გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის განცხადებით,

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქალაქ გორში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ამის მაგალითად კი, მან რკინიგზის სადგურზე შესრულებული მოასფალტების სამუშაოები და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მოიყვანა.

"

ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში აღნიშნულ დასახლებაში განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი პროექტი, მოეწყო ცენტრალური კანალიზაციის მიწისქვეშა ქსელი, აშენდა გამწმენდი ნაგებობა, პროექტის საერთო ღირებულებამ 3 264 000 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, შესრულდა მოასფალტების სამუშაოები, რამაც ადგილობრივებს მნიშვნელოვანი პრობლემა გადაუჭრა", -აცხადებს მაკრახიძე.

ე.წ. სადგურის დასახლება გორის ისტორიაში

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. 1872 წელს, გორში, თბილისი-გორის სარკინიგზო ხაზი გაიხსნა და რკინიგზის სადგური აშენდა. პირველი დასახლება სადგურის ტერიტორიაზე სწორედ ამ დროიდან გაჩნდა. დასახლება გაფართოვდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ბაქო-ბათუმის ნავთსადენის ფარგლებში მოწყობილი სატუმბი სადგურის მომსახურე პერსონალითვის ბინები აშენდა. ამავე პერიოდში გაჩნდა პირველი მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელიც ნავთსადენის სანიაღვრე სისტემას წარმოადგენდა და მის ირგვლივ დასახლებული მოსახლეობის მიერ კანალიზაციისთვის თვითნებურად იყო გამოყენებული.

1904

წელს ე.წ. ძველი ხიდი აშენდა, რომელმაც დასახლება ქალაქთან დააკავშირა, მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან, ქალაქის გენგეგმის შესაბამისად, სადგურის დასახლებაში ქუჩების ფორმირება დაიწყო და რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციაც განხორციელდა. 60-იან წლებში სადგურის ახალი ხიდი აიგო. 1992 წელს სამ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო, ხოლო 2002 წელს პირველი სანიაღვრე სისტემა ატენის ქუჩაზე მოეწყო.

რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ საკითხის მოგვარებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქტიურად დაიწყო. შესაბამისი პროექტის განხორციელებაზე კი ტენდერი 2012 წლის ივლისში გამოცხადდა. ერთადერთმა პრეტენდენტმა - შპს "აგრომ", ამ პერიოდში კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და ტენდერი ჩაიშალა. 2013 წლიდან ადგილობრივ მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას უკვე ახალი ხელისუფლება პირდებოდა. ამ პერიოდში ცენტრალური ბიუჯეტიდან კანალიზაციის პროექტისთვის 3.26 მლნ ლარი გამოიყო და პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებაც დაიწყო.

პროექტის სამივე ეტაპი 2017 წელს უნდა დასრულდეს.

ქალაქ გორის მერიის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რკინიგზის სადგურის შვიდ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო და  სანიაღვრე სისტემები მოეწყო. 2014 წლიდან დღემდე მთლიანობაში რკინიგზის დასახლებაზე 3 მლნ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა, იმავე დასახლებაში რჩება ქუჩები, რომლებსაც მსგავსი სამუშაოები ამ დროისთვის არ შეხებია.

დასკვნა

ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში, სადაც ათასამდე ოჯახი ცხოვრობს, 1992 წელს ასფალტის საფარი სამ ქუჩაზე დაიგო, ხოლო 2002 წელს ერთ-ერთ ქუჩაზე პირველი სანიაღვრე სისტემა მოეწყო.

საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად შესაბამისი სამუშაოები იმდროინდელმა ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო, პროექტი შეადგინა და სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა, რომელიც არ შედგა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები უკვე ახალი ხელისუფლების  პერიოდში გაგრძელდა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, იოსებ მაკრახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი