[შესწორებული]
ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებები არ ირღვევა…
მცდარი
1552 ნახვა

მკითხველის თხოვნით გადამოწმებული ფაქტი

სახელი და გვარი
შოთა ნარსია, ირაკლი ფირანიშვილი
გადასამოწმებელი ფაქტი
სააგენტო "უკრინფორმისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი არ შესულა.
წყარო
http://www.ukrinform.ua/rus/news/ministr_yustitsii_gruzii_glavnaya_oshibka_reformatora___dumat_chto_ti_vsegda_prav_1750328
A+
A
A-

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო www.ukrinform.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებები არ ირღვევა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, სტრასბურგის სასამართლოში პენიტენციალური სისტემიდან არცერთი საჩივარი არ შესულა”.

მკითხველთა თხოვნით, ფაქტ-მეტრმა თეა წულუკიანის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

თეა წულუკიანი ამჟამინდელი ხელისუფლების მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებები არ ირღვევა. აღნიშნულის არგუმენტად მან განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პენიტენციალური სისტემიდან საჩივრები არ შესულა.

ფაქტ-მეტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების უფლებების კუთხით არსებული სიტუაცია შეისწავლა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ დაიწყო. ამათგან, გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის მიმართ დადგა. პროკურატურა დაზარალებული პატიმრების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან შესული 1 000-მდე საჩივრიდან, 200-მდე საჩივარზე წამების და სხვა სასტიკი ან ღირსების შემლახავი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები გამოიკვეთა, რაც მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა.

სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სულ 27 პატიმარი გარდაიცვალა და სუიციდის 7 ფაქტი დაფიქსირდა (გვ. 19). სახალხო დამცველის ინფორმაციით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პატიმრებისთვის დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა. ანგარიშში ასახულია პატიმრების უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, პირადად ნახეს საშხაპე ოთახში, სველი ტანსაცმლით, იატაკზე დაგდებული ორი პატიმარი. ერთ-ერთ პატიმარს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად ჭრილობები აღენიშნებოდა (გვ. 315). სახალხო დამცველის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

2014 წლის 4 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულებაში პატიმრებს შორის მომხდარი ურთიერთდაპირისპირების შედეგად ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონვენციის მესამე მუხლი ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ მათ შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირები არასათანადო მოპყრობას არ დაექვემდებარონ, მათ შორის არც კერძო პირთა მხრიდან (პარ. 98). სახელმწიფო ვალდებულია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინოს, რათა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეექმნას.

ფაქტ-მეტრმა ევროპულ სასამართლოში 2013-2015 წლებში საქართველოს პენიტენციალური სისტემიდან შეტანილი საჩივრები გამოიკვლია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013-2015 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან ევროპულ სასამართლოში ოთხი საჩივარი შევიდა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ ფაქტებს ეხება. თუმცა, წერილში მითითებული და ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული სხვა საჩივრების ანალიზიდან ჩანს, რომ მოსარჩელე მხარეები ამჟამინდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულთა არაეფექტურად გამოძიებას ედავებიან, რაც ევროპული კონვენციის მე-13 მუხლითაა გათვალისწინებული (მაგ. “თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, “მამულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, “ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ”).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2013-2015 წლებში პენიტენციალური სისტემიდან ევროპულ სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით არასრულია. სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების შინაარსის შესახებ ინფორმაცია მთავრობისთვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც ევროპული სასამართლო რეგლამენტის 54-ე წესის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას კონკრეტული საჩივრის განხილვის დაწყების თაობაზე შეტყობინებას გამოუგზავნის. ამდენად, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად მხოლოდ იმ საჩივრების შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ განხილვა დაიწყო და ამ პროცესის შესახებ საქართველოს მთავრობას აცნობა.

პირი ევროპულ სასამართლოს მას შემდეგ მიმართავს, როცა სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება ამოეწურება. შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვა და სარჩელის ევროპულ სასამართლოში წარდგენა დიდ დროს მოითხოვს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილში ასახულ საჩივრებში მომხდარ გასაჩივრებულ ფაქტსა და საჩივრის წარდგენის თარიღს შორის პერიოდი 2-დან 5 წლამდეა. შესაბამისად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების მიხედვით რეალურ სურათს ვერ იძლევა. ამისთვის, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა, რათა ობიექტურად შევაფასოთ, თუ რამდენი სარჩელია შესული ევროპულ სასამართლოში.

 

დასკვნა

2014-2015 წლებში ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრები საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, საგამოძიებო ორგანოების მიერ პატიმრების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვალების, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების (რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაფიქსირდა) არაეფექტურ გამოძიებას ეხება. სხვა საჩივრები კი, მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არ ფიქსირდება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მაშინ მიმართავენ, როცა ყველა შიდასახელმწიფოებრივი დაცვის რესურსი ეწურებათ. შესაბამისად, კონკრეტული საქმის ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას დიდი დრო სჭირდება (ფაქტ-მეტრის მიერ გამოკვლეული პრაქტიკით, დაახლოებით 2-5 წელი). ამდენად, არსებული ხელისუფლების პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების მიხედვით რეალურ სურათს ვერ იძლევა და ამისთვის გარკვეული დროის გასვლაა საჭირო.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის მიმართ დადგა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის პირველ ნახევრამდე 200-მდე საჩივარზე გამოიკვეთა უფლების დარღვევის ფაქტები, რაც მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა. სახალხო დამცველის 2013-2014 წლის ანგარიშებში ასახულია პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტები. წარმოდგენილ ანგარიშებში განსაკუთრებით საგანგაშოა პატიმრების გარდაცვალებისა და მათდამი არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არის მცდარი.

 

 

რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვარიანტი მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა, რომელშიც ფაქტ-მეტრს გადამოწმებული ჰქონდა თეა წულუკიანის შემდეგი ფრაზა: “ჩვენთან ადამიანის უფლებები არ ირღვევა, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, ქვეყნიდან სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი არ შესულა”. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ukrinform-ის ჟურნალისტმა, უნებლიე შეცდომის გამო, ეს ფრაზა არაზუსტ კონტექსტში მოიყვანა და სინამდვილეში საქართველოს იუსტიციის მინისტრი მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაზე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ ადამიანის უფლებები პენიტენციალურ სისტემაში არ ირღვევა.

ჩვენ აღნიშნული უზუსტობის დამადასტურებელი ფაქტი გამოვიკვლიეთ და უშუალოდ ukrinform-ის ჟურნალისტთან გადავამოწმეთ, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ინტერვიუში შეცდომა ნამდვილად გაიპარა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა კვლევა განაახლა და თეა წულუკიანის რეალური განცხადება გადაამოწმა. შედეგად, სტატია დაკორექტირდა, შეიცვალა ვერდიქტიც და იუსტიციის მინისტრის განცხადება ტყუილის ნაცვლად მცდარად შეფასდა.

გააზიარეთ: