აჭარა, ბათუმი
ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ-ების ხარჯების თითქმის ნახევარი ხელფასებზე დაიხარჯება
სიმართლე
2492 ნახვა
A+
A
A-

26 დეკემბერს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომაზე, საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ანთაძემ განაცხადა: „ა(ა)იპ-ები იქმნება იმისთვის, რომ კონკრეტული სამუშაო შეასრულოს. რომ დავთვალეთ, მარტო ხელფასი არის 42.3%“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 153 774 000 ლარით განისაზღვრა. აქედან ა(ა)იპ-ების გადასახდელები 38 779 200 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ასიგნებების 25.2%-ია. სულ, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 18 572 800 ლარია განკუთვნილი, საიდანაც 16 518 600 ლარი ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურების თანხას წარმოადგენს.

 

ცხრილი 1: ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საქონელი და მომსახურების მაჩვენებლები 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის მიხედვით

დასახელება მომუშავეთა რიცხოვნობა ხარჯი შრომის ანაზღაურება, ლარი საქონელი და მომსახურება, ლარი ადმინისტრაციული ხარჯი, ლარი ადმინისტრაციული ხარჯის %-ული წილი
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო 66 1 634 400 731 200 796 200 1 527 400 93,45
ბათუმის კორპუსი 64 4 817 100 690 500 286 100 976 600 20,3
ბათუმის ბოტანიკური ბაღი 195 2 947 400 1 752 500 776 400 2 528 900 85,80
გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური 81 2 528 200 793 900 1 734 300 2 528 200 100
საბავშვო ბაღების გაერთიანება 1 312 12 668 900 7 121 200 5 416 700 12 537 900 98,96
ბათუმის სპორტული ცენტრი 42 1 600 400 444 900 1 134 200 1 579 100 98,66
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 77 783 500 646 900 131 100 778 000 99,29
ბათუმის კულტურის ცენტრი 285 3 252 000 1 995 700 1 241 300 3 237 000 99,53
ბათუმის სასაფლაოები 66 539 000 431 200 96 800 528 000 97,95
ბათუმის საცხენოსნო კლუბი 5 160 000 54 900 101 600 156 500 97,81
ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 106 1 875 700 985 700 883 500 1 869 200 99,65
საჭადრაკო კლუბი „ნონა“ 6 343 100 57 600 232 300 289 900 84,49
სოციალური სერვისების სააგენტო 103 3 611 600 812 400 2 796 200 3 608 600 99,91

წყარო: ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი

 

2018 წელს ბათუმის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 ა(ა)იპ დაფინანსდება, რომელთა ჯამური ხარჯი 36 761 300 ლარია. აქედან, უშუალოდ ბიუჯეტის გადასახდელები 32 162 700 ლარს, ხოლო კანონმდებლობით ნებადართული სხვა გადასახდელები 4 598 600 ლარს შეადგენს. ჯამური ხარჯიდან 16 518 600 ლარი ანუ 44.9%  მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე უნდა გაიხარჯოს. აქვე აღვნიშნავთ, რომ თუ საკუთრივ ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯთან მიმართებით ვიანგარიშებთ, შრომის ანაზღაურებისთვის 13 612 800 ლარის, ანუ ჯამური ხარჯის 42.3%-ის გადახდა იგეგმება.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯს, რომელიც შრომის ანაზღაურებასთან ერთად საქონლისა და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, ა(ა)იპ ბათუმის კორპუსის შემთხვევაში მისი წილი ხარჯებში არის 20.3%. სხვა მუნიციპალური ორგანიზაციების მთლიან ხარჯებთან მიმართებით, ადმინისტრაციული ხარჯის წილი მაღალია და 84.5%-იდან 100%-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ სრული 100% ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის შემთხვევაში ფიქსირდება – მთლიანი ხარჯი მხოლოდ შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების ჯამურ თანხას მოიცავს და 2 528 200 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროგრამები არ იძლევა იმის გარკვევის საშუალებას, როგორ უნდა დაფინანსდეს ა(ა)იპ-ების დაგეგმილი ღონისძიებები, როცა ხარჯის თითქმის მთელი მოცულობა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. მაგალითად, ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისთვის გათვალისწინებულ ხარჯებში შედის მუნიციპალური ბიბლიოთეკების მართვა-ადმინისტრირება; კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებები; ბეჭდური გამოცემების შეძენა; ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. ამისთვის მთლიანობაში 770 900 ლარია განსაზღვრული, საიდანაც ხარჯი 712 900 ლარია. ხარჯის 82.56%-ს (628 700 ლარი) შრომის ანაზღაურება შეადგენს, ხოლო 11%-ს (78 800 ლარი) – საქონელი და მომსახურება. დარჩენილი 5 000 ლარი განკუთვნილია სოციალური უზრუნველყოფისთვის, ხოლო 400 ლარი – სხვა ხარჯებისთვის. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკისთვის, გარდა ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ გადასახდელებისა, გათვალისწინებულია კანონმდებლობით ნებადართული სხვა გადასახდელები, ჯამში 70 600 ლარი, საიდანაც 18 200 ლარი შრომის ანაზღაურებას ემატება, ხოლო 52 300 ლარი – საქონელსა და მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე შეუძლებელია იმის გარკვევა, რა თანხა მოხმარდება, ვთქვათ, კონკრეტულად ბეჭდური გამოცემების შეძენასა და ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას.

 

დასკვნა

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის განცხადებით, ა(ა)იპ-ების შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული ხარჯი 42.3%-ია, რასაც ემატება საქონლისა და მომსახურების ხარჯიც, რაც ა(ა)იპ-ებისთვის განკუთვნილი მთლიანი ხარჯის დიდ წილს შეადგენს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხელფასებზე მართლაც 42.3% იხარჯება, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის წილი ზოგ შემთხვევაში 100%-საც აღწევს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.

გააზიარეთ: