"

რუსთავი 2"-ის ეთერში ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა: "ჩვენ შევისწავლეთ მდგომარეობა მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში. 2012 წელთან შედარებით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია ათასი საშტატო ერთეულით. ეს ძალიან დიდი რიცხვია ბათუმისთვის, ეს არის დასაქმებულ ადამიანთა დაახლოებით 30%-ით გაზრდა. ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ პარტიული, მეგობრული და ნათესაური ნიშნით ინიშნებიან".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ბათუმის მერია დაახლოებით ოცდაათამდე მუნიციპალურ ორგანიზაციას ფლობს, მათგან, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, ნაწილი შპს, ნაწილი კი ა(ა)იპ-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის მერიის ბალანსზე სსიპ-ები (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) არ ირიცხებიან.

მუნიციპალიტეტს თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, კანონმდებლობის თანახმად, უფლება აქვს დააფუძნოს ა(ა)იპ (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), რომლის ხელმძღვანელსაც გამგებელი/მერი ნიშნავს და ათავისუფლებს. ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხის დამტკიცება, თანამშრომელთა ხელშეკრულებით დანიშვნა-გათავისუფლება, ასევე ხელფასის ოდენობის განსაზღვრა მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის კომპეტენციას წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტი ასევე უფლებამოსილია საკუთარი ქონების ბაზაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) დააფუძნოს. რაც შეეხება საშტატო ნუსხას, ის შპს-ის შიდა დებულებით (მერია დანარჩენ პარტნიორებთან ერთად ადგენს) განისაზღვრება.

2012

წელს ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა 2013 წლის 31 იანვრამდე შეინარჩუნა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი კირთაძე გადააყენეს და მის ნაცვლად ირაკლი ჩავლეშვილი აირჩიეს. რაც შეეხება ქალაქის მერს (რომლის კომპეტენციაში ა(ა)იპ-ების, შპს-ების შექმნა, ასევე საშტატო ნუსხის დამტკიცება შედის), 2012 წლის ოქტომბრიდან მის მოვალეობას ჯემალ ანანიძე ასრულებდა, რომელსაც მხარი მაშინდელმა საკრებულოს უმრავლესობამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა. ჯემალ ანანიძეს ბათუმის მერის თანამდებობა 2013 წლის 13 თებერვლამდე ეკავა. მან თანამდებობა თავისი ნებით დატოვა. მის ნაცვლად, ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ერმაკოვი დაინიშნა.

ფაქტ-მეტრმა ქალაქ ბათუმის მერიიდან ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ბათუმის მერიაში განგვიმარტეს, რომ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ჩვენ განცხადების ავტორს დავუკავშირდით, რომელმაც მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულ ადამიანთა ოფიციალური სტატისტიკა მოგვაწოდა (აღნიშნული ინფორმაცია თითოეული დაწესებულებიდან ჰქონდა გამოთხოვილი). მან ასევე დააზუსტა, რომ განცხადებაში მერიის მიერ დაარსებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს (და არა სსიპ-ებს) გულისხმობდა.

მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ბათუმის მერიამ ცხრა დაწესებულება დააფუძნა, სადაც, 2016 წლის მდგომარეობით, 372 საშტატო ერთეულით განსაზღვრული და 70 ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი თანამშრომელი მუშაობს (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1:

 დასაქმებულთა რაოდენობა ბათუმის მერიის მიერ დაარსებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში

image001

როგორც ცხრილიდან ჩანს, საერთო ჯამში, მერიის მიერ დაარსებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში 2010 წელს 1 371 ადამიანი მუშაობდა, 2012  წელს - 3 463, 2016 წელს კი - 4 445. 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 28%-ით (1 000 ადამიანით) გაიზარდა. მათ შორის, განსაკუთრებით არის გაზრდილი ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა რიცხვი (155%-ით). თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია 2012 წელს არ დაწყებულა - 2010 წლიდან, როგორც შტატით, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულთა რიცხოვნობა ყოველწლიურად იზრდება. მათ შორის, ყველაზე მეტად - 82%-ით, 2011 წელს გაიზარდა. ასევე, მაღალი ზრდა იყო 2012 წელსაც (39%).

გრაფიკი 1:

 ბათუმის მერიის მიერ დაარსებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია

image002

აუცილებელია იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ 2011 წელს დასაქმებულთა ოდენობის ასეთი მაღალი ზრდა ბათუმის ტერიტორიული ერთეულების გაზრდით იყო გამოწვეული. 2010 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი ბათუმს შეუერთდა.

ჩვენ ბათუმის მერიის აპარატის თანამშრომელთა რაოდენობაც გადავამოწმეთ.

ცხრილი 2:

 ბათუმის მერიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა (2012-2016 წლები)

პერიოდი შტატით გათვალისწინებული შტატგარეშე
2012 424 8
2013 462 12
2014 405 15
2015 274 15
2016 276 17

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წელს მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 148 ადამიანით (35%-ით) შემცირდა.

დასკვნა

მიმდინარე წლის მონაცემებით, ბათუმის მერიის მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით ათასი ადამიანით არის გაზრდილი. ბათუმის საკრებულოში "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა 2013 წლის  იანვარში დაკარგა, რის შემდეგაც ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში საშტატო ნუსხას და მათ რაოდენობას ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები განსაზღვრავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებში თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის მაღალი მაჩვენებლები 2011 და 2012 წლებშიც დაფიქსირდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადების ფაქტობრივი სიზუსტის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ამ განცხადების კონტექსტიც - ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების თანამშრომელთა რიცხოვნობის ზრდა ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს დაიწყო და მერიის ახალი ხელმძღვანელობის პირობებშიც გაგრძელდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კირთაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი