გასულ წელს, ე.წ. წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ქვემო ქართლის ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. მედიის წარმომადგენლებმა ივანიშვილს რეგიონში არსებულ პრობლემებზე კითხვები დაუსვეს. საუბარი შეეხო ბოლნისში გერმანული უბნების რეაბილიტაციის საჭიროებას. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ფონდი „ქართუ“ ამ კუთხით ბოლნისის მუნიციპალიტეტის დახმარებას, ივანიშვილმა უპასუხა:

„შევეცდები [ეს საკითხი] ურიგოდ განიხილონ“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა განვითარება ამ თემას და რა შედგი დადგა დაპირებიდან ცხრა თვის შემდეგ.

ბოლნისის გამგეობაში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. გამგებელი დავით შერაზადიშვილი ამბობს, რომ ბოლნისის ისტორიული, გერმანული უბნების რეაბილიტაციის წინასაპროექტო დოკუმენტაციას ფონდ „ქართუს“ დაახლოებით ორ კვირაში გადაუგზავნიან.

„არათუ უშუალოდ რეაბილიტაციას, ამ ისტორიული სახლების საპროექტოების მომზადებასაც დიდი თანხები სჭირდება. საშუალოდ, ერთი სახლის საპროექტოს მომზადება 20 ათასი ლარი ჯდება. ჩვენ რომ ასამდე სახლის საპროექტო მოვამზადოთ, ამას ბოლნისის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ამიტომ, ფონდ „ქართუში“ გადასაგზავნად, ჩვენ წინასაპროექტო დოკუმენტაციას ვამზადებთ. უკვე გვაქვს 68 სახლის აზომვითი ნახაზები, 12 სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, პარალელურად მიმდინარეობს სახლების პასპორტიზაცია. ორ კვირაში სრულად გვექნება ასამდე სახლის წინასაპროექტო დოკუმენტაცია და გავაგზავნით“, - აცხადებს ბოლნისის გამგებელი.

გამგებლის თქმით, „ქართუში“ 2-3 გერმანული სახლის საპროექტოს გაგზავნას მათ არჩიეს, სრულად შეექმნათ სარეაბილიტაციო უბნების სურათი და ისე გაეგზავნათ. შერაზადიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ალბათ ორ თვეში მათ რეაბილიტაციის საკითხზე კონკრეტული პასუხი ექნებათ.

გერმანელები საქართველოში ორასი წლის წინ ჩამოსახლდნენ. მათი კოლონიების ნაწილი შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონშიც. ერთ-ერთი მათგანი, კატარინენფელდად წოდებული დღევანდელი ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე დაარსდა. თუმცა, ეს თანაცხოვრება დროებითი აღმოჩნდა. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი გადაასახლეს.

დღეს, ბოლნისში, მხოლოდ 12 შენობას აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. არადა, მათ გარდა ათობით სახლი და გერმანული მარანია, რომელიც ასევე იმ პერიოდშია აშენებული და იმავე იერსახით არსებობს. საცხოვრებელი სახლების გარდა არის სხვა დანიშნულების შენობებიც, მათ შორის მცირე საწარმოებისთვის აშენებული ნაგებობები და ყოფილი ლუთერანული ეკლესია, სადაც ახლა ბოლნისის სპორტულული კომპლექსი ფუნქციონირებს.

თანამედროვე ბოლნისის ქუჩებში სამი ტიპის ტენდენციას ვხედავთ: გერმანული სახლები, რომელიც დრომ და წლების განმავლობაში მიუხედავობამ, თითქმის გაქრობის პირას მიიყვანა. ასეთი შენობები უკვე ნანგრევებს წარმოადგენენ; გვხვდება გერმანული სახლები, რომლებიც თანამედროვე ბოლნისელებმა გადააკეთეს; მესამე ტენდენციას ქმნიან ისტორიული სახლები, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს თავისი იერსახე, თუმცა რეაბილიტაციას საჭიროებენ.

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი