მარნეულის #36 საარჩევნო ოლქის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა რადიო "მარნეულის" ეთერში

განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკის მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის იდეა იყო. "ქართულმა ოცნებამ" ეს პროექტი განახორციელა, ბიბლიოთეკის მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ გახსნილა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა.

თავდაპირველად, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ ადგილზე მივედით და ბიბლიოთეკის შენობა უშუალოდ მოვინახულეთ. ბიბლიოთეკა მართლაც აშენებულია, თუმცა ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. შენობის შიგნით კი, შესაბამისი ინვენტარი და პროექტით გათვალისწინებული თანამედროვე ტექნიკა ჯერჯერობით არ არის (იხ. ფოტოები).

ჩვენთან საუბარში ახმედ იმამყულიევის განცხადება მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უარყვეს. მათი თქმით, ბიბლიოთეკის აშენება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ მარნეულის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის იდეა იყო. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მშენებლობა 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის აგვისტოში დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერის მიხედვით შერჩეულმა კომპანიამ - შპს "ალგეთმა" შეასრულა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 417 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხიდან ჯამში 330 ათასი ლარის ათვისება მოხდა. მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ბიბლიოთეკის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით და ტექნიკით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. თუმცა, ამ ეტაპზე ბიბლიოთეკის ინტერიერი მოწყობილი არ არის და როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, შიდა სივრცის მოწყობის სამუშაოები სკვერის მშენებლობასთან ერთად მიმდინარეობს.

მარნეულის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიბლიოთეკა უკვე ერთი წელია უფუნქციოდაა, მიზეზად კი "ბევრი სხვადასხვა ნიუანსის" გათვალისწინება სახელდება. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ეზოსა და სკვერის კეთილმოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას დაიწყებს. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ ახმედ იმამყულიევს ვკითხეთ, თუ რაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მარნეულში ბიბლიოთეკის მშენებლობის იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. კანდიდატის განმარტებით, ასეთი პირობა მოსახლეობას 2012 წლამდე, ნოვრუზის ერთ-ერთ დღესასწაულზე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა მისცეს. ჩვენ მოვიძიეთ სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტები ამ მოვლენის შესახებ, თუმცა განცხადება ბიბლიოთეკის მშენებლობის თაობაზე არსად შეგვხვდა (იხ. ბმული 1ბმული 2).

დასკვნა ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მარნეულში ბიბლიოთეკის მშენებლობა 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2015 წლის აგვისტოში დასრულდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის 333 ათასი ლარი დაიხარჯა. ფაქტობრივად ერთი წელია, შენობა დასრულებულია, თუმცა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბიბლიოთეკის აშენება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ მარნეულის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის იდეა იყო. ამის საწინააღმდეგოდ და თავისი პოზიციის გასამყარებლად, შესაბამისი დოკუმენტაცია ახმედ იმამყულიევმა ვერ მოგვაწოდა. ამრიგად, მისი განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი