რეზიუმე:ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებმა, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში იდევნებიან და თავშესაფარს საქართველოში ეძებენ, ქვეყანაში შემოსვლისას (ან შემოსვლის შემდეგ) თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებით შესაბამის ორგანოს უნდა მიმართონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ფაქტ-მეტრისათვის მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე, საქართველოში სულ 57 თავშესაფრის მაძიებელი ირანის მოქალაქე (განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა) ჩამოვიდა, ხოლო სტატუსი მხოლოდ 6 მათგანს მიენიჭა.

გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება მჟავანაძის მტკიცება ლგბტ თემის წარმომადგენელი ირანის მოქალაქეების მიერ (რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ), საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის, საქართველოში არსებული უფლებადამცველი ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. ლგბტ თემის წევრთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, „თანასწორობის მოძრაობის“, პროექტების მენეჯერის განცხადების თანახმად, ორგანიზაციის ინდივიდუალური შემომწირველები საერთოდ არ ჰყავს, დონორთა სიის ხილვა კი მათ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ანალიზი

გაზეთმა - „საქართველო და მსოფლიო“, ნიკოლოზ მჟავანაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ირანიდან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ასეულობით ირანელი ჩამოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ირანში ჰომოსექსუალიზმი მკაცრად ისჯება, ირანელი ჰომოსექსუალები ქვეყნიდან გარბიან და საიმედო თავშესაფარს საქართველოში ეძებენ“.

პირებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყანაში თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო დევნასა და შევიწროებას განიცდიან, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ. მათთვის თავშესაფრის მიცემის კრიტერიუმებს 2011 წელს ჟენევაში განახლებული 1951 წლის კონვენცია არეგულირებს. შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც თავიანთ სამშობლოში მათ წინააღმდეგ მიმდინარე დევნის მიზეზით თავშესაფარს საქართველოში ეძებენ, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის მიზნით, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უნდა მიმართონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ფაქტ-მეტრისათვის მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებისთანახმად, ირკვევა, რომ თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებით საქართველოს შესაბამის უწყებას 2015 წლიდან 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ჯამში, ირანის ისლამური რესპუბლიკის 235-მა მოქალაქემ მიმართა (განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა). კერძოდ, 2015 წელს 25-მა, 2016 წელს - 63-მა, 2017 წელს - 90-მა, ხოლო 2018 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით - 57-მა. მათგან ლტოლვილის სტატუსი 2015 წელს - 2-მა, 2016 წელს - 17-მა, 2017 წელს - 20-მა და 2018 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით 6-მა პირმა მიიღო (2015 წლიდან 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე ირანის ისლამური რესპუბლიკის სულ 45 მოქალაქეს მიენიჭა თავშესაფარი).

ცხრილი 1:საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისა და მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სტატისტიკა (2015-2018 წლები)

წელი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების რაოდენობა
2015 25 2
2016 63 17
2017 90 20
2018 (1-ლი სექტემბრის მდგომარეობით) 57 6
ჯამი 235 45

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მნიშვნელოვანია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აღნიშნული სტატისტიკა თავშესაფრის მაძიებელთა და მის მიმღებთა სრულ ოდენობას წარმოადგენს, რადგან თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლის (პირის პოლიტიკური, სექსუალური ორიენტაციის, აღმსარებლობის და ა.შ. ნიშნით დევნა) მიხედვით დაყოფილი აღრიცხვა არ ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის ანალიზისას ნათელი ხდება, რომ ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, საქართველოში თავშესაფრის საძიებლად ბოლო თვეებში ასეულობით ჰომოსექსუალი ირანელის ჩამოსვლის შესახებ არის ტყუილი - „ბოლო თვეებში“ ირანიდან სულ 57 თავშესაფრის მაძიებელი (განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა) ჩამოვიდა, ხოლო სტატუსი მხოლოდ 6 მათგანს მიენიჭა.

გარდა ამისა, ნიკოლოზ მჟავანაძე იმავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „ირანიდან ჩამოსული პირები ფულს აბანდებენ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციებში და თავიანთი ინტერესების ლობირებისთვის მათ უხვად აფინანსებენ“. ზემოთ მოყვანილი მტკიცების მსგავსად, ეს უკანასკნელიც ტყუილს წარმოადგენს. ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების უფლებადამცავი ორგანიზაციის, „თანასწორობის მოძრაობის“, პროექტების მენეჯერმა ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ ორგანიზაციას ინდივიდუალური შემომწირველები საერთოდ არ ჰყავს და შესაბამისად, ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება საფუძველს მოკლებულია (ინფორმაცია ორგანიზაციის დონორების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე).

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი