ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოზარ სუბარის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა ბაზაში სულ 5 285 ოჯახია რეგისტრირებული.

2013-2017

წლებში სამინისტროს მიერ საცხოვრებელი სახლით 396 ეკომიგრანტი ოჯახი  დაკმაყოფილდა, წელიწადში, საშუალოდ, 79 ოჯახი. გარდა ამისა, სამინისტრო ახორციელებს 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს, რომლის შედეგად ოჯახს, საკუთრებაში გადაეცემა ის სახელმწიფო ქონება, რომლითაც წლების განმავლობაში მართლზომიერად სარგებლობდა. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრება 456 ოჯახს დაუკანონდა. სამომავლოდ, კიდევ 587 ეკომიგრანტი ოჯახისთვის იგეგმება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების დაკანონება.

სახალხო დამცველის ანგარიშში ეკომიგრანტი ოჯახების უფლებრივ მდგომარეობაზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ მთავარი პრობლემა ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონის არარსებობა  და აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების სიმწირეა.

ანალიზი

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ამ ხუთი წლის განმავლობაში 517-მა  ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო ბინა და 479-მა ოჯახმა, რომლებსაც ადრე ჰქონდათ მიღებული ბინები, გადაიფორმეს და სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღეს ეს ქონება, რასაც კიდევ 115 ოჯახი შეძლებს“.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურას, განსახლების კრიტერიუმებს  და ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება (ნორმატიული აქტი) არეგულირებს.

ბრძანების მიხედვით, ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს.

ამავე ბრძანებით არის დარეგულირებული ეკომიგრანტ ოჯახების განსახლების პროცედურაც, რომლის მიხედვითაც, ეკომიგრანტმა ოჯახმა, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში „საცხოვრებელი სახლის მიღების“ თაობაზე, განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს.

ეკომიგრანტი ოჯახები დაზარალების მიხედვით ორ კატეგორიად არიან დაყოფილნი. პირველი კატეგორია ნიშნავს, რომ სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენებით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და ა.შ) გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა და არ ექვემდებარება აღდგენას. ხოლო, მეორე კატეგორია ნიშნავს, რომ სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა ბაზაში სულ 5 285 ოჯახია რეგისტრირებული.

image002 წყარო: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

2013-2017 წლებში სამინისტროს მიერ საცხოვრებელი სახლით 396 ეკომიგრანტი ოჯახი  დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, სამინისტრო 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების დაკანონების პროცესს ახორციელებს, რომლის შედეგად, ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა ის სახელმწიფო ქონება, რომლითაც წლების განმავლობაში მართლზომიერად სარგებლობდა. სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრება 456 ოჯახს დაუკანონდა. სამომავლოდ, კიდევ 587 ეკომიგრანტი ოჯახისთვის იგეგმება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების დაკანონება.

ასევე, სხვადასხვა წლებში (2013 წლამდე), სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საცხოვრებლით 1 540 ოჯახი დაკმაყოფილდა.

ეკომიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში

„ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“ სპეციალური თავი აქვს დათმობილი (თავი 23; გვ. 240). ანგარიშის მიხედვით, ამ სფეროში არსებული ძირითადი პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, კერძოდ, დღემდე არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი. ასევე, 2018-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტი, ეკომიგრანტების მიმართულებით მხოლოდ მათ განსახლებაზეა ორიენტირებული და სოციალურ გარანტიებს კვლავ არ ითვალისწინებს,ასევე არაერთხელ შეფასდა უარყოფითად სპეციალური სამოქმედო გეგმის არარსებობა.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს სამინისტრომ საცხოვრებლით 94 ოჯახი დააკმაყოფილა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 1 ოჯახით აღემატება. 2018 წელს კი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხით, მხოლოდ, 120 ოჯახის განსახლებაა შესაძლებელი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი საკმაოდ მწირია. განსახლების მოლოდინში,  დაახლოებით, 3 745 ეკომიგრანტი ოჯახია. ხოლო, მათ დასაკმაყოფილებლად გამოყოფილი ფულადი სახსრები არ არის მოთხოვნის შესაბამისი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი