28

ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში 189 ქვეყნის ბიზნესგარემოა შეფასებული და ის 2015 წლის მდგომარეობას ასახავს. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა, წინა წელს კი ჩვენი ქვეყანა მე-15 ადგილზე იყო.

ამ საკითხის კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,

რომ საქართველოს მე-15 ადგილიდან 24-ე ადგილზე გადანაცვლება მეთოდოლოგიურმა ცვლილებებმა განაპირობეს. სხვა შემთხვევაში, საქართველოს რეიტინგი არ გაუარესდებოდა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს აღწერს და იძლევა ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყანაშია ბიზნესის კეთება ყველაზე იოლი. როგორც აღვნიშნეთ, წელს საქართველომ რეიტინგში 24-ე ადგილი დაიკავა, გასულ წელს კი ჩვენი ქვეყანა 15-ე ადგილზე იყო. საქართველოს პოზიციის ცვლილება ძირითადად ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ბიზნესის კეთების სიმარტივე ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით რომ გაეანალიზებინათ, საქართველო 2014 წელსაც 24-ე ადგილს დაიკავებდა. ეს აღნიშნული ინდექსის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციითაც დასტურდება. მეთოლოგიით გამოწვეულ ცვლილებაზე მიუთითა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამხრეთ კავკასიაში ივან ო’ ჰალორანმაც. მეთოდოლოგია გასულ წელსაც შეიცვალა, რის შედეგადაც საქართველომ მე-9 ადგილიდან მე-15-ზე გადაინაცვლა (რეალურად კი, საქართველოს პოზიცია ერთით გაუარესდა), რაზეც ფაქტ-მეტრიც წერდა.

ბოლო კვლევის თანახმად, ინდექსში შემავალი ბიზნეს რეგულაციების შემფასებელი ათი კრიტერიუმიდან, საქართველოს პოზიცია 2 კრიტერიუმში გაუარესდა, 3-ში გაუმჯობესდა, ხოლო 5 კრიტერიუმში უცვლელი დარჩა.

ცხრილი 1:

საქართველოს პოზიციის ცვლილება ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით

2014 2015 ცვლილება
საქართველოს რეიტინგი 24 24 -
ბიზნესის დაწყება 4 6 -2
სამშენებლო ნებართვების აღება 11 11 -
ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა 70 62 8
ქონების რეგისტრაცია 3 3 -
კრედიტზე ხელმისაწვდომობა 6 7 -1
მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა 20 20 -
გადასახადები 40 40 -
საგარეო ვაჭრობა 78 78 -
კონტრაქტის პირობების აღსრულება 18 13 5
გადახდისუნარიანობის აღდგენა 105 101 4

ახალი მეთოდოლოგიით, ინდექსს დაემატა ისეთი ქვეკრიტერიუმები, როგორებიცაა: სამშენებლო რეგულაციების ხარისხი, ელექტროენერგიის მიწოდების სანდოობა და სატარიფო პოლიტიკის გამჭვირვალობა, მიწის ადმინისტრირების სისტემის ხარისხი და სამართლებრივი პროცესების ხარისხი. ასევე, შეიცვალა ზოგიერთი უკვე არსებული კრიტერიუმის შეფასების მეთოდოლოგიაც.

ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ქვეყნის ადგილის ცვლილება როგორც ამ ქვეყანაში განხორციელებულ, ისე სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზეცაა დამოკიდებული. ანუ, თუ სხვა ქვეყნები ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს გაამარტივებენ და საქართველო რეფორმებს არ გააგრძელებს, ჩვენ სულ 24-ე ადგილზე არ ვიქნებით და სხვა ქვეყნები საქართველოზე უკეთეს პოზიციას დაიკავებენ.

ბოლო ერთ წელიწადში 63 ქვეყანაში 2 და მეტი რეფორმა გატარდა (იხ. ცხრილი 2). აქედან, 26 ქვეყანაში 3 და მეტი რეფორმა გატარდა. ყველაზე მეტი, 7 რეფორმა, ყაზახეთმა განახორციელა, მეორე ადგილზეა რუანდა 6 რეფორმით. 5 რეფორმა განახორციელეს რუსეთმა, კვიპროსმა და ვიეტნამმა.

ცხრილი 2:

ქვეყნების რაოდენობა 2014-2015 წლებში გატარებული რეფორმების რაოდენობის მიხედვით

რეფორმების რაოდენობა ქვეყნების რაოდენობა
2 რეფორმა 37
3 რეფორმა 14
4 რეფორმა 7
5 და მეტი რეფორმა 5

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე ბიზნესის კეთების გაიოლების კუთხით საქართველოში 2 რეფორმა განხორციელდა, ესენია: მშენებლობის ნებართვის გაცემის ვადის შემცირება 10-დან 5 დღემდე და სასამართლოში საქმის წარმოებისთვის საბუთების ელექტრონულად ატვირთვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 3 წელიწადში (2013-2015) საქართველოში ბიზნესის კეთების გამარტივებაზე მიმართული რეფორმების რიცხვი შემცირდა. 2013-2015 წლებში სულ 3 რეფორმა განხორციელდა. 2007-2012 წლებში (2009 წლის გარდა) ყოველწლიურად 4 და მეტი რეფორმა ტარდებოდა (იხ. ცხრილი 3). ბოლო 12 წლის (2003-2015 წლები) განმავლობაში კი, ჯამში, საქართველოში უფრო მეტი რეფორმა განხორციელდა, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში.

ცხრილი 3:

ბიზნესის კეთების სიმარტივის ხელშემწყობი რეფორმების რაოდენობა საქართველოში

წლები რეფორმების რაოდენობა
2007 6
2008 4
2009 2
2010 4
2011 4
2012 6
2013 1
2014 0
2015 2

დასკვნა 2005-2012

წლებში ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველოს სწრაფი წინსვლა ჰქონდა. 2005 წელს ქვეყანა მე-100 ადგილზე, ხოლო 2012 წლისთვის კი მე-9 ადგილზე იყო. 2015-2016 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგში 24-ე ადგილზეა. მართალია, რეფორმების ტემპის შენელების გამო საქართველოს რეიტინგში წინ აღარ წაუწევია, თუმცა, რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიციის გაუარესება მეთოდოლოგიის ცვლილებამ განაპირობა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერის განცხადება: "ბიზნესის კეთების ინდექსში 24-ე ადგილზე გადანაცვლება მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია", არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი