პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. "ჩვენ ინოვაციური ნორმები შემოვიტანეთ. განსაკუთრებით გამოვყოფ იმ უფლებას, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან სახალხო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს მიენიჭათ. მათ შეეძლებათ საპატიმრო ადგილებში პირველად მოახდინონ იმ პატიმრების ფოტოგადაღება, რომლებიც აცხადებენ, რომ დაზიანებულები არიან, ან რაიმე ზემოქმედების კვალი აქვთ. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, საპატიმროების საერთო მოხმარების ადგილები გადაიღონ, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯარო სივრცისთვის დახურული იყო" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2015 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით პატიმრობის კოდექსი დაამტკიცა. ამ რეგულაციით, სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებაში 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფოტოგადაღების უფლება მიენიჭათ. აღნიშნულ ცვლილებას ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველი, ანა საბატოვაც გამოეხმაურა

და ის პატიმრების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ამასთან, ჩეხეთის სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამოც, რომ ფოტოდოკუმენტაციის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც საერთაშორისო დონეზე თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების კუთხით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, ამ დრომდე კანონით რეგულირებული არ იყო.

პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველისთვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭება ქართულ რეალობაში მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ამ უფლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე სახალხო დამცველი (2013 და 2014 წლების ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა და პარლამენტს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის პრევენციის მიზნით სპეციალური პრევენციული მექანიზმის წევრისთვის ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ რეკომენდაციით მიმართავდა. სახალხო დამცველის განმარტებით,

 გამოძიების ეფექტიანობა დიდწილად გამოძიების დასაწყისშივე არსებული მტკიცებულებების მყისიერ მოპოვებაზეა დამოკიდებული. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ცუდ ფიზიკურ გარემოში პატიმრის მოთავსება რიგ შემთხვევაში შეიძლება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდეს, მიზანშეწონილია სპეციალური ფოტოგადაღების უფლების დაშვება (გვ. 31). სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭება, როგორც პრევენციისა და მონიტორინგის ფუნქციის განხორციელებას, ისე სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში 2004 წლის "გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო პრინპიცები", ე.წ. სტამბოლის პროტოკოლია

 ნახსენები. ამ დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია იმ პირთა მიერ მიღებული სხეულის დაზიანებათა ფერად ფოტოსურათებზე ასახვა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან. ამასთან, უნდა მოხდეს იმ შენობისა (შიგნიდან და გარედან) და მასში აღმოჩენილი ყველა ნივთმტკიცების გადაღება, სადაც, მათი განცხადებით, წამებას ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ ფოტოს გადაღება, თუნდაც ჩვეულებრივი ფოტოაპარატით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ზოგიერთი ნიშანი შეიძლება მალევე გაქრეს. თუმცა, როგორც კი სპეციალური ფოტოაპარატი ხელმისაწვდომი გახდება, აუცილებლად უნდა მოხდეს იმავე სურათების პროფესიონალური კამერით გადაღებაც. ამასთან, პროტოკოლის თანახმად, განსაზღვრულია სხვა ტექნიკური დეტალებიც, რომელთა გათვალისწინებაც ფოტოგადაგების დროს მნიშვნელოვანია. მაგალითად, ფოტოაპარატს უნდა ჰქონდეს თარიღის და დროის ავტომატურად მითითების ფუნქცია და სხვა (გვ. 53).

ფაქტ-მეტრი შეეცადა გადაემოწმებინა, გასცემდა თუ არა 2013 წლამდე სახალხო დამცველი ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ რეკომენდაციებს. ამის დასადგენად, სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებს გავეცანით. 2006 წელს სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებრივი კომისიებისათვის ფოტოგადაღებისა და აუდიო ჩანაწერის უფლების მინიჭების შესახებ რეკომენდაციით მიმართა. ასევე, როგორც 2008 წლის მე-2 ნახევრის ანგარიშიდან გახდა ცნობილი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების სახალხო დამცველისთვის მისანიჭებლად

 შემუშავდა კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც, სახალხო დამცველთან კონსულტაციების შემდეგ შეთანხმება ერთი პრინციპული საკითხის გარდა ყველა საკითხზე მოხდა. კერძოდ, ვერ მოხერხდა პრევენციის ეროვნული მექანიზის წევრების მიერ მათი ფუნქციის განხორციელების დროს აუდიო, ფოტო, ვიდეო ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების შესახებ შეთანხმება. იუსტიციის სამინისტრომ დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა აღნიშნული დებულების კანონპროექტში ასახვაზე.

ფაქტ-მეტრი ასევე დაინტერესდა, თუ რას მოიცავს ფოტოგადაღების უფლებამოსილება, როგორ უნდა განხორციელდეს იგი და რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, "საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე სახალხო დამცველის მიერ შესაბამისი უფლებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით, მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება განახორციელოს".

აქვე აღსანიშნავია, რომ სპეციალური წესი, რომელიც სახალხო დამცველისა და პრევენციული ჯგუფის უფლებამოსილების ფარგლებს განსაზღვრავს, ჯერჯერობით მიღებული არაა. პატიმრობის კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მიერ სპეციალური წესის შემუშავება, სახალხო დამცველთან შეთანხმებით, არაუგვიანეს 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა მოხდეს.

დასკვნა

სახალხო დამცველსა და პრევენციული მექანიზმის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი საცხოვრებელი პირობების გადაღების უფლებამოსილება, კანონის თანახმად, დღემდე არ ჰქონიათ. მართალია, აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საუბარი 2005 - 2008 წლებშიც მიმდინარეობდა, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. 2013 წლიდან მოყოლებული სახალხო დამცველი აქტიურად მოუწოდებდა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და 2015 წლის 1 მაისს პარლამენტმა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებამოსილება დაამტკიცა.

პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების განხორციელების უფლება საქართველოში ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა. თუმცა, რამდენად იქნება აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, ჯერ უცნობია, ვინაიდან სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლები და მისი განხორციელების წესი ჯერ დადგენილი არ არის. კანონით, მისი შემუშავება 2016 წლის 1 აგვისტომდე, სახალხო დამცველთან შეთანხმებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაევალა, რამაც ახლადმიღებული ნორმის ამოქმედება 2016 წლის 1 სექტემბრამდე გადაავადა.

ფაქტ-მეტრი ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება, ამ ეტაპზე კი ასკვნის, რომ ეკა ბესელიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი