სიმართლე
პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის:
ბოლო წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 156 946-ით გაიზარდა. წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება გრძელდება
დავით სერგეენკო:
ბოლო პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 450 ათასის ფარგლებშია. თვეში, ცვლილებები მხოლოდ 5 ათასის ფარგლებშია
მცდარი
3590 ნახვა
A+
A
A-

16 აგვისტოს „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა სოციალური დახმარების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ “ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 156 946 ადამიანით არის გაზრდილი. ეს ტენდენცია გაგრძელდა ბოლო 2 თვის განმავლობაში და დამატებით საარსებო შემწეობა დაენიშნა 17 125 ადამიანს. სამწუხაროდ, წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება გრძელდება”.

იმავე დღეს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა, „რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 450 ათასის ფარგლებში არის ბოლო დიდი პერიოდის განმავლობაში, თვეში ცვლილებები არის 5 ათასი პლიუს-მინუსის ფარგლებში. ასე რომ, ეს 150 ათასი საიდანღაც მოიფიქრეს“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა უკვე გადაამოწმა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლის, გიორგი პაპავას განცხადება, სადაც დადასტურდა, რომ წლების განმავლობაში, სოციაური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ცვლილება არჩევნების თარიღს უკავშირდებოდა.

ბოლო ერთ წელიწადში, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მართლაც 156 946 ადამიანით გაიზარდა. 2015 წლის ივლისში 317 453 ადამიანმა, ხოლო 2016 წლის ივლისში დახმარება 474 399 ადამიანმა მიიღო. ივლისში დაფიქსირებული რაოდენობა კი 2 თვის წინანდელ, მაისის მაჩვენებელს 17 125 ადამიანით აღემატება.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო დიდი პერიოდის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა საშუალო რაოდენობა საშუალოდ 450 ათასია. თუ ვნახავთ ბოლო ერთ წელს, საშუალო რაოდენობა 408 ათასია, ხოლო 2016 წლის იანვარ-ივლისის საშუალო 445 ათასია, რაც ახლოს არის მინისტრის მიერ დასახელებულ რიცხვთან. თუმცა, მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ საშუალოდან გადახრა არა 5 000, არამედ გაცილებით მეტია. 2016 წლის იანვარში საშუალო მაჩვენებელზე (445 ათასი) 37 424 ადამიანით ნაკლებმა, ხოლო ივლისში 29 636 ადამიანით მეტმა მიიღო დახმარება.

 

გრაფიკი 1: სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებ პირთა რაოდენობა

image001

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას ობიექტური მიზეზებიც აქვს. სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოში მუდმივად შემოდის ახალი განაცხადი სოციალური დახმარების მიღების თაობაზე.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც იწვევს. მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, დახმარების მიმღები ოჯახების ახალი ფორმულით გადამოწმება ხდება. ამ პერიოდში დახმარების მიმღებთა ნაწილს დახმარება უწყდება ან დროებით უჩერდება. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადამოწმების შედეგად კვლავ შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაშინ მას ის პერიოდიც უნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა. 2015 წელს, ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, შემდეგ კი კვლავ ზრდა დაიწყო (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

 

დასკვნა

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში 156 946 ადამიანით, ხოლო ბოლო 2 თვეში  17 125 ადამიანით გაიზარდა. აღნიშნული რიცხვები სრულად ემთხვევა „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ დასახელებულ მონაცემებს. ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში, დახმარების მიმღებთა რაოდენობა მცირდება (მეთოდოლოგიური, თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო) მხოლოდ მაშინ, როდესაც ახლო მომავალში არჩევნები არ არის, ხოლო წინასაარჩევნოდ პირიქით, დახმარების მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. იგივე ხდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, რაც გარკვეულწილად საარჩევნო ხმების „მოპოვებას“ ემსახურება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადება არის სიმართლე, ხოლო დავით სერგეენკოს განცხადება – მცდარი.

გააზიარეთ:

იხილეთ ჩვენი სიუჟეტი აღნიშნულ თემაზე: