მიმდინარე წლის 30 მაისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, მოსახლეობას წერილით

მიმართა. წერილში შედარებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა წინა და მოქმედი მთავრობების მმართველობის პერიოდში. ივანიშვილის მოსაზრებით, ახალმა მთავრობამ სიტუაცია (მის მიერ ჩამოთვლილ) აბსოლუტურად ყველა სფეროში გააუმჯობესა.

ფაქტ-მეტრმა წერილში მოყვანილი რამდენიმე განცხადება გადაამოწმა. კვირის განმავლობაში ამ განცხადებებს სხვა გადამოწმებული ფაქტებიც დაემატება.

ეკონომიკა
"2013-2015 წლებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა კერძო სექტორში  55 000 ადამიანით გაიზარდა, მაშინ, როდესაც 2006-2012 წლებში 23 000-ით შემცირდა"
tyuili

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2012 წელთან შედარებით ბოლო სამი წლის მანძილზე დასაქმებულთა ოდენობა არასახელმწიფო სექტორში 54 660 ერთეულით გაიზარდა. 2006 წლიდან მოყოლებული 2012 წლის ჩათვლით კი, ზრდამ 63 394 ერთეული შეადგინა. 2006-2012 წლებში 23 000-ით შემცირებული არის საერთო დასაქმებულების რაოდენობა და არა კერძო სექტორში დასაქმებულები. საერთო დასაქმებულების რაოდენობის შემცირება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შემცირებამ გამოიწვია და ამ მაჩვენებლის კერძო სექტორის მაჩვენებლად გასაღება მკითხველის შეცდომაში შეყვანაა.

თავის წერილში ბიძინა ივანიშვილი მიმართავს ხოლმე მეთოდს, როდესაც 2013-2015 წლების ჯამურ მაჩვენებლებს 2010-2012 წლების ჯამურ მაჩვენებლებს (მაგალითად, ინვესტიციების, მშენებლობების, ტურიზმის შემთხვევაში) ადარებს. დასაქმებასთან მიმართებაში ის აღნიშნულ მეთოდს არ იყენებს (ამ დროს, აქ უფრო ადეკვატური იქნებოდა ასეთი შედარების გაკეთება) და 2013-2015 წლების მონაცემებს წინა ექვსი წლის მონაცემს ადარებს (თუმცა, შეცდომით). თუ ვნახავთ რამდენით გაიზარდა კერძო სექტორში დასაქმება 2010-2012 და 2013-2015 წლებში, მივიღებთ რომ 2010-2012 წლებში 92 600 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო 2013-2015 წლებში 54 600 (38 000-ით ნაკლები). არასახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდის საშუალო ტემპი 2010-2012 წლებში 2.25%-იყო, ხოლო 2013-2015 წლებში 1.24%.

გამოდის, რომ 2010-2012 წლებში უფრო სწრაფი ტემპით და უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდა ვიდრე 2013-2015 წლებში, წერილში კი, საპირისპიროს მტკიცების მცდელობაა.

ცხრილი 1:

დასაქმება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით (ათასი კაცი)

  2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
სულ 1747 1704 1602 1656 1628 1664 1724 1712 1745 1780
სახელმწიფო სექტორი 360 327 275 298 286 266 274 247 251 275
არასახელმწიფო სექტორი 1387 1377 1327 1358 1342 1398 1450 1465 1494 1505
წყარო: საქსტატი

"2013-2016 წლებში  (2016 წლის პროგნოზით) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე 2009-2012 წლებში"
ricxvebit-manipulireba

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდის (2009-2010) მონაცემების ბოლო წლების მაჩვენებლებთან შედარება მართებული არ არის. 2009-2010 წლებში, ზოგადად მსოფლიოში უცხოური ინვესტირება შემცირებული იყო, რადგან ქვეყნების უმეტესობა ეკონომიკურ კრიზისში იყო. 2016 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს რაც შეეხება, ის ფაქტ-მეტრისთვის უცნობია და, შესაბამისად, მხოლოდ 2013-2015 წლების მონაცემების გაანალიზება შეგვიძლია. 2013-2015 წლებში, ჯამში, 4 050 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (პუი) შემოვიდა, რაც 43%-ით აღემატება წინა სამი წლის, 2010-2012 წლების ჯამურ მონაცემს. ასევე აღსანიშნავია, რომ სანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა, წინა სამ წელიწადში (2006-2008) 718 მლნ დოლარით მეტი პუი შემოვიდა, ვიდრე 2013-2015 წლებში.

2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
პუი, მლნ აშშ დოლარი 1190 2015 1564 658 815 1117 912 942 1758 1351

თუმცა, ეკონომიკური ტენდენციების განსაზღვრისთვის რამდენიმე წლის ჯამური მონაცემების ერთმანეთთან შედარება არაფრისმომცემია და მხოლოდ რიცხვებით მანიპულირების საშუალებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. დადებითია თუ არა ინვესტიციების ტენდენცია, ამის გასარკვევად წლიური პროცენტული ზრდის მაჩვენებლები უნდა ვნახოთ. 2013 წელს ინვესტიციები 3%-ით გაიზარდა, 2014 წელს 87%-ით, ხოლო 2015 წელს 2014 წელთან შედარებით პუი 23%-ით შემცირდა. 2013 წლიდან პუი-ს ზრდის ტენდენცია სახეზეა, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის მთავარია ბოლო წელს (2015) იყოს დადებითი მაჩვენებელი და არა ის, რომ ბოლო წელი აღემატებოდეს 3 წლის წინანდელ მაჩვენებელს. როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება (თუნდაც ისეთი დაბალი მაჩვენებლებით, როგორც 2012-2015 წლებში), ყოველ წელს სულ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვაა საჭირო, რომ ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტემპი შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს, რა ტენდენციებია ინვესტიციების მხრივ ბოლო წლებში და არა ის, თუ რამდენად მაღალია დღეს ინვესტიციები რომელიმე ისტორიულ წელთან შედარებით.

წერილში, ექსპორტის შესახებ საუბრისას, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა: "2015 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა"
საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 2012 წელს 352.2 მლნ აშშ დოლარი, 2015 წელს კი 646.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი 83%-ით გაიზარდა. იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია. ივანიშვილს თავის წერილში ექსპორტის თემა მეტად აღარ განუვრცია. მან არ ისაუბრა მიმდინარე წლის მაჩვენებლებზე, მაშინ როცა 2016 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 28%-ით შემცირდა. ყოფილმა პრემიერმა ასევე არაფერი თქვა საქართველოს მთლიან ექსპორტზე, რომელიც 2013 წლის შემდეგ მცირდება - 2014 წელს ის 1.7%-ით, 2015 წელს 23%-ით, ხოლო 2016

წლის იანვარ-აპრილში 12%-ით შემცირდა.

მედია
"მედია სრულად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან"
metcilad_mcdari

სხვადასხვა ქვეყანაში მედიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს. მაგ. Freedom House, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", Irex.

Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მედიის დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა 2014 წელს 0.25 ერთეულით გაუმჯობესდა. 2014 წლიდან დღემდე კი აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა და მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

"

რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით მედიის თავისუფლების ინდექსი 0.26 ერთეულით გაიუარესა. თუმცა, პოზიციურად 5 ადგილით დაწინაურდა და 69-ედან 64-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული, სხვა ქვეყნების მიერ მედიის თავისუფლების ინდექსის კიდევ უფრო მეტად გაუარესების ხარჯზე მოხდა.

IREX-ის ანგარიშების მიხედვით, საქართველოს მედიის მდგრადობის ინდექსი 2014 წლიდან მცირედით უარესდება. თუმცა, ქვეყანა კვლავ მდგრადობასთან მიახლოებული ქვეყნების კატეგორიაში რჩება.

აღსანიშნავია, რომ ქართულ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებზე და პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზეა საუბარი ზემოთ ხსენებულ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში (აღნიშნულის მაგალითებად დასახელებულია ტელეკომპანია "იმედზე" და საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუების დახურვის ფაქტები. ასევე, ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავა). "წამყვანი ოპოზიციური არხის, "რუსთავი 2" -ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძება და სასამართლო დავა მმართველი პოლიტიკური კოალიციის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს" - ნათქვამია Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშში (იხ. შესაბამისი ბმულები: ბმული 1, ბმული 2 - გვ. 2, ბმული 3

 - გვ. 169).

ცალკე უნდა აღინიშნოს ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე მოვლენები, რასაც ტელევიზიის მენეჯმენტის ცვლილება მოჰყვა. მიმდინარე წლის 3 ივნისს დაიხურა სხვადასხვა გადაცემა, "მაესტროს" 32 თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდა.

ადამიანის უფლებები
წერილში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  "ასეულობით ათასი პატიმარი და პრობაციონერი იმას ნიშნავდა, რომ ლამის მთელი მოსახლეობა პატიმრების ჭირისუფლად იყო ქცეული და ციხის კარს შეჰყურებდა"
naxevrad_simartle

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში (2004-2012 წლები) პატიმართა და პრობაციონერთა

საკითხის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, 2004-2012 წლებში საქართველოში პატიმართა რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

image001

რაც შეეხება პრობაციონერთა რაოდენობას, ტერმინ "პრობაციონერის" ოფიციალური სამართლებრივი განმარტება ქართულ საკანონმდებლო სივრცეში არ მოიძებნება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტერმინ "პრობაციონერში" პირობითი მსჯავრითა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები იგულისხმებიან.

2004-2012

წლებში პირობითი მსჯავრის მქონე და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა რაოდენობა:

image002

აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რამდენი პრობაციონერი და პატიმარი იყო 2004-2012 წლებში. ვინაიდან, სტატისტიკაში შესაძლებელია ერთი და იგივე პირი რამდენიმე წლის განმავლობაში იყოს აღრიცხული, მოცემული რიცხვების შეკრება რეალურ სურათს არ მოგვცემს. თუმცა, თუკი უხეშად დავითვლით, დავინახავთ, რომ პრობაციონერთა და პატიმართა რაოდენობა 100-დან 200 ათასამდე მერყეობს.

ევროპის საბჭოს ყოველწლიური სტატისტიკის

მიხედვით, 2011 წელს საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 865.73 პრობაციონერი მოდიოდა. აღნიშნული მონაცემებით, საქართველო ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. 2013-2014 წლებში პრობაციონერთა რაოდენობამ რადიკალურად იკლო, რამაც ასევე საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა და საქართველომ 2013 წლისთვის პირველი ადგილიდან მე-13 ადგილზე გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ არც პატიმრების და არც პრობაციონერების რაოდენობა "ასეულობით ათასი" არ ყოფილა, ეს რიცხვები მაინც საკმაოდ მაღალი იყო. პატიმართა და პრობაციონერთა სიმრავლის შესახებ არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობდა.

ჯანდაცვა
"წინა ხელისუფლების დროს სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ შეძლებული პაციენტებისთვის... ჩვენ შემოვიღეთ საყოველთაო დაზღვევა და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა"
metcilad_mcdari

მცდარია იმის მტკიცება, რომ წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვაზე მხოლოდ შეძლებულ მოქალაქეებს მიუწვდებოდათ ხელი. 2012 წლისთვის ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც ჯანდაცვაზე წვდომა ყველაზე ნაკლებად ჰქონდათ. ესენი იყვნენ: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, კომპაქტურ დასახლებაში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, 0-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები. იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია. ყოფილი პრემიერის განცხადების არც მეორე ნაწილია ბოლომდე ზუსტი. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტით არ სარგებლობდა. რა თქმა უნდა, აღნიშნულმა პროგრამამ გაზარდა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინების მედიკამენტების დაფინანსებას/თანადაფინანსებას, მაშინ, როცა ჯანდაცვის საერთო დანახარჯების ნახევარზე მეტი მედიკამენტებზე მოდის (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2).

ბიძინა ივანიშვილის წერილში ვკითხულობთ: "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 1 მილიონ  600 ათასმა ადამიანმა"
metcilad_simartle

სტატისტიკური მონაცემების გადასამოწმებლად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც განგვიმარტეს, რომ ისინი სტატისტიკას შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით აწარმოებენ. თუმცა, ასევე აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ჰოსპიტალური მომსახურებით.

2013

წლიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალური მომსახურებით 1 319 650 ადამიანმა ისარგებლა. ამას ემატება ის ბენეფიციარები, რომლებმაც მხოლოდ გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლეს. რაც შეეხება შემთხვევათა რაოდენობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სულ 2 547 032 შემთხვევა დაფინანსდა.

"ხორციელდება მსოფლიოში უნიკალური პროგრამა და ცე ჰეპატიტისგან ათასობით ჩვენი თანამოქალაქე უფასოდ განიკურნება"
simartle

ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წლის აპრილში დაიწყო და ის უწყვეტად გრძელდება. პროგრამა უფასო სკრინინგსა (დაავადების გამოვლენას) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უახლესი თაობის, ძვირადღირებული მედიკამენტებით უფასო მკურნალობას გულისხმობს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით ხორციელდება. Gilead საქართველოს C ჰეპატიტის  მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებს (სოფოსბუვირი, ჰარვონი) უფასოდ გადასცემს. დამხმარე მედიკამენტების შეძენას კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის პროგრამაში 10 000-მდე პაციენტია ჩართული, მკურნალობა უკვე დაასრულა 6 000-მდე პაციენტმა, განკურნების მაჩვენებელმა კი 90% შეადგინა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში C ჰეპატიტი აღმოიფხვრა, ეს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უპრეცენდენტო მოვლენა იქნება.

სოფლის მეურნეობა
"ქვეყნის მელიორაციაში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების შედეგად 133%-ით გაიზარდა ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწების ფართობი"
simartle

საქართველოში სამელიორაციო არხების საერთო სიგრძე 39 918 კილომეტრია. საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის ინფორმაციით,

დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით, სარწყავი სისტემის პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური და გამანაწილებელი არხი აღდგენილია. 2012 წლიდან წყალუზრუნველყოფილი ფართობი 2.3-ჯერ გაიზარდა და 104 000 ჰექტარი შეადგინა.

გრაფიკი 1:

წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი (ჰა) 2012-2016 წლებში

image003

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2012 წელს წყალუზრუნველყოფილი 45 000 ჰექტარი მიწის ფართობი იყო, 2016 წლის მონაცემით კი, ეს ფართობი 104 000 ჰექტარია. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 130%-ით არის გაზრდილი.

 
"ფაქტობრივად ყველას, ვისაც ამის სურვილი და საფერმერო მეურნეობის ჩამოყალიბების რეალური პროექტი აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს გრძელვადიანი უპროცენტო სესხით"
metcilad_mcdari

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორი პროექტი ხორციელდება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებისგან შეღავათიანი კრედიტის მიღებას ითვალისწინებს. ეს პროექტებია: "შეღავათიანი აგროკრედიტი" და "აწარმოე საქართველოში". "შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა" 7 კომპონენტისგან შედგება. ამ კომპონენტებისგან მხოლოდ ერთია უპროცენტო (0%) - სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის. კრედიტის მოცულობა 5 000 ლარამდეა და ხანგრძლივობა ექვსი თვე გახლავთ (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1, სტატია 2, სტატია 3, სტატია 4).

პროექტის ყველა სხვა კომპონენტი თანადაფინანსებას გულისხმობს და პროცენტიანია. პროცენტის მოცულობა ბენეფიციარისთვის (ფერმერისთვის) 3%-8%-ს შორის მერყეობს.

რაც შეეხება პროექტს "აწარმოე საქართველოში", მის ფარგლებში კრედიტის 10%-ს პირველი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ფარავს, 1-2%-ს კი ბენეფიციარი იხდის. აგრეთვე არსებობს გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი. პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 40%-50%-ს შორის მერყეობს, ბენეფიციარის თანამონაწილეობა კი, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით, პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10% უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ერთი კომპონენტი (მცირე ფერმერების დაფინანსება) უპროცენტოა (0%), ეს სესხიც გრძელვადიანად ვერ ჩაითვლება, რადგან მისი ხანგრძლივობა 6 თვეა. რთული სათქმელია ისიც, რამდენად ხელმისაწვდომია ის ყველა მოქალაქისთვის. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბენეფიციარი საფინანსო ინსტიტუციების მიერ ასეთი ტიპის სესხის გაცემის წინაპირობებს აკმაყოფილებდეს, რაც ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ქონებრივ უზრუნველყოფასაც გულისხმობს, რაც ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არ არის.

 
სხვა საკითხები
"ისინი [ნაციონალური მოძრაობა] არავის ინდობდნენ... ებრძოდნენ თავგამოდებით პატრიარქსაც და მთლიანად ეკლესიას"
populizmi

წერილში ივანიშვილს ამ სიტყვების დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ დაუსახელებია, ამიტომ უცნობია, კონკრეტულად რის საფუძველზე გააკეთა მან აღნიშნული შეფასება. განცხადების შესამოწმებლად ჩვენ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოვიყვანთ.

სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება 2002 წელს გაფორმდა, რის შემდეგაც ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება დაიწყო. გამოყოფილმა თანხებმა სარეკოროდო  მაჩვენებელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიაღწია. 2003-2012 წლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილმა თანხამ ჯამში 125.1 მლნ ლარი შეადგინა. ცენტრალური ბიუჯეტის გარდა, დაფინანსება სახელმწიფო ფონდებიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების  ბიუჯეტებიდანაც ხდებოდა. მაგალითისთვის, 2006-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილმა  საპატრიარქოს პრეზიდენტის ფონდიდან ჯამში 10.4 მლნ ლარი გამოუყო. დაფინანსების გარდა, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის არაერთი შემთხვევა, რის საილუსტრაციოდაც 2010 წელს, შსს-ს მიერ საპატრიარქოსთვის 110 000 ევროს ღირებულების ავტომობილის ჩუქებაც

გამოდგება.

image004

სამოქალაქო საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი აკრიტიკებდა ყოფილ ხელისუფლებას საპატრიარქოსთან მიმართებაში გატარებული პოლიტიკის გამო, თუმცა მათ მიერ დასახელებული მიზეზები კარდინალურად განსხვავდება ბიძინა ივანიშვილის არგუმენტებისგან. მათი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობდა საპატრიარქოსთან, რაც სეკულარული სახელმწიფოს დასუსტებას იწვევდა. მათივე შეფასებით, ბიუჯეტიდან თანხების მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამოყოფა სხვა კონფესიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველოში ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა
simartle

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები ბოლოს 2015 წლის 25 სექტემბერს განახლდა და 1996-2014 წლების მონაცემები მოიცვა. 2014 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი ექვსივე ინდიკატორის მიხედვით გაუმჯობესდა და 18 წლიანი პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია.

გრაფიკი 1:

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (პერცენტილური რეიტინგი)

image005წყარო: მსოფლიო ბანკი

დადებითია ტენდენცია აბსოლუტური შეფასების თვალსაზრისითაც (იხ. გრაფიკი 2). წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა და მაქსიმუმს მიაღწია ხუთმა ინდიკატორმა: გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა; რეგულირების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი. გამონაკლისია მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის აბსოლუტურმა მნიშვნელობამ მაქსიმუმს, 0.57-ს, 2012 წელს მიაღწია. 2013 წელს ის შემცირდა 0.53-მდე, 2014 წელს კი შემცირება განაგრძო და 0.48 შეადგინა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში კლების ტენდენციის მიუხედავად, მთავრობის ეფექტიანობის ინდიკატორის სხვა ქვეყნებთან შედარებითი მაჩვენებელი 2014 წელს 71.63-მდე გაიზარდა და მაქსიმუმს მიაღწია (იხ. გრაფიკი 1).

  გრაფიკი 2:

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (აბსოლუტური მნიშვნელობა)

image006 წყარო: მსოფლიო ბანკი

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მდგომარეობაა ამ ინდიკატორების მიხედვით 2015 და 2016 წლებში. ეს მსოფლიო ბანკის მომავალი ანგარიშებიდან გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი