებლობა. „კორომხეთიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 150 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი - 463 კვტ/საათში იქნება. „ხერთვისიჰესის“ დადგმული სიმძლავრე 65 მეგავატი იქნება, წლიური გამომუშავება კი - 239 კვტ/საათში.

ჩვენ გადავამოწმეთ დავით საგანელიძის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ის პირველად საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაზე საუბრობდა. ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად „ქართლის ქარის ელექტროსადგურს“ აშენებს.

„ქართლი“ გორთან ახლოს აშენდება. ის პირველი საპილოტე პროექტია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს.  პროექტის ფარგლებში 20 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. სადგურის ტერიტორიაზე 10 ცალი ტურბინა განთავსდება. ისინი ერთმანეთს მიწისვეშა ხაზებით დაუკავშირდება, რომელიც შემდგომში გორის 220-კილოვატიან ქვესადგურზე მიერთდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ. დოლარია.

დავით საგანელიძის განცხადება თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხშიც ზუსტი აღმოჩნდა. მიმდინარე წლის იანვარში გარდაბანში კომბინირებული ტიპის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.

ახალი თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია და საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ფინანსდება.

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროში პირდაპირ უცხოური ინვესტიციებს, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2013

წელს  ენერგეტიკის სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 198 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (179 მლნ. აშშ დოლარი) 9,6%-ით მეტია. დავით საგანელიძის თქმით, ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 146 მილიონი შეადგინა. „საქსტატმა“ 2013 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ პირველადი ინფორმაცია 21 მარტს გამოაქვეყნა, დეპუტატმა კი ეს მონაცემები 21 თებერვალს წარმოადგინა. აღნიშნული უზუსტობა სავარაუდოდ იმით არის გამოწვეული, რომ მან ბოლომდე დაუთვლელი, დაუზუსტებელი მონაცემები გააჟღერა. თუმცა, ბუნებრივია, მას მონაცემების განზრახ შემცირების მოტივაცია ვერ ექნებოდა.

  დასკვნა

ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2013-2014 წლებში ნამდვილად შევიდა ექსპლუატაციაში ლარსის, ბახვის, არაგვისა და ახმეტის ჰესები. მათი საერთო დადგმული სიმძლავრე 46,9 მეგავატს შეადგენს. 2013 წელს საფუძველი ჩაეყარა „შუახევჰესის“ კასკადის მშენებლობას, რომლის ჯამური დადგმული სიმძლავრე 398,8 მეგავატია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გორთან „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა დაიწყო. მისი დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება და ეს პირველი ქარის ელექტროსადგურია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ააშენებს. ასევე, გარდაბანში დაიწყო კომბინირებული ტიპის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატი იქნება.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2013 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში 198 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9,6%-ით მეტია.

ჩვენ ვასკვნით, რომ დავით საგანელიძის განცხადება: „ამუშავდა ლარსის, ბახვის, არაგვისა და ახმეტის ჰიდროელექტროსადგურები. მათი ჯამური სიმძლავრეა 45 მეგავატი. დაიწყო ერთ-ერთი მსხვილი ჰიდროენერგეტიკული კასკადის მშენებლობის პროექტი (ჯამური სიმძლავრე 400 მეგავატი). პირველად საქართველოში დაიწყო ქარის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელება (პირველ ეტაპზე 20 მეგავატი). გარდაბანში 230 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. შარშან უცხოური ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში 146 მილიონი შეადგინა მარტო ენერგეტიკაში“, არის სიმართლე.


[1]

დადგმული სიმძლავრე არის 1 წამში გამომუშავებული ენერგია. ამდენად, ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეა 1 მეგავატი, 1 წამში 1 მეგაჯოულ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი