ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი.   რეზიუმე:

ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული ახალი ამბავი სათაურით - „ბელგიელმა და ფრანგმა მედესანტეებმა გაბონში სასაკლაო მოაწყვეს“ - არარეალურია, რადგან გაბონში ჯარისკაცებს შორის მომხდარ ინცინდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, ბელგიის ფედერალური სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაზიანებები მსუბუქი ხასიათისაა და არც ერთი დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული სტატიის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს და ევროპული სამხედრო ძალების მიმართ საზოგადოების ნეგატიურად განწყობას ემსახურება.

  ანალიზი: 2017 წლის 11 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია

სათაურით: „ბელგიელმა და ფრანგმა მედესანტეებმა გაბონში სასაკლაო მოაწყვეს“. მასალაში მოთხრობილია გაბონის დედაქალაქ ლიბერვილის ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელშიც ფრანგი და ბელგიელი სამხედროები აღმოჩნდნენ ჩართულნი, რამდენიმე გაბონელ სამოქალაქო პირთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ბელგიურ სააგენტოს, „dhnet.be“-ს ეყრდნობა, სტატიაში არაზუსტად არის გადმოცემული მოვლენები და შეცვლილია კონტექსტი. სათაური, რომელიც იტყობინება ბელგიელი და ფრანგი ჯარისკაცების მიერ „სასაკლაოს მოწყობის“ შესახებ, არ ასახავს გაბონში მომხდარის რეალობას. სინამდვილეში, ფედერალური სასამართლოს განცხადების

თანახმად, კლუბში მომხდარი ჩხუბის შედეგად დაზარალებულებმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და ჰოსპიტალში არც ერთი მათგანის გადაყვანა არ გამხდარა საჭირო. გარდა ამისა, სტატიის ავტორი მკითხველს არასწორი კონტექსტით აწვდის ფაქტებს და იუწყება, რომ ბელგიელი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილას დაბრუნების (ბელგიაში) მიზეზს სწორედ მომხდარი ინციდენტი წარმოადგენს. ფედერალური სასამართლოს განმარტებით კი, მათი რეპატრიაცია გეგმიური ხასიათისაა, რადგან მისია, რომელშიც მონაწილეობდნენ, მომხდარი შემთხვევის წინა დღეს დასრულდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „საქართველო და მსოფლიო“ ამავე სტატიაში იტყობინება ლიტვის ქალაქ იონავაში 2017 წლის ივნისში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, როდესაც დაუდგენელმა პირებმა ნატო-ს ბატალიონის წევრი ოთხი გერმანელი ჯარისკაცი სცემეს. აღსანიშნავია, რომ ლიტვური და პოლონური სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში არ არის ნახსენები, თავდასხმისას, გერმანელი ჯარისკაცები არ ასრულებდნენ სამხედრო მოვალეობას და სამოქალაქო ფორმას ატარებდნენ. ისინი მიეკუთვნებიან იმ მრავალეროვან ბატალიონს, რომლის გაგზავნაც ნატო-მ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე 2016 წლის ივლისში გადაწყვიტა. თავდასხმის მიზეზი უცნობია, მაგრამ ყურადსაღებია, რომ ლიტვაში გერმანელი ჯარისკაცები ადრეც გამხდარან პროვოკაციის მსხვერპლნი. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ რუსეთმა გაავრცელა ყალბი ცნობები ლიტვაში დისლოცირებული გერმანელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი გაუპატიურების შესახებ. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის განცხადების მიხედვით, ნატო-ს ბატალიონის ჯარისკაცების წინააღმდეგ ყალბი ცნობების გავრცელება ლიტვაში არსებული ძალების დისკრედიტაციას ემსახურება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი