ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა გია გულორდავამ  რადიო „ათინათის“ ეთერში განაცხადა,

რომ ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ფონდ „ქართუს“ ფინანსური დახმარებით განხორციელდა, ხოლო ამჟამად პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს. „მის სრულ რეაბილიტაციაზე პროექტირებისთვის თანხა გაიღო "ქართუ ფონდმა" და ეს პროექტირება გადის ახლა ისეთ პერიოდს, რასაც  ყოველმხრივი ექსპერტიზა ჰქვია“, - განაცხადა გულორდავამ.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აღნიშნულ თემაზე ბოტანიკურ ბაღში სტუმრობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ონლაინგამოცემა „ლაივპრესთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ბაღის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და მის სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 24 თებერვალს, კონკურსის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის წესით, ზუგდიდის დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება

 ა(ა)იპ „საქართველოს მუზეუმების ასოციაციასთან“ გააფორმა. მომსახურების მომწოდებელს სამუშაო 2015 წლის 29 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, კონტრაქტის ჯამური ღირებულება 79 970 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ გვერდზე განთავსებული შესყიდვის მიღება-ჩაბარების აქტის თანდართული დოკუმენტიდან (ინსპექტირების დასკვნიდან) ირკვევა, რომ ა(ა)იპ "საქართველოს მუზეუმების ასოციაციის" მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში - 2015 წლის 29 მაისს იქნა წარმოდგენილი. თუმცა, ინსპექტირების ჯგუფის სხდომაზე დადგინდა, რომ პროექტი ხარვეზებს შეიცავდა. შესაბამისად, როგორც ხელშეკრულების 4.3 პუნქტი ითვალისწინებს, წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხარვეზების გამოსასწორებლად შემსრულებელს უკან გადაეგზავნა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხელახალი წარმოდგენის შემდეგ, სააგენტომ, ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამაკმაყოფილებელი ხარისხით ჩაიბარა,

ხოლო შემსრულებელი 13 დღიანი ვადაგადაცილებისთვის დაჯარიმდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულებით,

სააგენტოს დაფინანსების წყარო როგორც ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი სახსრები და გრანტები, ისე მიღებული შემოწირულობები შეიძლება იყოს.

ფაქტ-მეტრმა "ფონდ ქართუს" მიერ ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართა. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით,

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში "ფონდი ქართუს" ფინანსური მონაწილეობა არ დასტურდება.

მთავრობის 2016 წლის 7 სექტემბრის განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საკუთრების უფლებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ბაღი 259 770 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასზე ორი შენობა-ნაგებობაა განთავსებული. ბაღის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემამდე, 2014 წელს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 90 163 ლარი შეადგინა.

დასკვნა

როგორც გაირკვა, ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება 2015 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში განხორციელდა. საპროექტო სამუშაოები  ა(ა)იპ „საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ“ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად შეასრულა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის) ჩაბარება სააგენტოს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე და არა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა. ასევე, ამ ეტაპზე მიმდინარე რაიმე სახის ექსპერტიზა საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ დასტურდება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015-2016 წლებში უწყებას "ფონდ ქართუსგან" შემოწირულობა არ მიუღია. ამ თემაზე, განცხადების დაზუსტების მიზნით, ჩვენ უშუალოდ ვიცე-მერთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია გულორდავას განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი