აჭარა
აჭარის 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია
ნახევრად სიმართლე
731 ნახვა
A+
A
A-

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა: „ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია, მიუხედავად ამისა, რესპუბლიკური ბიუჯეტი გაზრდილია 6 მილიონი ლარით და 238 მილიონ ლარს შეადგენს“. მინისტრი მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯების სამი მილიონი ლარით შემცირებასა და მთლიანად ბიუჯეტის ექვს მილიონიან ზრდაზე საუბრობდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2017 წლის ბიუჯეტის ასიგნებები თითქმის 6 მილიონი ლარით გაიზარდა (2016 წელთან შედარებით) და 238 მილიონ ლარს შეადგენს, 2015 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს კი 68 მლნ ლარით აღემატება.

 

ცხრილი 1: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2015-2017 წლებში

2015 წლის ფაქტი 170,031,400
2016 წლის გეგმა 231,884,200
2017 წლის პროექტი 238,000,000

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

2015 წლის მონაცემებით, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შრომით ანაზღაურებას 3 614 ადამიანი იღებდა, 2016 წელს ეს რიცხვი 3 654-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტიდან ხელფასს 3 609 ადამიანი მიიღებს. შრომის ანაზღაურების მთლიანი მაჩვენებელი 2015-2016 წლებში შესაბამისად 35 მლნ 134 ათას 600 და 39 მლნ 191 ათას 600 ლარს შეადგენს, ხოლო 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში ანალოგიური მაჩვენებელი 36 მლნ 620 ათას 300 ლარით განისაზღვრა.

 

ცხრილი 2: მომუშავეთა რიცხოვნება და შრომის ანაზღაურება

წელი მომუშავეთა რიცხოვნება შრომის ანაზღაურება (ლარი)
2015 ფაქტი 3 614 35 134 600
2016 გეგმა 3 654 39 191 600
2017 პროექტი 3 609 36 620 300

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომუშავეთა რიცხოვნება 2015 წელთან შედარებით 5 ერთეულით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 45 ერთეულითაა შემცირებული. რაც შეეხება ანაზღაურებას, 2017 წელს ხელფასებზე 2 მლნ 571 ათასი ლარით ნაკლების დახარჯვა იგეგმება ვიდრე 2016-ში, თუმცა, 2015 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხა 1 მლნ 485 ათას 700 ლარით აღემატება.

რაც შეეხება საქონელსა და მომსახურებას, რომელიც ასევე ადმინისტრაციული ხარჯების შემადგენელი ნაწილია, საბიუჯეტო წლების მიხედვით ამ მაჩვენებლებს ცხრილი 3 ასახავს.

 

ცხრილი 3: საქონელი და მომსახურება 2015-2017 წლებში

წელი 2015 წლის ფაქტი 2016 წლის გეგმა 2017 წლის პროექტი
საქონელი და მომსახურება 22 198 800 28 802 100 28 984 700

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელს (წინა წელთან მიმართებით) 6 მლნ 603 ათას 300 ლარითაა გაზრდილი, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტში მისი კიდევ 182 600 ლარით ზრდა იგეგმება. საერთო ჯამში, მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯი 2015-2016 წლებში შესაბამისად 57.33 მლნ და 68 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2017 წელს 65.6 მლნ ლარის ნიშნულზეა გათვალისწინებული. ამდენად, 2017 წლის ადმინისტრაციული ხარჯი 2015 წლის ანალოგიურ მონაცემს 8.27 მლნ ლარით აღემატება, ხოლო 2016 წლის მაჩვენებელზე 2.39 მლნ ლარით ნაკლებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების კლება აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ცვლილებას უკავშირდება. 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, უსკოში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების თანხა 2 მლნ 859 ათას 300 ლარი იყო, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, 592 200 ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 2 მლნ 267 ათასი ლარით ნაკლებია. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები არასაარჩევნო 2015 წლის მაჩვენებელს 8.27 მლნ ლარით აღემატება, საარჩევნო 2016 წლის მონაცემს კი მხოლოდ 2.39 მლნ ლარით ჩამოუვარდება, საიდანაც 2.27 მლნ ლარი უსკოს ხარჯების შემცირებით არის განპირობებული.

 

დასკვნა

2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ადმინისტრაციულმა ხარჯებმა, გასული წლის გეგმასთან მიმართებით, 2 მლნ 388 ათას 700 ლარით მოიკლო, მაგრამ ამ შემცირების 95% უსკოსთვის განსაზღვრული სახელფასო მაჩვენებლის კლებამ გამოიწვია. რეალურად კი, 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯების მხოლოდ 121 600 ლარით  შემცირება იგეგმება.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, რამაზ ბოლქვაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

გააზიარეთ: