ჩემი ყველა ვეტო, რომელიც პარლამენტმა დაძლია, მოგვიანებით ან საკონსტიტუციომ გაიზიარა, ან თვითონ მთავრობამ
სიმართლე
1929 ნახვა
A+
A
A-

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის მიერ მისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონპროექტებზე დადებულ ვეტოებზე ისაუბრა. „ყველა ის ვეტო, რომელიც დაძლეული იქნა დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ გაიზიარა, ან თვითონ მთავრობამ…“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

გიორგი მარგველაშვილს, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, ვეტო პარლამენტის მიერ მისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილ ხუთ კანონპროექტზე აქვს დადებული. ამათგან, პარლამენტმა მოტივირებული შენიშვნები მხოლოდ ორ შემთხვევაში გაითვალისწინა, ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ვეტოდან ორი ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებით იქნა გამოყენებული და დიდი ალბათობით პრეზიდენტის მეექვსე ვეტოც სწორედ ამ საკითხს შეეხება.

 

პირველი ვეტო

პრეზიდენტის პირველი ვეტო ე.წ. „ფარული მოსმენების“ საკითხს ეხებოდა. კერძოდ, პარლამენტის მიერ პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად წარდგენილი კანონპროექტი, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების მიღებისთვის, კანონით დადგენილი ვადის – 2014 წლის 1 ნოემბრის  მაგივრად, 2015 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ კანონრპოექტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების ვადის გაგრძელების გარდა, შსს-ს პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლებამოსილების 2015 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივებასაც ითვალისწინებდა.

პრეზიდენტმა პარლამენტის ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, კანონპროექტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს ცვლილებების განხორციელების ვადის მაქსიმალურად შემჭიდროებისა და ახალი რეგულაციების 1 დეკემბრამდე მიღებისკენ მოუწოდა. პარლამენტმა გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშნვები და ცვლილებების განხორციელების საბოლოო ვადად არაუგვიანეს 2014 წლის პირველი დეკემბერი დაადგინა.

 

მეორე ვეტო

პრეზიდენტმა ვეტოს უფლება მეორედ 2014 წლის 29 ნოემბერს, ასევე ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან მიმართებით გამოიყენა, თუმცა, ამ შემთხვევაში პარლამენტმა არ გაიზიარა მოტივირებული შენიშვნები და პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

პრეზიდენტმა მისთვის წარდგენილი კანონპროექტის მთავარ ხარვეზად მოსმენების პროცესზე არაეფექტური გარე კონტროლის არსებობა დაასახელა. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ერთი გასაღების ფლობაზე. პრეზიდენტის მოსაზრებით, გასაღების ფლობა მას ფარული მიყურადების პროცესის მონაწილეს ხდის, შესაბამისად სისტემა ეფექტიანი და მიუკერძოებელი გარე კონტროლის გარეშე რჩება. პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ვარიანტით კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელთ არსებული გასაღები სასამართლოს უნდა გადასცემოდა, რის შედეგადაც ინსპექტორს მხოლოდ მაკონტროლებელი ფუნქცია დარჩებოდა.

სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა შენიშვნა გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფდა პირადი სივრცის დაცვას, ვინაიდან ის ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე კონტროლის არანაირ ბერკეტს არ ითვალისწინდებდა.

მართალია პარლამენტმა არ გაითვალისწინა მოტივირებული შენიშვნები და პრეზიდენტის ვეტო დაძლია, თუმცა, მოგვიანებით მას მაინც მოუწია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და გარკვეულწილად პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაც. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო რეგულაციები და პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე მათი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება დააკისრა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის მიერ პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების შექმნა, ფლობა, ადმინისტრირება და ამ საშუალებების გამოყენებით პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი და უშუალო წვდომის შესაძლებლობა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს შიდა და გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმები) უფლებაში თვითნებურად  ჩარევის რისკებს ზრდის და საზოგადოების პირადი ცხოვრების დაუცველობის განცდას აჩენს.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება მოსმენების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მონაწილეობაზე გაამახვილა, რაც დადებითად, თუმცა კონტროლის არასაკმარის და არაეფექტურ მექანიზმად შეაფასა.

შესაბამისად, მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოსმენების ორგასაღებიანი მოდელი და მის გადაწყვეტილებაში პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება (მათ შორის ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესის კონტროლის აუცილებლობასა და არასაკმარის გარე კონტროლის მექანიზმებზე), თუმცა პრეზიდენტისგან განსხვავებით, აღნიშნულ მოდელში მთავარი საფრთხის მატარებლად არა ინსპექტორის მიერ ერთი გასაღების ფლობა, არამედ პროცესში სუს-ის მონაწილეობა მიიჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტმა ფარული მოსმენების ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც მესამე მოსმენით უკვე დამტკიცებულია და პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს წარდგენილ კანონპროექტს. სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებით პრეზიდენტმა კვლავ უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება, რადგან წარდგენილი კანონპროექტი სასამართლოს მიერ წაყენებულ მოთხოვნებს არ პასუხობს და მისი კანონად ქცევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება.

 

მესამე ვეტო

2015 წლის 31 ივლისს გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე კანონებს დაადო ვეტო, რომელიც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებდა. პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ვეტო ამჯერადაც დაძლია.

კანონი 10 სექტემბერს ამოქმედდა, 18 სექტემბერს კი პარლამენტმა სააგენტოს ხელმძღვანელი და საბჭოს წევრები დაამტკიცა. თუმცა, 2015 წლის 22 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა წარმოებაში მიიღო “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” 39 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყეტილების  მიღებამდე შეაჩერა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოსა და უფროსის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, შესაბამისად შეუძლებელი გახდა უკვე დაკომპლექტებული სააგენტოს ფუნქციონირება და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისი ფუნქციების განხორციელება კვლავ ეროვნულ ბანკს დაევალა. საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ „სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგომარეობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი“.

მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა 2017 წლის 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. „ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ პირვანდელი სახით იმ კანონპროექტს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შესაბამისი კანონპროექტი 10 მარტს პარლამენტმა მიიღო.

 

მეოთხე ვეტო

პრეზიდენტის მეოთხე ვეტო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევის წესს, მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადებს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი გამოქვეყნების, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის შეჩერების წესებს, გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქვორუმის განსაზღვრასა და სხვა საკითხებს ეხებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები  სრულად გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების კონსტიტუციურობაზე (საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით) საკონსიტუციო სასამართლომ იმსჯელა და შეტანილ ცვლილებათა ნაწილი 2016 წლის 29 დეკემბერს არაკონსტიტუციურად ცნო.

 

მეხუთე ვეტო

2017 წლის 24 თებერვალს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო. პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვისას დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა (მათ შორის უმრავლესობის დეპუტატებმა) პრეზიდენტის შენიშვნების  ნაწილი მოიწონა, საბოლოო ჯამში მხარი არ დაუჭირა მოტივირებულ შენიშვნებს და პრეზიდენტის ვეტო კიდევ ერთხელ დაძლია.

პრეზიდენტის მოსაზრებით, კანონპროექტში არსებული ზოგიერთი ნორმა სასამართლოს მიუკერძოებლობისა და ინდვიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპებთან  წინააღმდეგობაში მოდის. პრეზიდენტი დაუშვებლად მიიჩნევს რაიონული და სააპელაციო სასამართლოს თავმდჯომარეებისა და კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევის შესაძლებლობას. მისი მოსაზრებით დამოუკიდებლობის მეტი გარანტიებისთვის უმჯობესი იქნება თუკი თავმჯდომარეებს თავად მოსამართლეები აირჩევენ, ფარული კენჭისყრით. ასევე, პრეზიდენტი არ იზიარებს მოსამართლეთა უვადოდ განწესებამდე გამოსაცდელი 3 წლიანი ვადის დაწესებას და მიიჩნევს, რომ უვადოდ განწესება უნდა მოხდეს პირდაპირ, ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ომარ ჯორბენაძის კონსტიტუციურ სარჩელზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწია ემსჯელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ერთ-ერთ მუხლზე, რომელიც პრეზიდენტისა და ოპოზიციის კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. კერძოდ, სადავო ნორმა სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებამდე 3 წლიან გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს. ამავე ნორმის მოქმედი რედაქციის თანახმად, აღნიშნული გამოსაცდელი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრებზე, თუ მათ აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

მოსარჩელე ასაჩივრებდა არა ზოგადად ნორმას, არამედ მის იმ ნორმატიულ შინაარს, რომლის მიხედვითაც ყოფილ ან მოქმედ მოსამართლეებს, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გავლა უწევთ. საკონსტიტუციო სასამართლომ, 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება ზედმეტ და დაუსაბუთებელ ბარიერად იქნა მიჩნეული და არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ საქმეში ვერ იმსჯელებდა ზოგადად მოსამართლის 3 წლიანი ვადით განწესების საკითხის კონსტიტუციურობაზე, რაზეც მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი ამახვილებდა ყურადღებას. სარჩელიდან გამომდინარე, სასამართლო აფასებს მხოლოდ მოსამართლის  3 წლიანი ვადით განწესებას იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს მოსამართლედ საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, მართალია აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად სრულად არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოსაცდელი ვადის სრულად გაუქმებას გულისხმობს, თუმცა 2017 წლის 1-ლი ივლისიდან, არა მხოლოდ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ ან მოქმედ მოსამართლეებზე, არამედ ზოგადად იმ მოსამართლეებთან მიმართებით გაუქმდება გამოსაცდელი ვადის დაწესების აუცილებლობა, რომელთაც 3 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება გააჩნიათ.

 

დასკვნა

გიორგი მარგველაშვილმა დღემდე ვეტოს უფლება სულ ხუთჯერ გამოიყენა. აქედან, პარლამენტმა მხოლოდ ორ შემთხვევაში გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ხოლო დარჩენილ სამ შემთხვევაში ვეტო დაძლია.

აღსანიშნავია, რომ იმ ცვლილებებზე, რომელთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება საჭიროდ არ ჩაითვალა, პარლამენტს მოგვიანებით (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად) კვლავ მოუწია მსჯელობის განახლება და გარკვეულწილად პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებაც. ასევე, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, განხორციელებულ ცვლილებებზე უარის თქმის საკითხი თავად მთავრობამ წამოაყენა.

შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: