ქუთაისის პარლამენტის შენობამდე მისასვლელად ქუჩიდან ქვაფენილიანი გზა მიდის. ეს გზა საკმაოდ გრძელია და ჯერ მთავრობის მიტოვებულ შენობას ჩაუვლის, რომელიც, როგორც ყველა მიტოვებული შენობა, ფანჯრებჩამტვრეული, ჩაბნელებული და ჭუჭყიანია, მერე მოუვლელ ბალახიან ტერიტორიას კვეთს და მიუხედავად იმისა, რომ ფილაქანი ადგილ-ადგილ ამ გზაზეც აყრილია, მაინც იძლევა საშუალებას, რომ პარლამენტის შენობაში ტალახიანი ფეხსაცმლით არ შეხვიდე.

თუმცა, ახალი პარლამენტის პირველი სესიის დღეს ამ გზაზე გავლა მხოლოდ ხალხის რჩეული 150 დეპუტატისთვის იყო შესაძლებელი. თანაც მათ პარლამენტის კარებამდე მანქანით მისვლა შეეძლოთ. ყველა დანარჩენისთვის კი ეს გზა შენობიდან კარგად მოშორებით ჩაკეტილი იყო, სადაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელი იდგა და არადეპუტატებს არაქვაფენილიანი გზით უშვებდა, რომელიც წვიმის გამო ატალახებული იყო.

სამაგიეროდ, თავად პარლამენტის შენობა პირველი სესიისთვის საგანგებოდ გასუფთავებულ-გამზადებული დაგვხვდა. საბოლოოდ, სესია, სულ რაღაც, 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო და არც კვორუმის პრობლემა ყოფილა. საერთო ჯამში, პირველ სხდომას 150-წევრიან პარლამენტში 148 დეპუტატი ესწრებოდა, მაგრამ სხდომის წამყვანმა ჯერ გამოაცხადა, სხდომას 141 დეპუტატი ესწრებაო და მერე რეგისტრაციის გავლა მხოლოდ 139-მა მოახერხა. მართალია, შესვენებისას პარლამენტის აპარატი მედიის წარმომადგენლებს რეგისტრაციის ამონაბეჭდს აჩვენებდა, სადაც 9 კაცს ხელი კალმით ჰქონდა მოწერილი, რომ ისინი სხდომას ესწრებოდნენ, რადგან მათმა პულტმა არ იმუშავა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რეგისტრაციისას 139 დეპუტატზე მეტი არც ერთხელ არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ოფიციალურად სესიაზე არმყოფებს, ერთი სანდრა რულოვსი იყო, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი ოფიციალურად თქვა და მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა ცნოს, ეს კი პირველ სესიაზე ვერ მოხდებოდა. მეორე კი გია ჟორჟოლიანი იყო, რომელიც, როგორც პარლამენტის აპარატში გვითხრეს, სესიას ავადმყოფობის გამო ვერ ესწრებოდა.

პირველი სესია პრეზიდენტმა გახსნა და მზადყოფნა გამოთქვა, პრობლემურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა დაამკვიდროს, საკუთარი ხედვა წარმოადგინოს და ის საკითხები შესთავაზოს პარლამენტს, რომელიც, მისი აზრით, უპირველესად დახვეწასა და სრულყოფას საჭიროებს.

„ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, რომ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. მარტივ ჭეშმარიტებას შეგახსენებთ - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი. პარლამენტთან თანხმობითა და თანამშრომლობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება პროგნოზირებად და კეთილდღეობის შექმნაზე ორიენტირებულ სტაბილურობად უნდა იქცეს, გამოწვევები კი - შესაძლებლობებად. ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმები სრულად უნდა ამუშავდეს და სამოქალაქო ჩართულობისთვის დამატებითი ინსტრუმენტები უნდა შეიქმნას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა პარლამენტართა, უფრო სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა უმრავლესობა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები თავის გამოსვლებში უფრო პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენილი ირაკლი კობახიძის დადებითად დახასიათებაზე იყვნენ ორიენტირებული. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, კობახიძეს „დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვსო“, რამაც დარბაზში ირონიული რეპლიკები გამოიწვია. თუმცა, ამას გაგრძელება არ მოჰყოლია.

პირველივე სესიაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ნიკა მელიას გამოსვლისას ზაზა პაპუაშვილმა ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზების ყვირილი დაიწყო. ამ დროს მიკროფონი ჩართული არ იყო და პარლამენტის ახალ სპიკერსაც „დაავიწყდა“, რომ ის მთელი პარლამენტის სპიკერია და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ და პაპუაშვილისთვის ხელი არ შეუშლია. სამაგიეროდ, გამოცდილ მანდატურებს არ დაავიწყდათ თავიანთი მოვალეობა და პაპუაშვილის გაჩუმება კობახიძის ჩარევის გარეშეც მოახერხეს.

ადგილიდან რეპლიკების გამოყენებით სიტუაციის დაძაბვას „ოცნების“ კიდევ ერთი წევრი - ზაქარია ქუცნაშვილიც შეეცადა. მას ოთო კახიძის სიტყვით გამოსვლა არ მოეწონა და პარალელურ რეჟიმში ხმამაღლა იმეორებდა - „ადეიშვილის კაციაო“. თუმცა, ამ შემთხვევაში მისი დამშვიდება უკვე მანანა კობახიძემ სცადა, რომელიც ქუცნაშვილთან მივიდა და კარგა ხანი რაღაცას არწმუნებდა.

ასეა თუ ისე, პირველ სესიაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მაინც არ მომხდარა. თუმცა, ზემოაღწერილ ინციდენტებსაც არც ისე ბევრი ხალხი შეესწრო. მთელი სესიის განმავლობაში დარბაზი მხოლოდ კენჭისყრისას ივსებოდა. დანარჩენ დროს კი დეპუტატთა ნახევარიც კი არ ესწრებოდა. ისინი ამ დროს სხდომათა დარბაზის წინ ფოიეში ჟურნალისტებს კომენტარებს აძლევდნენ. თანაც, როგორც ჩანს, პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობა განსაკუთრებით მოწადინებული იყო, ჟურნალისტებისთვის კომენტარი მიეცა.

სამაგიეროდ, კომენტარის გაკეთება პრემიერ-მინისტრს არ უნდოდა და ფოიეში მყოფმა ჟურნალისტებმა ტუალეტის კართან დაიჭირეს და ისეთი აჟიოტაჟი ატეხეს, რომ იძულებული გახდა, შეწუხებული სახით მოკლე კომენტარი გაეკეთებინა.

ამასობაში კი სხდომათა დარბაზში უფრო საინტერესო რაღაც ხდებოდა. ირაკლი კობახიძე შეეცადა, პარლამენტის თავმჯდომარეობას მორგებოდა, მაგრამ პრაქტიკულად მთელი გამოსვლა ისევ „სისხლიან 9 წელიწადზე“ საუბარს მიუძღვნა.

სამაგიეროდ პირველივე სესიაზე გამოჩნდა, რომ პარლამენტში მმართველი გუნდის რეალური ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება. მმართველი გუნდიდან ერთადერთი იყო, ვინც კონკრეტულ საკითხებზე ლაპარაკი მოახერხა და საკმაოდ დამაჯერებლადაც. თუმცა, „სისხლიანი 9 წელი“ და 2012 წლის საარჩევნო პროცესი არც მას დავიწყებია და ისიც კი თქვა, 2012 წლის არჩევნებისგან განსხვავებით ახლა „გზებზე ერთ ლურსმანსაც ვერ იპოვიდითო“.

მისი გამოსვლა კი გამორჩეული იმითაც იყო, რომ სიტყვა მეუღლეებისა და ოჯახის წევრებისადმი მადლობით დაიწყო. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ლამის სათითაოდ ჩამოთვალა, ვინც სხდომას ესწრებოდა. თუმცა, მედია არც კი გახსენებია და ამაში ორიგინალური არ ყოფილა. დამსწრე საზოგადოების ნაწილად მედია არც ერთმა გამომსვლელმა არ ჩათვალა.

აქვე უნდა ითქვას, რომ პირველ სესიაზე „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილიც კი დაავიწყდა და არჩილ თალაკვაძე იყო ერთადერთი, ვისაც ივანიშვილი გაახსენდა და საგანგებო მადლობა გადაუხადა. თუმცა, საინტერესო ის იყო, რომ მმართველი გუნდის დარბაზში მყოფ წევრებს, სავარაუდოდ, ეს ნათქვამი არ გაუგიათ, რადგან ამაზე ტაშიც კი არ დაუკრეს. სამაგიეროდ ტაში დაუკრეს, როდესაც მან რომან გოცირიძეს შევარდნაძის დროს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტობა გაახსენა.

პირველი სხდომა დასრულდა. ყველა საპარლამენტო თანამდებობა განაწილებული და კენჭნაყარია. ეს დღეც ჩვეულებრივი იყო და, ცალკეული სახეების გარდა, თითქოს არც არაფერი შეცვლილა.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი