25 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციის, დაძაბულობისა და დაბალი აქტივობის ფონზე ჩატარდა. პროტესტის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ იყო, რომლის წევრებსაც ახლაც აქვთ ბლოკირებული თსუ-ს აუდიტორიების ნაწილი და დაშლას არ აპირებენ.

მათი პროტესტის მიზეზი ისაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე, ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებების შესაბამისად, თვითმმართველობის რეფორმირება უნდა მომხდარიყო. ამ მოთხოვნით აქციების პირველი ტალღა „აუდიტორია 115“-მა შარშან გაზაფხულზე დაიწყო და პროტესტი მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებისგან რეფორმის ჩატარების დაპირება მიიღო.

დღეს „აუდიტორიის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და ხელისუფლების სიტყვიერ დაპირებებს აღარ ენდობიან. შესაბამისად, სადამდე გასტანს არეულობა თსუ-ში, ძნელი სათქმელია.

პროტესტის პირველი ტალღა

შარშან პირველი საპროტესტო ტალღა უნივერსიტეტში თვითმმართველობის მხრიდან ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგში 25000 ლარის გადახდას მოჰყვა. თუმცა პროტესტმა უფრო ფართო სახე მიიღო და საბოლოოდ თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნაში გადაიზარდა.

სიტუაციამ განმუხტვა თსუ-ში პრემიერის ვიზიტის შემდგომ დაიწყო. მაშინ ხელისუფლება ერთხმად საუბრობდა რეფორმების აუცილებლობაზე.

პროტესტის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრის შემდგომ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. სტუდენტების მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახები და ძალიან საჭირო მოთხოვნები“.

პრემიერის თქმით, მან ყურადღებით მოუსმინა სტუდენტებს და შეთანხმდა მათთან - თვითმმართველობა ამ მახინჯი ფორმით აღარ უნდა არსებობდეს.

ამავე აზრზე იყო განათლების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე. ის ამბობდა, რომ „დაიწყო გარდამავალი პერიოდი. აღარ ჩატარდება არჩევნები. მოვალეობას შეასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან თვითმმართველობაში“.

სანიკიძე აღნიშნავდა, რომ სისტემის ცვლილებამდე უნდა შემუშავებულიყო შიდა საუნივერსიტეტო წესი, რომელიც ფინანსებთან თანაბარ წვდომას უზრუნველყოფდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ კი, როცა განათლების მინისტრის პორტფელი გადაიბარა, „აუდიტორია 115“-ის წევრებს პროგრესისთვის მებრძოლი სტუდენტები უწოდა.

„აუდიტორია 115“-მა ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის განცხადებაც გაიხსენა: „რასაც უნივერსიტეტის თვითმმართველობა დაარქვეს, „მხედრიონისა“ და „კომკავშირის“ ნაჯვარია, ძალადობასა და დოგმაზე დამყარებული რაღაც იდეოლოგია აქვთ და საოცარია, რომ ამას ექვემდებარება ახალგაზრდების ერთი ნაწილი და ეს იმართება ცენტრალიზებულად“.

მეორე ტალღა

დაპირებული რეფორმის ნაცვლად, 25 ნოემბერს თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რასაც პროტესტი მოჰყვა. არჩევნებამდე საპროტესტო მოძრაობის წევრებმა კენჭისყრის პროცესის ხელის შესაშლელად აქციები დააანონსეს და დღის განმავლობაში რამდენიმე უბნის ჩაშლა მოახერხეს. მიუხედავად მათი მცდელობისა, აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა 10%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მოახერხა და არჩევნები შედგა.

საბოლოოდ, არჩევნებში ხმის უფლების მქონე 20615 ამომრჩევლიდან 2436-მა მოახერხა მონაწილეობა და, შესაბამისად, ცესკო-მ არჩევნები ლეგიტიმურად ცნო.

„აუდიტორიის“ ახალი პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი განათლების მინისტრის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებაა, რომლითაც ალექსანდრე ჯეჯელავა მანამდე გაკეთებულ საკუთარ თუ მთავრობის სხვა წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოვიდა.

„აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთი წევრი ამბობს: „ანალოგიური პროცესები იყო რამდენიმე თვის წინაც და ჩვენ ეს გვახსოვს. მაშინაც დავიკავეთ მეექვსე კორპუსი და პრემიერი მოვიდა ჩვენთან შესახვედრად. მან მოგვცა კონკრეტული დაპირებები. ეს დაპირებები არ შესრულდა და „აუდიტორია“ აგრძელებს საპროტესტო მოძრაობას.

ჩვენ ბევრი ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე და აღარ შევწყვეტთ პროტესტს სიტყვიერი დაპირების სანაცვლოდ. ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელმა, ასევე საკანონმდებლომ, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ უკვე გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი“.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე გიგი ბერიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობამ დაუშვა მნიშვნელოვანი შეცდომა, როდესაც ხელისუფლებას ენდო და დაიჯერა, თითქოს საკუთარი ნებით შეცვლიდნენ ამ მანკიერ სისტემას. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ რეფორმების გატარების აუცილებლობას, რომლებზეც „აუდიტორია 115“ მარტის შემდეგ საუბრობს.

„ფაქტ-მეტრი“ არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატს და თვითმმართველობის წევრ არჩილ ჯავახიშვილსაც ესაუბრა.

„აუდიტორია“ საუბრობს, თითქოს ფინანსებზე წვდომა გვქონდეს მონოპოლიზებული თვითმმართველობაში. ეს ასე არაა. არსებობს თსუ-ს ბიუჯეტში სტუდენტების პროექტებისა და იდეების დასაფინანსებლად კონკრეტული თანხა და ამ თანხის მცირე ნაწილის ათვისებას ახერხებს თვითმმართველობა. დანარჩენი თანხა კი გაუხარჯავი რჩება, ვინაიდან სხვები, უბრალოდ, არ მიმართავენ ადმინისტრაციას პროექტებით.

ჩემი აზრით, ნებისმიერი სტრუქტურა დროთა განმავლობაში საჭიროებს ცვლილებებს. რასაკვირველია, თვითმმართველობაშიც არის გასატარებელი რეფორმები, თუმცა ეს უნდა იყოს ლეგიტიმური პროცესი. „აუდიტორია“ მთელი თვის განმავლობაში აგზავნიდა მესიჯებს, რომ არჩევნებს ჩაშლიდა. მათი ქმედებები არის დესტრუქციული და არ არის მიმართული რეალური ცვლილებების განხორციელებისკენ და რაც ყველაზე ცუდია, სხვებსაც უშლიან ხელს, აკეთონ საქმე და მიიღონ განათლება“, - ამბობს არჩილ ჯავახიშვილი.

ამ პროცესების პარალელურად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელი, რომელიც პროტესტის მონაწილეებმა მოამზადეს. „აუდიტორიის“ ერთ-ერთი მოთხოვნა ამ მომენტში ისიცაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გარეშე არჩევნების ჩატარება მიუღებელია.

ამის საპასუხოდ თვითმმართველობის წარმომადგენელი თავად სარჩელის ხარვეზებზე საუბრობს. არჩილ ჯავახიშვილი ამბობს, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლი გაერთიანების თავისუფლებას გულისხმობს და ამ მუხლის დაცვის ქვეშ სტუდენტური თვითმმართველობა არ ექცევა, ვინაიდან ეს არის არა გაერთიანება, არამედ სტრუქტურული ორგანოა და საკუთარ აღმასრულებელ საქმიანობას ახორციელებს.

მისი მტკიცებით, ის, რომ სარჩელში 26-ე მუხლია მითითებული, უკვე სარჩელის ხარვეზულობაზე მიუთითებს. ამასთანავე, არჩილ ჯავახიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დადგომამდე შესაძლოა, 12 თვე გავიდეს და ამ პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტი სამართლებრივ გაუგებრობაში ვერ იცხოვრებს.

საბოლოოდ თსუ-ში არჩევნები შედგა - 4 უბანზე შეფერხება არ ყოფილა, ხოლო დანარჩენი 9 უბანი პიკეტირებული იყო. იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველმა ნების გამოხატვა და აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და ხელახლა აირჩევა დელეგატები.

„აუდიტორია 115“-ის წევრებს კი აუდიტორიების ნაწილი ისევ ბლოკირებული აქვთ და დაშლას არ აპირებენ.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი