5 ივნისს, დიპლომატიური კორპუსის, უცხოური ბიზნეს-ასოციაციების, საკონსულტაციო კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საპარტნიორო ფონდიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე პრემიერმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც წარმოადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,

საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა.

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი" კანონის უზენაესობის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევა კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 102 ქვეყანაში ასახავს. პროექტი 47 ინდიკატორს იყენებს, რომლებიც 9 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება:

კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), დანაშაულის დონე და სისხლის და სამოქალაქო მართლმსაჯულება. კანონის უზენაესობის ინდექსი მსოფლიოს მასშტაბით 102 ქვეყანაში, 100 000-ზე მეტი მოქალაქისა და 2 400 ექსპერტული კვლევის შედეგად დგინდება.

კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს  კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს.

მსოფლიო რეიტინგში, 0.73 ქულით, ქვეყანა 22-ე პოზიციას იკავებს (გვ. 25). მაღალია ღია მმართველობის მაჩვენებელიც − 29-ე პოზიცია რეიტინგში. ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ 17 ქვეყანას ჩამორჩება (გვ. 26). ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა 38-ე პოზიციაზეა (გვ. 27), წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით - 24-ე (გვ. 28), აღსრულების მაჩვენებლით 25-ე (გვ. 29), ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიხედვით 26-ე (გვ. 30)  და 35-ე პოზიციებზე (გვ. 31).

"

მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორუფციის არარსებობაში (0.73), ასევე წესრიგსა და უსაფრთხოებაში (0.83) აქვს. ყველაზე დაბალი შეფასება - 0.53 ქულა, ინდექსის თანახმად, საქართველოს კრიმინალურ მართლმსაჯულებაში აქვს.

საერთო ჯამში, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის საქართველო 29-ე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებელით ლიდერია როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური აზიის რეგიონში.

დასკვნა "

მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კვლევაში, რომელიც მსოფლიოს 102 ქვეყანაში 9 ფაქტორის მიხედვით კანონის უზენაესობის ინდექსს ადგენს, საქართველო 29-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული შედეგით, ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფოზე წინაა. კვლევის ერთ-ერთ ფაქტორს ღია მმართველობის მაჩვენებელი წარმოადგენს. საქართველო ამ კუთხით 29-ე ადგილზეა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ ევროპაში საქართველო ამ მაჩვენებლით მხოლოდ ევროკავშირის წევრ 17 სახელმწიფოს ჩამორჩება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი