2013 წლის 27 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილული კანონებიდან, ერთ-ერთი საქართველოს შრომის კოდექსში ანაზღაურებადი შვებულებისთვის გასაცემი ფულადი დახმარების ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1000 ლარამდე გაზრდას ეხებოდა. კანონპროექტთან დაკავშირებით, უმცირესობის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ, განაცხადა, რომ მას ამ კანონის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და რაც უფრო მეტი სოციალური დაცვა ექნება მოსახლეობას და დამსაქმებლებს, მით უკეთესია, თუმცა, დეპუტატის განცხადებით, საქართველოში დღეს მთავარ პრობლემას უმუშევრობის შემცირება და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს. ამიტომ, ყველა ახალი კანონის განხილვისას უნდა ვიფიქროთ, რამდენად შეამცირებს ის უმუშევრობას და გაზრდის ინვესტიციებს.

მან, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, სოციალური დაცვის სფეროში ისე მოიქცეს, როგორც შვეიცარია, ან საფრანგეთი, რადგან ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო ღარიბია და უმუშევრობის დონეც უფრო მაღალია. მისი თქმით, როდესაც ეს პრობლემები მოგვარდება, შემდეგ გვექნება იმის უფლება, რომ გადავიდეთ ასეთ ღონისძიებებზე. ამასთან, გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს „ბიუჯეტში, რომელიც არც თუ ისე დიდია, უკვე 500 მილიონი [ლარი] გარღვევაა’’. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას სიფრთხილისკენ და ურჩია ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს ახალი კანონი ბიუჯეტზე, ინვესტიციებზე და დასაქმების პერსპექტივებზე.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, მართლაც არის თუ არა ბიუჯეტში 500 მილიონი ლარის გარღვევა.

დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განცხადება სექტემბრის ბოლოს (მესამე კვარტლის დასასრულს) გააკეთა, მაშინ, როდესაც ორი კვარტლის (6 თვის) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უკვე ცნობილი იყო.

cx11

ზემოთ მოყვანილ ცხრილში არსებული მონაცემები ფინანსთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ბოლოს შემუშავებული, კორექტირებამდე არსებული, ანუ საწყისი კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლებია. თუ პირველი ექვსი თვის, ანუ ორი კვარტლის  გეგმით განსაზღვრულ მონაცემებს (მწვანე სვეტი) პირველი ექვსი თვის საკასო შესრულებას შევადარებთ (ლურჯ სვეტი), დავინახავთ, რომ გადასახადების ქვეპუნქტში 247 მილიონი ლარის გარღვევაა. შემოსავლებში, რაც გადასახადების გარდა გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს, 310 მილიონი ლარის გარღვევა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 62 მილიონი (310,560,000-247,767,900=62,792,100) ლარის გარღვევა სწორედ გრანტებსა და სხვა შემოსავლებშია. რაც შეეხება შემოსულობებს, რომელიც შემოსავლების გარდა, ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლებას და ვალდებულებების ზრდას მოიცავს, გარღვევა 490 მილიონ ლარს შეადგენს.  შესაბამისად, თუ შემოსავლებში არსებული გარღვევა 310 მილიონ ლარს შეადგენს, ფინანსურ და არაფინანსურ აქტივებში და ვალდებულებებში არსებული გარღვევა ერთად 179 მილიონ (310,560,000-490,013,300 = -179,453,300) ლარს უნდა შეადგენდეს. ბიუჯეტში არსებული გარღვევა, რაც შემოსულობებში არსებული გარღვევით ისაზღვრება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 490 მილიონი ლარია, რაც 10 მილიონი ლარით ნაკლებია იმ რიცხვზე (500 მილიონი), რაც დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაასახელა.

დღევანდელი, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებში (ბალანსი) არსებული მონაცემების მიხედვით, სამი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, სულ, ფაქტობრივად 5,338 მილიონ ლარს შეადგენს. თუ ზემოთ  არსებული ცხრილიდან, სამი კვარტლისათვის ერთად შემოსულობების კორექტირებამდე არსებულ მაჩვენებელს (6,102 მილიონ ლარი) სამი კვარტლისთვის ფაქტობრივად აკუმულირებულ შემოსულობებს  (5,338 მილიონ ლარი) შევადარებთ, ვნახავთ, რომ ბიუჯეტში სულ 763 მილიონი ლარი (5,338,970,614-6,102,335,750=-763,365,136) გარღვევა დაფიქსირდება.

დასკვნა

უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ბიუჯეტში უკვე 500 მილიონი ლარის გარღვევაა. რადგან მან ეს განცხადება 27 სექტემბერს გააკეთა, როდესაც ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესახებ მონაცემები ჯერ სრულად არ იყო ცნობილი, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი გასული ორი კვარტლის მონაცემებს ეყრდნობოდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ორი კვარტლის (იანვარი-ივნისის ჩათვლით) მონაცემების მიხედვით, შემოსულობებში 490 მილიონი ლარის გარღვევას მართლაც ჰქონდა ადგილი.

უფრო მეტიც, ჩვენ დღევანდელი, 23 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტში მესამე კვარტლის ჩათვლით არსებული მდგომარეობა გამოვითვალეთ, რის მიხედვითაც, ბიუჯეტში მთლიანად 763 მილიონი ლარის გარღვევა დაფიქსირდა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი ბარამიძის განცხადება: „ბიუჯეტში უკვე 500 მილიონი არის გარღვევა’’, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი