საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ქართული ოცნების" წევრმა ილია წულაიამ განაცხადა: "

ჩვენ გვაქვს ბიზნესის კონტროლის საკმაოდ სუსტი რეგულაციები და ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსოფლიოში".

ფაქტ-მეტრმა ილია წულაიას განცხადების სიზუსტე ეკონომიკური თავისუფლებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე, ასევე ბიზნესის კეთების რეიტინგზე

დაყრდნობით გადაამოწმა.

Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში საქართველო მე-13 ადგილზე, ევროპის მასშტაბით კი მე-5 ადგილზეა, რაც მაღალი მაჩვენებელია და ქვეყნის მეტწილად თავისუფალ ეკონომიკაზე მიუთითებს. მეტი სიცხადისთვის - აღნიშნულ რეიტინგში სომხეთი 33-ე, თურქეთი მე-60, აზერბაიჯანი 68-ე, რუსეთი 111-ე, უკრაინა კი 166-ე ადგილს იკავებს.

Heritage Foundation ქვეყანათა ეკონომიკურ თავისუფლებას ოთხი კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრავს, მათ შორის გვხვდება ეფექტიანი რეგულაციების კატეგორია, რომელიც, თავის მხრივ, სამ ქვეკატეგორიად იყოფა და ქვეყნებს ბიზნესის, შრომისა და მონეტარული თავისუფლების კრიტერიუმებით აფასებს. მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის ბიზნესის თავისუფლების კრიტერიუმით საქართველო (100 ქულიანი შკალიდან 87.2 ქულა) მე-16 ადგილზე, შრომის თავისუფლების კრიტერიუმით (100 ქულიანი შკალიდან 75.9 ქულა) 25-ე ადგილზე, მონეტარული თავისუფლების კრიტერიუმით (100 ქულიანი შკალიდან 78.2) კი 96-ე ადგილზეა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს 59-ე პოზიცია უკავია. რეიტინგის შეფასების კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი ქვეყანაში არსებული სამთავრობო რეგულაციების წნეხია. ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. სამთავრობო რეგულაციების წნეხის მიხედვით აზერბაიჯანი მე-17, სომხეთი 42-ე, თურქეთი 71-ე, უკრაინა 74-ე, რუსეთი კი 103-ე ადგილს იკავებს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში - Doing Business, საქართველო 190 ქვეყნიდან მე-16 პოზიციაზეა, რაც ასევე მაღალ მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს. ანგარიში ქვეყნებში მეწარმეთათვის ბიზნესის კეთების (სამი ფაზა: ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის მართვა, ბიზნესის დახურვა) სირთულეს/სიმარტივეს, შესაბამისი სამთავრობო რეგულაციების პირობებში, 11 კომპონენტის მიხედვით აფასებს. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. იმავე რეიტინგში 38-ე ადგილზე სომხეთი, მე-40 ადგილზე რუსეთი, 68-ე ადგილზე აზერბაიჯანი, 69-ე ადგილზე თურქეთი, მე-80 ადგილზე კი უკრაინა გვხვდება.

  დასკვნა

ილია წულაიას განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა ეკონომიკური თავისუფლებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსები, ასევე ბიზნესის კეთების რეიტინგი გამოიყენა. სამივე წყაროს მიხედვით, საქართველოს ბიზნესის რეგულაციების კუთხით საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და მსოფლიოში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებს.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ილია წულაიას განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი