მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2013-2014 სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა. განათლების მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ 2013 წლის 8 აპრილს განაცხადა. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საჯარო სკოლაში სწავლა უფასოა და სახელმწიფო ვალდებული იყო აღნიშნული რეალობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. მისი თქმით, ეს იყო ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს უნდა განეხორციელებინა.

განათლების სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე, 2013 წელს, 2 084 საჯარო სკოლის 650 000-მა მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო (პროგრამა კერძო სკოლების იმ მოსწავლეებზე არ გავრცელდა, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იმყოფებიან). ამ პროექტისთვის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 323 630 ლარი დაიხარჯა. 2014 წელს განათლების სამინისტრომ 3 863 090 წიგნი ხელახლა დაბეჭდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 216 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის (სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის) სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდებოდა. პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2012 წლიდან, ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები 2008 წლის ომში დაღუპული სამხედროებისა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებსაც გადაეცათ. განათლების მაშინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ამ პერიოდში სახელმძღვანელოები უფასოდ 180 000-ზე მეტ მოსწავლეს ვალდებულებების გარეშე გადაეცემოდა.

განათლების სამინისტროს მიერ 2013 წელს დანერგილი პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემა გარკვეული პერიოდით და ვალდებულებით განხორციელდა. კერძოდ, უფასო სახელმძღვანელოების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის დეტალებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანება არეგულირებს. ბრძანებაში განმარტებულია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15 ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმები კი შემდეგია: ა) ყდის მდგომარეობა; ბ) სახელმძღვანელოს სისუფთავე და გ) სახელმძღვანელოს გვერდების მდგომარეობა. ბრძანების თანახმად, მოსწავლეს გამოსაყენებლად არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო უნდა გადაეცეს. წიგნი გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ მისი მოვლა-პატრონობის შეფასების ქულა რვას ან რვაზე ნაკლებს შეადგენს. მოსწავლემ სკოლას წიგნი არანაკლებ 9 ქულით შეფასებულ კონდიციაში უნდა დაუბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ სახელმძღვანელოზე პასუხისმგებლობა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია დაზიანებული სახელმძღვანელო იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლოს. მოსწავლე ასევე ვალდებულია: სახელმძღვანელო მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენოს, შეინარჩუნოს წიგნის მთლიანობა, გაუფრთხილდეს მას, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს ჩანაწერები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თავად განათლების სამინისტროს შეფასებით, 2014 წლის 2 მაისის მდგომარეობით, 2-12 კლასებში წიგნების 76%, პირველ კლასში კი - 35% გამოსაყენებლად ვარგისი იყო. განათლების სამინისტროს 24 ივლისის განცხადების

მიხედვით, 2014-2015 სასწავლო წლისთვის, სრული საჭირო რაოდენობიდან, დაახლოებით 50-60%-მდე ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა უნდა განხორციელებულიყო. იმავე განცხადების თანახმად, სასწავლო წიგნი, ჯამში 289 სახელმძღვანელო, მხოლოდ 195 მოსწავლის მშობელმა ჩაანაცვლა. მათი ჩანაცვლების ძირითად მიზეზად სახელმძღვანელოების დაკარგვა დასახელდა. ცხადია, ისმის კითხვა, თუკი მოსწავლის/მშობლის მიერ ახლით მხოლოდ 289 სახელმძღვანელო ჩანაცვლდა, რატომ გახდა საჭირო მომდევნო სასწავლო წლისთვის თითქმის 60% ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარის დახარჯვა. ჩვენს ამ და მსგავს კითხვებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პასუხი არ გაგვცა.

უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა მტკივნეულად აისახა საგამომცემლო ბიზნესზე. სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის წესს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #30/ნ ბრძანება არეგულირებს. მასში სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი და საფასურის დამტკიცების პირობებია განსაზღვრული. სახელმძღვანელოების გრიფირება სამ ეტაპს მოიცავს:

  • განაცხადებისა და სახელმძღვანელოს/სერიის მიღება;
  • სახელმძღვანელოს/სერიის შეფასება;
  • გრიფის მინიჭება-გამოქვეყნება.

სახელმძღვანელოს სერიის/გრიფის მოქმედების ვადა 6 წელია. გრიფის ვადა შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როდესაც ამ კლასის/საფეხურის შესაბამისი საგნის ან საგნების სასწავლო გეგმა იცვლება.

აღნიშნული ბრძანება სამინისტროსა და გამომცემლებს შორის წარმოქმნილ უფლებებსა და ვალდებულებებსაც არეგულირებს. ბრძანების მე-10 მუხლის "ბ" პუნქტის მიხედვით, სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუძლია გრიფირებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გადასცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამინისტროს, გამომცემლების გვერდის ავლით, სახელმძღვანელოების ბეჭდვა შეუძლია.

ჩვენ ერთ-ერთი გამომცემლობის, კერძოდ "ინტელექტის" დირექტორს, კახა კუდავას ვესაუბრეთ. კუდავას განმარტებით, გამომცემლებსა და განათლების სამინისტროს შორის სახელმძღვანელოების თემაზე უთანხმოება ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწო, როდესაც განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო. კერძოდ, მან  ახალი ხელშეკრულება შეიმუშავა, რომელშიც სამინისტროს ზემოაღნიშნული უფლება ჩაიდო, რაც დავის საგანი გახდა. კონსულტაციებისა და შეხვედრების შემდეგ, გამომცემლებმა პირობა მიიღეს, რომ განათლების სამინისტრო აღნიშნულ მუხლს მხოლოდ კრიზისული სიტუაციის დროს აამოქმედებდა. გამომცემლების მხრიდან ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში (შესაბამისი რაოდენობის სახელმძღვანელოების დაბეჭდვა, სახელმძღვანელოებით საჯარო სკოლების მომარაგების უზრუნველყოფა, სახელმძღვანელოებზე ღირებულების მაქსიმალური ოდენობის (10 ლარი) მითითება და ა.შ.), განათლების სამინისტრო აღნიშნულ მუხლს არ აამოქმედებდა. კახა კუდავას თქმით, სეზონმა კარგად ჩაიარა, 2012 წელს ახალ კონკურსშიც გაიმარჯვეს და რადგან ექსპერიმენტმა გაამართლა, გამომცემლებმა ანალოგიურ ხელშეკრულებას კიდევ ერთხელ მოაწერეს ხელი.

"

ინტელექტის" დირექტორმა ასევე განაცხადა: "ვერ ვიტყვით, რომ მაშინდელ მთავრობასთან შეხმატკბილებულები ვიყავით. იყო დაპირისპირებები, მაგრამ ეს მაინც შემოქმედებითი პროცესი იყო". მაგალითად, სომხური და აზერბაიჯანული წიგნების ბეჭდვა გაცილებით ძვირი ჯდებოდა, რადგან ტირაჟი ნაკლები იყო, თუმცა გამომცემლები იძულებულნი იყვნენ მაქსიმალური ფასის დაწესებული 10 ლარიანი ზღვარი დაეცვათ.

კუდავას თქმით, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად გაჩნდა ახალი იმედები. თუმცა, თვეების განმავლობაში განათლების სამინისტრო გამომცემლებს არ დაკავშირებია. ამის შემდეგ, გამომცემლებმა განათლების სამინისტროსთან შეხვედრა თავად მოითხოვეს. 2013 წლის თებერვალში შემდგარ ერთ-ერთ შეხვედრაზე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ამოქმედება სურდათ და გამომცემლებთან ფასებზე შეთანხმება ითხოვეს. გამომცემლებმა სამინისტროს 30-35%-იანი ფასდაკლება შესთავაზეს. თუმცა, განათლების სამინისტროს მხრიდან შემხვედრი წინადადებები არ წამოსულა. კუდავას ვარაუდით, სამინისტროში მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ შესაბამის ბრძანებაში არსებობდა მუხლი, რომელიც განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების გამომცემლობებისგან დამოუკიდებლად ბეჭდვის უფლებას აძლევდა და სამინისტრომ მისი ამოქმედება გადაწყვიტა. მოტივად ქვეყანაში არსებული სიღარიბე დასახელდა. მისივე თქმით, ეს რომ ყოფილიყო 2008 წელს, ომის დროს, როდესაც ქვეყანაში მართლაც კრიზისი იყო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუკი ამის საჭიროება  2011 და 2012 წლებში არ იყო, 2013-ში რა მოხდა? ამასთან, გამომცემლობა "ინტელექტის" დირექტორის აზრით, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა განათლების ყოფილ მინისტრს და იმ დროისთვის უკვე პრეზიდენტობის კანდიდატ მარგველაშვილს საარჩევნო მიზნებისთვის სჭირდებოდა. "მას მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტი არ ეყოფოდა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო. ის უნდა შესულიყო ყველა ოჯახში და [უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის საშუალებით] მოახერხა კიდეც".

კუდავას თქმით, გამომცემლები უფასო სახელმძღვანელოების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ეს მათ ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.  "ის, რაც განათლების სამინისტრომ გააკეთა, არის წიგნზე შეტევა. განათლების სამინისტროს ეს ნაბიჯი იყო ყაჩაღობა. როდესაც წიგნს გრიფი ენიჭება, ნიშნავს, რომ ის 6 წლით კონკრეტული გამომცემლობის ინტელექტუალური საკუთრებაა. დისკები, რომლებიც გრიფის მინიჭების პროცესში ჩაბარებული გვქონდა და კონკრეტული სახელმძღვანელოს შინაარს ინახავდა, სხვა სტამბებს დააბეჭდინეს". დღეის მდგომარეობით, გამომცემლობები სახელმძღვანელოებს მხოლოდ კერძო სკოლებისთვის ბეჭდავენ. კერძო სკოლები ქვეყანაში მოქმედი სკოლების საერთო რაოდენობის 7%-ია, რომელსაც 18 გამომცემლობა ინაწილებს. ამასთან, ბრძანებაში, რომელიც გამომცემლობებსა და სამინისტროს შორის არსებულ უფლება-მოვალეობებს არეგულირებს, განმარტებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო წიგნს გამომცემლობისგან გვერდის ავლით დაბეჭდავს, ის ვალდებულია გამომცემლობას წიგნის სტამბაში ბეჭდვის ღირებულების 10% გადაუხადოს. განათლების სამინისტროს განმარტებით, ბეჭდვის ფასი 1,80 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სახელმძღვანელოზე გამომცემლობას 18 თეთრი ეკუთვნის, ავტორს კი თითო დაბეჭდილი წიგნიდან ერთი თეთრი ხვდება. "ჩვენ წაგვართვეს წიგნები და საკუთარი სახელით დაარიგეს" - აღნიშნა კახა კუდავამ.

2013-2014

წლებში გამომცემლებმა ამ საკითხებთან დაკავშირებით ორი წიგნი გამოსცეს:

  • როგორ წავართვათ წიგნი ავტორსა და გამომცემელს (უფასო სახელმძღვანელო დამწყები მინისტრებისთვის);
  • გამომცემლები VS განათლების სამინისტრო (ბრძოლა გრძელდება).

წიგნებში დეტალურად არის განხილული ყველა ის მოვლენა, რაც განათლების სამინისტროს მხრიდან უფასო სახელმძღვანელოების პროგრამის ამოქმედებას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში განათლების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად ტენდერები არ ჩაუტარებია. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე იქნა მიღებული. 2014 წლის 22 მაისის განკარგულების მიხედვით, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-101

მუხლის მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სახელმძღვანელოების ბეჭდვის მომსახურების შესყიდვის უფლება მიიღო.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-101

მუხლის მე-3 პუნქტი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელების პირობებს ადგენს. ამავე პუნქტის "დ" ქვეპუნქტი განმარტავს, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესყიდვების განხორციელება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. კითხვაზე, უკვე მეორედ რატომ გახდა საჭირო გამარტივებული ტენდერის შეზღუდულ ვადებში ჩატარება მაშინ, როდესაც უფასო სახელმძღვანელოების პროგრამაზე მუშაობა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო, განათლების სამინისტროს პასუხი დღემდე არ გაუცია.

ხოლო, კითხვაზე, თუ რა პრინციპით მოხდა ტენდერის გარეშე იმ სტამბების შერჩევა, რომლებმაც სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება მიიღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გვიპასუხა, რომ რაციონალური ფასის დადგენის მიზნით, 2013 წლის პრაქტიკის გათვალისწინებით, ბაზრის კვლევა განხორციელდა. კვლევის შედეგად, 2013 წლის მსგავსად, კვლავ  "გაერთიანებული ქართული სტამბა - ფავორიტი პრინცი & მვპ" შეირჩა. მათთან ხელშეკრულება 2014 წლის 6 ივნისს გაფორმდა.

უფასო სახელმძღვანელოების ინიციატივამ საგამომცემლო ბაზარზე რეალური პრობლემები შექმნა და გამომცემლობები ფინანსური რისკების წინაშე დააყენა. ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რამდენად არის უფასო სახელმძღვანელოები მართლაც "უფასო", მაშინ როცა მასში ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება.

თემაზე მუშაობის პროცესში, განათლების სამინისტროს დამატებითი კითხვებით კიდევ ერთხელ მივმართეთ. პრესსამსახურმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ  უფასო სახელმძღვანელოების შესახებ უწყების მხრიდან კომენტარები ერთხელ უკვე გაკეთდა და განათლების სამინისტროს დამატებით სათქმელი არაფერი აქვს. შესაბამისად, ინტერვიუზეც უარი მივიღეთ. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რა პოლიტიკას გაატარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამომცემლებთან მიმართებაში. ასევე, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ჩატარდება თუ არა ტენდერი სასკოლო სახელმძღვანელოების დასაბეჭდად.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი