სულ რამდენიმე დღეში ბათუმის მოსახლეობამ ახალი მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. ბუნებრივია, სწორი არჩევანი ქალაქისა და მისი მცხოვრებლების კეთილდღეობის წინაპირობაა. ფაქტ-მეტრმა ამომრჩევლისთვის მერობის კანდიდატების უკეთ გაცნობა გადაწყვიტა და მათ ერთი და იგივე კითხვებით მიმართა. ვიმედოვნებთ, რომ მერობის კანდიდატების პასუხები ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ჩვენს კითხვებს პასუხობენ ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“), თენგიზ თავდგირიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“), ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – „თავისუფალი საქართველო“), ჯელალ ქიქავა (

„ლეიბორისტული პარტია“).

რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?   ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი და ასევე საქმე, რომელსაც ვაკეთებ. მენანება დროის დახარჯვა ისეთი საქმის კეთებაზე, რომელიც არ მიყვარს. ქალაქის მეურნეობა ადვილი სამართავი არ არის, ამას სხვადასხვა თემატიკის ცოდნა სჭირდება. მე მაქვს გამოცდილება, ვმუშაობდი როგორც საჯარო სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე, ისე კერძო სექტორშიც.

პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ბათუმი ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქია, რომლის განვითარებაც ბოლო წლებში შეჩერებულია, გაბატონებული არაპროფესიონალიზმისა და კორუფციის გამო. ამის დასამარცხებლად თანამდებობებზე უნდა მოვიდნენ სუფთა წარსულის მქონე პროფესიონალები და მიიღონ მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში. თუ საზოგადოება ამას მხარს დაუჭერს, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და შესაძლებლობები ბათუმის განვითარებას მოვახმაროთ. ქალაქის მერისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ტერიტორიების კეთილმოწყობა და საინვესტიციო პროექტების განვითარება.

თენგიზ თავდგირიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მე ხშირად ვფიქრობ ბათუმის მომავალზე. არასდროს ვყოფილვარ მოწყვეტილი ჩემს ქალაქს. კარგად ვიცნობ მის პრობლემებს. ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და ვიცი, რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს ბათუმი. იმიტომ დავთანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას, რომ ქალაქში ბევრი რამ შესაცვლელია. მე საკმაოდ მყარი ნებისყოფა მაქვს.

ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ჩემი საქმიანობა ყოველთვის ორიენტირებულია შედეგზე. გაეროს განვითარების პროგრამა „20 დღე კონფლიქტის ზონაში“ მონაწილეობის დროს ერთ-ერთი ვიყავი იმ ადამიანთა შორის, რომელთა სწორი მოქმედებების შედეგად საქართველომ  რამდენიმე მილიონიანი სწრაფი რეაგირების დახმარება მიიღო. ასევე, ჩემი მონაწილეობით, აჭარაში განხორციელდა 25 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროგრამები. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად მუშაობის მოკლე პერიოდშიც ბევრი ცვლილება განვახორციელე. დღეს ის სულ სხვა სამინისტროა.

ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ბათუმის უახლოეს ისტორიაში ვიქნებით საყოველთაოდ არჩეული მერი და საკრებულო, რომელიც წარსული ან/და არსებული ხელისუფლების ხელდასმითა და კარნახით არ აირჩევა და არ დაკომპლექტდება, აქედან გამომდინარე, ანგარიშვალდებული ვიქნებით არა რომელიმე გუნდის, არამედ ბათუმელების წინაშე.

ჯელალ ქიქავა („ლეიბორისტული პარტია“)

მე ვიქნები მერი, რომელსაც არავის წინაშე, გარდა თანაქალაქელებისა, ვალდებულება არ აკისრია, არც პარტიის ლიდერის, არც თბილისში ვინმეს წინაშე. ჩემი ქალაქისთვის თავი და ოჯახიც გადადებული მაქვს.

როგორ შეაფასებდით მოქმედი მერის საქმიანობას?

ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

არ მომწონს ის დამოკიდებულება, რომელიც ამ ქალაქის მიმართ აქვს. ბათუმში მიმდინარე მშენებლობები არც ერთ ნორმაში არ ჯდება. ზოგადად მშენებლობა კარგია, მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ქალაქის აქტივების გაუფასურებას.

ეს ადამიანები უფრო თავიანთ თანამდებობებსა და შრომით ანაზღაურებას უფრთხილდებიან. არ მინდა შევეხო პიროვნებებს, მაგრამ მათი მუშაობა თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ შეაფასა, როცა ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები კანდიდატებად არ დაასახელა.

პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ქალაქი ტოვებს მოუვლელის შთაბეჭდილებას. ცენტრალური უბნები თითქმის ევროპულ დონემდეა განვითარებული, სხვა უბნები კი 90-იანი წლების პირობებშია დარჩენილი. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. როცა ბიუჯეტიდან თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუხარჯავი რჩება, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს.

თენგიზ თავდგირიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

არ მომწონს, რომ ქალაქში მშენებლობები მიმდინარეობს ქაოსურად, სირთულეებია ბიზნესის სფეროში. ბევრი პრობლემაა ქალაქში, რომელთა მოგვარებაც აქამდე შესაძლებელი იყო. მოზარდები ქუჩის ამარა არიან დარჩენილნი. ეს მნიშვნელოვანი საკითხია.

ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

გიორგის, როგორც ჩვენი გუნდის წევრს, პოზიტიურად ვაფასებ. მან ქალაქს ბევრი კარგი რამ გაუკეთა.

ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

გიორგი ერმაკოვი არის უაღრესად განათლებული, კომუნიკაბელური და დადებითი პიროვნება, მაგრამ, როგორც ჩანს, აღნიშნული უნარ-ჩვევები არ აღმოჩნდა საკმარისი ბათუმელების და ხელისუფლების გულის მოსაგებად. არ არსებობდა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, საკრებულოსა და მერიას შორის ჯანსაღი კომუნიკაცია, რაც ზოგადად საქმისათვის ხელისშემშლელია.

ჯელალ ქიქავა („ლეიბორისტული პარტია“)

გიორგი ერმაკოვმა მერია პოლიციელებითა და უშიშროებით გაავსო. თვითონაც პოლიციელია, ამიტომ შეშინებულია. იმ დანაშაულების ეშინია, რისთვისაც ხალხს იჭერდა. ახლა შემოუბრუნდნენ და ყველაფერს აკეთებინებენ, რაც უნდათ. მაგრამ ფრთხილობს და არც ერთ მნიშვნელოვან საბუთზე მაგის ხელმოწერა არაა. არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს. მე არ მეშინია. შეშინებული მერი ქალაქისთვის სასიკეთოს ვერაფერს გააკეთებს.

  ჩამოთვალეთ სამი-ხუთი მთავარი პრობლემა, რომლებიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს.   ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ბათუმში ძირითადი პრობლემა ისაა, რომ განვითარება შეჩერდა. დღემდე მოუწესრიგებელია ჭაობის დასახლება, სამი წლის წინ უნდა დაემთავრებინათ და დღესაც არაა დასრულებული, რადგან ეს დრო მაფიოზურ გარჩევებს გადააყოლეს. გერმანიის განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება მერიამ თვითნებურად შეცვალა. შპს „გზას“ მოსთხოვა, ჯავახიშვილის ქუჩა ამოეღო უკვე დამტკიცებული, ტენდერჩატარებული პროექტიდან, იმ მიზეზით, რომ მის ნაცვლად კოლექტორი ბარცხანაში გაეკეთებინა, რადგან საარჩევნო აქტივობისთვის დასჭირდა. გერმანიის განვითარების ბანკმა უარი თქვა ისეთი ღონისძიების დაფინანსებაზე, რომელიც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. ამის გამო დღემდე მიმდინარეობს დავა შპს „გზასა“ და ბათუმის მერიას შორის.

უმნიშვნელოვანესი პრობლემაა პარკირება. ჩვენ გვაქვს პროგრამაში მონახაზი, სად უნდა გაკეთდეს პარკინგი. სადაც მოხერხდება, უნდა გავაკეთოთ პარკინგები, მწვანე ადგილები... ამის პოტენციალი არსებობს და შეიძლება გაკეთება. არ არის დაცული K კოეფიციენტი. აქ ზის ვიღაც ემისარი თბილისიდან და ის წყვეტს მშენებლობის ნებართვების საკითხებს.

ასევე მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ა(ა)იპ-ების და სსიპ-ების რაოდენობა. ესენი არის კორუფციის ბუდე.

პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“)

ბათუმს საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე ბევრი აკლია, მაგრამ განმსაზღვრელი არის ტურიზმი. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, გაიზრდება ტურისტების ნაკადი. ეს გამოიწვევს სხვა დარგების განვითარებას, ახალი საწარმოების გახსნას, ახალი ბიზნესის შექმნას. მოგეხსენებათ, დიდი პრობლემაა უმუშევრობა. ბათუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელიც არ იქნება ერთი კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური სუბიექტის შემუშავებული. სამწუხაროდ, დღეს უსახური შენობები მომრავლდა და სულ უფრო ნაკლები ტერიტორია რჩება გამწვანებისთვის. ბიუჯეტსაც ბევრი პრობლემა აქვს.  მოსაწესრიგებელია ქალაქში საპირფარეშოების საკითხიც. რატომღაც ამაზე არავინ საუბროს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც ბათუმის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვისაც. არ გვაქვს ადგილები პარკირებისთვის. ეს საკითხიც მოსაგვარებელია. მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხიც. ჩვენ გამოვრიცხავთ უხეშ ჩარევას, მაგრამ ამ სახლებში მცხოვრებთა ინტერესებსაც დავიცავთ.

თენგიზ თავდგირიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადი და პარკირება, სპორტული დარბაზების არარსებობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ამას ემატება უსახური მაღლივი შენობები, რომლებმაც ხელი შეუშალა ბათუმში ჰაერის ვენტილაციის პროცესს, ჭაობის დასახლებაში დაუსრულებლად მიმდინარე სამუშაოები, პარკირების პრობლემა და სხვა.

ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

მოგეხსენებათ, ბათუმს ჰქონდა პორტო ფრანკოს დატვირთვა და პორტის ხარჯზე არსებობდა. კომუნისტების პერიოდში სამრეწველო ფუნქცია შეიძინა და რამდენიმე ქარხანა ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არ აღმოგვაჩნდა საწარმოების შენარჩუნების პასუხისმგებლობა. იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს მოახერხეს, ბევრად გაუადვილდათ გარდამავალი პერიოდი. ქალაქმა მაშინ ფუნქცია დაკარგა და მოსახლეობამ გადინება დაიწყო. 2004 წლიდან, ტურისტული პროექტების განხორციელებით, ბათუმმა ახალი ფუნქცია შეიძინა. დღეს გვაქვს ქალაქი მონოფუნქციით, რომელიც უნდა შეუნარჩუნდეს და განვითარდეს ოთხივე სეზონისთვის, მაგრამ ახალი მიმართულებებიც უნდა შემოვიტანოთ.

ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

არ არის სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები, ეს ეხება როგორც ბიუჯეტის თანხების გადანაწილებას, ასევე განაშენიანებას. არ არსებობს ურბანული განვითარების გეგმა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს არასწორი დაგეგმარების, პროფესიონალების დასკვნების გარეშე. ყურადღების მიღმა არიან დატოვებულნი მოხუცები, შშმ პირები, სტუდენტი-ახალგაზრდობა.

სამართლიანობა, პასუხისმგებლობა და წესრიგი იქნება ყველა მიდგომაში. მუნიციპალიტეტმა დამოუკიდებლად უნდა განახორციელოს განვითარებისა და აღმშენებლობის პოლიტიკა. ჩარევა მიუღებელია.

ჯელალ ქიქავა („ლეიბორისტული პარტია“)

უმუშევრობა და კრიმინალი. რას გავს ქუჩა, 90-იანებში ვბრუნდებით. ტურისტებისა და ინვესტორებისთვის ეს ხელისშემშლელი ფაქტორია. არ ჩამოვა აქ არავინ. იქ წავა, სადაც მისი უსაფრთხოება და კომფორტი გარანტირებული იქნება. კორუფცია დიდი პრობლემაა. ჭაობში რაც ხდება, კორუფციის სქემაა. ახალრეაბილიტირებულ ქუჩებში დგება წყალი, რადგან პროექტით გათვალისწინებული სტანდარტები დარღვეულია. მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის გამოყენებული მილები მცირედიამეტრიანია, ამაში ფული „მოტეხეს“. აბა ისე ტენდერს ვინ მოაგებინებდა. ტენდერის ღირებულების სოლიდური ნაწილი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ილექება. მერე იმ კომპანიას სხვა ტენდერს მოაგებინებენ, რომ წინა ტენდერის ხარჯი გაისტუმროს. ერთი ტენდერიც რომ ჩააგდოს, გაკოტრდება.  ამიტომაცაა ჭაობში ასეთი სიტუაცია. დიდი პრობლემაა, რომ მოზარდები არიან ქუჩაში და არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე უნდა მივხედოთ შშმ პირებს. მათთვის სრულიად არაადაპტირებული გარემოა.

რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის და როგორ გეგმავთ მათ შესრულებას?   ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

ჩვენ გვაქვს პროგრამა - ესაა ბათუმის ქცევა საოცრებათა ქალაქად. დავძლევთ სიღარიბეს, უმუშევრობას და ბათუმი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი. ამისთვის რამდენიმე მიმართულება  გვაქვს. პირველი - ესაა სოციალური ფონის გაუმჯობესება. დავიწყებთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ქალაქის ყველა უბანში გავაჩენთ მიზიდულობის ცენტრს: ახალ ბულვარს, პიაცის მსგავს ობიექტებს, პარკს თავისი გასართობებითა და დასასვენებელი ადგილებით. გადავხედავთ ბიუჯეტს, შევამცირებთ მაღალი თანამდებობების პირთა ხელფასებსა და პრემიებს და ეს თანხა მიემართება სოციალურ საკითხებსა და ინფრასტრუქტურაზე.  მოძალებული სატრანსპორტო ნაკადის განტვირთვას ხელს შეუწყობს ბენზე - ბარცხანის დამაკავშირებელი გზის გაკეთება, რაც ასევე ჩვენი პროგრამის ნაწილია. ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ იტალიური ეზოს განვითარების პროგრამა. ეს მიმზიდველს გახდის ბათუმს, რადგან დაგვეხმარება ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნებაში. უნდა მივხედოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ზოგიერთი მათგანი დაშლის პირასაა, სახელმწიფო კი კრძალავს თვითნებურად რაიმე ზომების მიღებას. მაგრამ იქ ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ მზად ვართ, ამაში დავხარჯო თანხა. ბათუმს შეუძლია სამრეწველო მიმართულებით განვითარება. სულ მარტივად შეიძლება, დავაინტერესოთ ინვესტორი და გავხსნათ მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ეკოლოგიურად არ იქნება ქალაქისთვის საფრთხის შემცველი.

პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ბიუჯეტის დაგეგმვისას გადაწყვეტილება საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ასევე მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის ელემენტარულად ადაპტირებული გარემოს შექმნა. სამწუხაროდ, ეტლით მოსარგებლეთათვის ჩვენი მუზეუმები და რამდენიმე მუსიკალური სასწავლებელიც კი არაა ხელმისაწვდომი. ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაც არის, თუ მოიკლებენ ფუფუნებას, პრემია-დანამატებს. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ დაახლოებით 50 ლარით გავზრდით პენსიას ბიუჯეტში არსებული ხარჯების ეკონომიით, ასევე - ბაღის მასწავლებლების, ავტობუსის გამცილებლების, მეეზოვეების და შემოქმედებითად დასაქმებული ადამიანების ხელფასებს.

ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს და იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შესრულებაც ადრე შეიძლებოდა, ახლა ახორციელებს. ამით ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობს.  ვთვლი, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ერთიანი ძალით უნდა დაუპირისპირდეს სახელისუფლებო კანდიდატს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს დემოკრატიული პრაქტიკა - რეგიონის ხელისუფლებასა და ცენტრალურ ხელისუფლებაში სხვადასხვა გუნდია. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს განვითარებას.

თენგიზ თავდგირიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მერად არჩევის შემთხვევაში, შევქმნი სათათბირო საბჭოს, რომელშიც შევლენ არქიტექტორები, დიზაინერები, ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მათთან ერთად ვიმუშავებ. დიდ დროს დავუთმობ მოხუცებისა და ბავშვებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას, ყველა უბანში გავხსნიდი სპორტულ სკოლებს, რათა მოზარდები ქუჩას წავართვათ. უმუშევრობის დაძლევის მიზნით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს ძალიან კარგი იდეა - მერიაში უნდა შეიქმნას ა(ა)იპ -ი, რომელიც იზრუნებს მოქალაქის ბიზნესიდეის განხორციელებაზე. ასევე ბათუმში უნდა აშენდეს მუნიციპალური ციტრუსის გადამამუშავებელი კომბინატი. დასაქმდებიან ადამიანები, დამზადდება პროდუქცია. ბათუმში გავხსნიდი ფერმენტაციულ ქარხანას, რომელშიც მოსახლეობა ჩააბარებდა თამბაქოს, რომელიც უცხოელებზე გაიყიდებოდა. ამით მუშახელი სოფელშიც დასაქმდებოდა და ქალაქშიც.

ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

მე პრობლემების არა წერტილოვანი, არამედ კომპლექსური მოგვარების მომხრე ვარ. მაქვს პროგრამა, რომელშიც ოთხი ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი. პირველი - ქალაქის ფუნქციური დატვირთვის სწორად განსაზღვრა. ბათუმს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, ისე მთლიანად რეგიონის მასშტაბითაც. ამიტომ ახალი ბიზნესის შემოტანაზე ვიზრუნებთ.  მაქვს ინდუსტრიული ბიზნესცენტრის შექმნის პროგრამა.  მეორე მიმართულებაა ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური ცენტრების შექმნა. მესამე - მუნიციპალური სერვისების გაძლიერება, ხოლო მეოთხე და უმნიშვნელოვანესი - მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ურბანული პოლიტიკის შემუშავება. ვითვალისწინებთ შშმ პირების უკეთესად ინტეგრირების პოლიტიკას, ასევე, საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანების ინტერესებს და ა. შ. ვფიქრობ, რომ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა ჩემი პროგრამის შესაბამისად გადაიხედება და შეჯერდება. ყველანაირი პირობაა იმისა, რომ მომავალ წელს ბათუმს ეს გეგმა ჰქონდეს. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. თუ მერიაში ამჟამად დასაქმებულები ამყვებიან, ერთად გავაკეთებთ, თუ არა - მერე განვიხილავთ სხვა კანდიდატურებს. მერიაში თანამშრომლების გასათავისუფლებლად არ მივდივარ.

ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

ნოემბერ - დეკემბერში პრიორიტეტების მიხედვით გაიწერება ბიუჯეტი და იანვარში გამოვაცხადებთ ტენდერებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, მთელი ქალაქის მასშტაბით. შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვით მხარეს, მერიისა და საკრებულოს საქმიანობას, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მყისიერი რეაგირება.

უარს ვაცხადებთ სამსახურებრივი ავტომობილების მომსახურებაზე. მერიასა და საკრებულოს არ სჭირდება უზარმაზარი ავტოპარკი. გამოთავისუფლებული თანხები დამატებით წარიმართება სოციალური პროექტების განსახორციელებლად. მერიისათვის სავსებით საკმარისია სამი წარმომადგენლობითი ავტომობილი (ერთი მსუბუქი, ერთი მაღალი გამავლობისა და ერთი მიკროავტობუსი).

ბათუმობის აღნიშვნის თარიღი უნდა გადმოვიდეს მაისის თვის ბოლო შაბათ/კვირას. სექტემბრის თვეში ბათუმობის აღნიშვნა ყოველგვარ აზრს და ხალისს არის მოკლებული, (რასაც ბოლო პერიოდის ბათუმობა გვიჩვენებს) რადგანაც როგორც ქალაქი და ქალაქელები არიან გადაღლილი  დატვირთული საზაფხულო სეზონის შემდეგ, ასევე იმ ობიექტების თანამშრომლები, რომლებიც უნდა ჩაერთონ დღესასწაულის აღნიშვნაში.  ჯელალ ქიქავა („ლეიბორისტული პარტია“)

ჩვენ ქალაქს კრიმინალისგან გავათავისუფლებთ, სტაბილურ გარემოს შევქმნით. კონკრეტულ გეგმებს არ გაგაცნობთ, პროგრამას ყველაზე გვიან წარვადგენ, ჯერ ჩემს კონკურენტებს დაველოდები, მაგრამ მოსახლეობას ვპირდები, რომ მერიას გავწმენდ ხაზინის ქურდებისგან. თვითონ 5 000 ლარი აქვთ ანაზღაურება და ბაღის მასწავლებლებს, რომლებსაც ქვეყნის გენოფონდი აბარიათ, 300 ლარი. დასუფთავებასა და წყალკანალსაც უნდა გაეზარდოს დაფინანსება.

როგორია თქვენი პოზიცია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით და თვლით, რომ მერიის უარი მეჩეთის აშენების თაობაზე სამართლიანი და არგუმენტირებული იყო?   ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

რელიგიის თემით სპეკულირებას „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ იწყებს. პოლიტიკა უნდა ჩამოვაშოროთ ამ საკითხს. არ ვივაჭრებთ ამ თემით. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსის გზით. ვერ გეტყვით, იმ ადგილზე უნდა აშენდეს თუ არა. მგონია, აქ ადგილს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ეს გაკეთდეს ქართული ფულით. ჩვენ  ყველა რელიგიური ჯგუფის მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გვქონდეს.

პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას. ვფიქრობ, მეჩეთის საკითხი ხელისუფლების მიერ აჟიტირებული თემაა, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფთან სავაჭროდ იყენებს. ეს დაუშვებელია. რაც წერია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებაში, ის უნდა დავიცვათ. მხოლოდ ასე მივალთ ერთიან ევროპულ ოჯახში.

თენგიზ თავდგირიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცნობილია, დისკრიმინაციად არავინ უნდა ჩამითვალოს, დედა მაჰმადიანი მყავს, დიდ პატივს ვცემ ქართული ორიენტაციის მუსლიმ თანამემამულეებს. თუ ბათუმელები გადაწყვეტენ, რომ უნდა აშენდეს, აშენდება. თუმცა პირადად მე არ ვარ მომხრე.

ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ამ მიმართულებით მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ვმუშაობ. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ მუსლიმ მრევლთან. ჩვენ არ ვართ უცხოები ერთმანეთისთვის, ამიტომ ამ პრობლემას ერთობლივად მოვაგვარებთ. მეჩეთი ან აშენდება, ან ძველი გაფართოვდება.

ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ნეიტრალურია. არ ვიცნობ არც მერიის არგუმენტაციას უარის თქმის შესახებ და არც მუსლიმი მრევლის მოთხოვნის დასაბუთებულობას. მე გახლავართ იურისტი, გპირდებით, რომ უმოკლეს ვადაში იქნება შესწავლილი მოცემული საკითხი და მიღებული იქნება შესაბამისი სწორი და სამართლიანი  გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ ტყუილი და არასწორი მიდგომა, რომელსაც  ადგილი ჰქონდა  ბოლო წლების განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ჯელალ ქიქავა („ლეიბორისტული პარტია“)

ეს არ არის მერის გადასაწყვეტი, უფრო პოლიტიკური საკითხია. ვთვლი, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, მაგრამ არა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე.

ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ე.წ. ჭაობის დასახლების საკითხი - გაქვთ რაიმე გეგმა ამ დასახლებების განვითარებისთვის?   ლევან ანთაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

თავის დროზე, როცა ჩვენ ეს ტერიტორიები ქალაქს შემოვუერთეთ, ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქალაქი სწორად რომ განვითარდეს, შემოერთებული ტერიტორიებიც იგრძნობს ამ განვითარებას. ჭაობში ვაპირებთ რამბლეს ტიპის ქუჩის გაკეთებას, თავისი პარკით, გასართობები თუ დასასვენებელი ადგილებით. ეს გამოაცოცხლებს იმ ტერიტორიებს და მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. ეს, თავის მხრივ, ტურისტულ სეზონს გაზრდის დროსა და სივრცეში, რაც, ბუნებრივია, აისახება თითოეულ მოსახლეზე. ათი უბანია ბათუმში და ათივეში გავაჩენთ ახალ ბულვარს. გვინდა ბენზეში, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე გავაკეთოთ სპორტული ქალაქი მთელი დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით, რაც გამოიწვევს ბენზეს და ბარცხანის განვითარებას.

პეტრე ზამბახიძე („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“)

ქალაქის ცენტრალური ტერიტორია თითქმის ევროპულ დონემდე განვითარდა. ახლა უნდა მივხედოთ გარეუბნებს. ამიტომ ევროპული საქართველოს მიზანია, შევქმნათ ყველა პირობა, რომ ინვესტიციები უპრობლემოდ შემოვიდეს, რასაც მოჰყვება დასაქმება. გასაკეთებელია გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდი. ეს გამოაცოცხლებს იმ ტერიტორიას გამოიწვევს ახალი ტურისტული ობიექტების შექმნას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს.

თენგიზ თავდგირიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

როცა ქალაქის ურბანული დაგეგმარების პრობლემა მოგვარდება, ეს საკითხებიც მოწესრიგდება. ჭაობის დასახლებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უსწრაფესად დავასრულებთ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამ ცვლაში უნდა იმუშაონ.

შემოერთებული ტერიტორიები რთული საკითხია. თავის დროზე ეს არ უნდოდათ არც გამგეობებს და არც მოსახლეობას. ჩემი აზრით, ეს გაკეთდა იმიტომ, რომ იმ მიწების სტატუსი სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოდ შეეცვალათ და გამოსყიდვის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის ნაკლები კომპენსაცია გადაეხადათ. ძირითადად ეს ტერიტორიები ტურისტული მიმართულებით უნდა განვითარდეს.

ლაშა კომახიძე („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“)

ბათუმს აქვს მსუბუქი მრეწველობის განვითარების პოტენციალი. ეს იმოქმედებს ქალაქს შემოერთებული ტერიტორიების ურბანიზაციაზე. შეიქმნება წარმოების ზონა ქალაქის განაპირა ტერიტორიებზე. ბუნებრივია, გავითვალისწინებთ მოსახლეობისა და ტურისტების ინტერესებს.

ომარ ფარტენაძე („ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“)

მე გახლავართ მოქმედი საკრებულოს წევრი, დეპუტატი. როგორც ვიცი, ჯერ არ დაწყებულა ბიუჯეტის პროექტის შემუშავება - განხილვა. ამიტომაც ვთვლი, რომ ბათუმელებს გვაქვს კარგი შანსი, ჩვენვე განვსაზღვროთ პრიორიტეტები, სწორად გადავანაწილოთ თანხები და ბათუმის აღმშენებლობის საქმეში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. არ არსებობს პრობლემური საკითხი, არ არსებობს ჩიხური მდგომარეობა, არის მხოლოდ არაპროფესიონალური და არასწორი მიდგომა საკითხისადმი, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ. ჩვენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის პროგრამა მუშავდება და მოგვიანებით ბროშურის სახით წარმოგიდგენთ.

ჯელალ ქიქავა („ლეიბორისტული პარტია“) ჭაობში რაც ხდება, კორუფციის სქემაა. ახალრეაბილიტირებულ ქუჩებში დგება წყალი, რადგან პროექტით გათვალისწინებული სტანდარტები დარღვეულია. მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის გამოყენებული მილები მცირედიამეტრიანია, ამაში ფული „მოტეხეს“. აბა ისე ტენდერს ვინ მოაგებინებდა. ტენდერის ღირებულების სოლიდური ნაწილი მაღალჩინოსნების ჯიბეებში ილექება. მერე იმ კომპანიას სხვა ტენდერს მოაგებინებენ, რომ წინა ტენდერის ხარჯი გაისტუმროს. ერთი ტენდერიც რომ ჩააგდოს, გაკოტრდება.  ამიტომაცაა ჭაობში ასეთი სიტუაცია. ვთქვათ 2 მლნ რომ ღირს ტენდერი და 500 ათასს დააბრუნებ, გამოდის, რომ ხარისხიანად სამუშაოების შესასრულებლად თანხა არ გეყოფა. რაც შეეხება შემოერთებულ ტერიტორიებს, პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ტურისტი და ინვესტორი რომ შემოვა, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი