ვერდიქტი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

მოვალეთა რეესტრის მსესხებელთა გასული წლების ოფიციალურ სტატისტიკა, აღსრულების ბიუროსთან ამ დრომდე განხორციელებული არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, ვერ მოვიპოვეთ. ფაქტ-მეტრმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 18 აპრილს გაგზავნა, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ამდენად, მიხეილ სააკაშვილის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრისა და სხვა საინფორმაციო სააგენტოების არქივები გამოვიყენეთ.

2012

წლის ბოლოს მოვალეთა რეესტრში დაახლოებით 90 000 პირი იყო რეგისტრირებული, რაც მიმდინარე მაჩვენებელზე (256 316 მსესხებელი) 2.8-ჯერ მცირე მონაცემია. ამდენად, წარმოდგენილ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი სწორად აღნიშნავს, რომ მოვალეთა რეესტრის მსესხებელთა რაოდენობა 2012 წელთან მიმართებით საგრძნობლად გაზრდილია. თუმცა, აღნიშნული რეესტრი მოიცავს ნებისმიერ ორ მხარეს შორის წარმოშობილი ვალდებულებების შედეგად აღსრულებას გადაცემულ საქმეთა მაჩვენებელს და არა მხოლოდ, ბანკების მოვალეთა რიცხვს.

განცხადების მეორე ნაწილში მიხეილ სააკაშვილი ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებს განიხილავს. აღნიშნული გამოკვლევის მიხედვით, 2017 წელს ლომბარდების „მსესხებელთა რაოდენობა“ 609 ათასი ფიზიკური პირისგან შედგებოდა, თუმცა საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობა დაანგარიშებულია ლომბარდების მიერ მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით. მაგალითად, ერთი ადამიანის მიერ ლომბარდიდან ორჯერ გამოტანილი სესხი მსესხებელთა რაოდენობაში 2 ხელშეკრულების სახითაა ჩათვლილი. ამდენად, მაჩვენებელი მსესხებლების უნიკალურ რაოდენობას არ გამოხატავს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის აქცენტი, რომ 2017 წელს საქართველოს ყოველმა მე-5 მოქალაქემ მიმართა ლომბარდს, მართებული არ არის.

2017

წელს ლომბარდების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მართლაც 45.4% იყო. თუმცა, მიმართვაში სააკაშვილი ამ მაჩვენებელს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და უგულვებელყოფილია ცვლილების ტენდენცია, რომლის თანახმადაც 2013 წლის გამოკვლევასთან მიმართებით, განაკვეთი 8.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ანალიზი ვიდეო მიმართვაში

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბანკების მოვალეთა რიცხვი 2012 წელს 110 000 იყო, მიმდინარე მდგომარეობით კი ოფიციალურ რეესტრში მარტო მოვალეთა რიცხვი 250 000-მდეა გაზრდილი. მისივე განცხადებით, ლომბარდს მიმართა 600 000-ზე მეტმა ადამიანმა მხოლოდ გასულ წელს და ლომბარდში საპროცენტო განაკვეთი არის 45%. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში დარჩა 3 მლნ ადამიანი და აქედან ყოველმა მე-5 მიმართა ლომბარდს.

აღნიშნული განცხადების პირველ ნაწილში მიხეილ სააკაშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრის

მონაცემებს ასახელებს.

მოვალეთა რეესტრი არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული ბაზა, რომელიც ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე გამოიყენება. მასში განთავსებულია სააღსრულებო ინფორმაცია იმ ფიზიკური, იურიდიული პირებისა და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა) შესახებ, რომელთა მიმართ აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან და რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის დადგენილი ვადა, გარდა უზრუნველყოფილი მოთხოვნისა. მსესხებლის შესახებ ინფორმაცია ბაზაში შეიტანება მის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან დაუყოვნებლივ. აღსრულების შეჩერების შედეგად კი პირის შესახებ მსესხებლის მონაცემები რეესტრიდან ქრება. ამდენად, მოვალეთა რეესტრში არსებული რაოდენობრივი ინფორმაცია მსესხებელი პირების შესახებ მუდმივად ცვალებადია. 2018 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, მოვალეთა რეესტრში დაფიქსირებულია 256 316 დებიტორის მონაცემი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მსესხებელთა მაჩვენებლები, რომელთა წინააღმდეგაც აღსრულება მოქმედებს ვებგვერდზე ვიზიტის მომენტში. ამდენად, მიხეილ სააკაშვილის განცხადების სრულად გადასამოწმებლად და წლების მიხედვით რეესტრში დაფიქსირებულ მოვალეთა სტატისტიკის მოპოვების მიზნით, ფაქტ-მეტრმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 18 აპრილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წერილი

გაგზავნა. უწყებასთან დამატებითი კომუნიკაციის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ფაქტ-მეტრს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს მიღებული. შესაბამისად, წარმოდგენილ ანალიზში მიხეილ სააკაშვილის განცხადების გადამოწმებისთვის გამოყენებულია ჩვენთვის ხელმისაწვდომი მეორეული დოკუმენტები, როგორც ჩვენი არქივიდან, ისე სხვა წყაროებიდან.

2012 წლის დასაწყისისთვის მოვალეთა რეესტრში 70 000-მდე პირი იყო დარეგისტრირებული. 2013 წლის აგვისტოს მონაცემებით, აღსრულება 92 933 მსესხებლის წინააღმდეგ იყო დაწყებული. 2014 წლის პირველი იანვრისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 107 805-ს უტოლდებოდა. 2016 წლის ოქტომბერში კი მოვალეთა რეესტრში 178 500 ჩანაწერი მოიპოვებოდა.

აღნიშნული მაჩვენებლები, გასული წლების განმავლობაში, მოვალეთა რეესტრის მსესხებელთა ბაზის მზარდ ტენდენციას აჩვენებს.

წარმოდგენილი მონაცემებით იკვეთება, რომ 2012-2014 წლებში მოვალეთა რეესტრის ბაზის მონაცემები საშუალო წლიური 19 000 ჩანაწერით იზრდებოდა. მოცემული დათვლით, 2012 წლის ბოლოს მოვალეთა რეესტრში 90 000-მდე მსესხებელი უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული, რაც მიმდინარე მაჩვენებლებს 2.8-ჯერ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ მსესხებელთა რაოდენობა ნაკლებია სააღსრულებო წარმოებათა რიცხვზე, რადგან არსებობს შემთხვევები, როდესაც ერთი პირის წინააღმდეგ რამდენიმე სააღსრულებო წარმოება ერთდროულად მიმდინარეობს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოვალეთა რეესტრი მოიცავს მონაცემებს არა მხოლოდ ბანკების მოვალეთა, არამედ ნებისმიერი ორი მხარის მონაწილეობით წარმოშობილ ვალდებულებათა შესახებ, რომელიც გადაეცა აღსრულებას, შესაბამისად, მთლიანი მოცულობიდან მხოლოდ ნაწილია ბანკის მოვალეთა ოდენობა.

გარდა მოვალეთა რეესტრის ბაზისა, მიხეილ სააკაშვილი ლომბარდების მსესხებელთა მონაცემებსაც განიხილავს. აღნიშნული მაჩვენებლები საქსტატის მიერ 2017 წლის განმავლობაში განხორციელებულ ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის ძირითად შედეგებს ეყრდნობა. ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევა საქსტატმა გარდა გასული წლისა, 2013 წელსაც ჩაატარა. 2013

წლამდე პერიოდების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ცხრილი 1:

ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის ძირითადი შედეგები (ათასი ლარი)

2013 2017
მაჩვენებლის დასახელება სულ (ორივე ვალუტაში)
ნაღდი ფული 13 435 23 764
ბანკებში არსებული სახსრები 3 731 17 664
რეზიდენტ ბანკებში არსებული სახსრები 3 731 17 160
არარეზიდენტ ბანკებში არსებული სახსრები 0 504
გაცემული სესხები 310 669 405 832
ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 299 105 391 030
საანგარიშო პერიოდის მოგება/ზარალი 21 590 47 587
მსესხებელთა რაოდენობა 681 988 609 358
მსესხებელ ფიზიკურ პირთა რაოდენობა[1] 680 950 606 875
სესხის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 54.1% 45.4%
წყარო: საქსტატი

მნიშვნელოვანია, რომ საქსტატის ინფორმაციით, ლომბარდების სტატისტიკურ გამოკვლევაში მსესხებლები დათვლილია ლომბარდებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რიცხვის მიხედვით და გამოკვლევაში მოცემული დებიტორების მაჩვენებელი ფიზიკური და იურიდიული პირების უნიკალურ რაოდენობას არ ასახავს.

2017

წელს ლომბარდებში გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობამ 609 358  შეადგინა, აქედან 99.6% ხელშეკრულება გაფორმებული იყო ფიზიკური პირებზე, სულ 606 875 ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ მოცემული რაოდენობა 2013 წელთან შედარებით, 10.9%-ითაა შემცირებული.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ლომბარდის მსესხებელთა რაოდენობრივი შემცირებისა, 2013 წელთან მიმართებით 2017 წელს 95.1 მლნ ლარით იყო გაზრდილი ლომბარდების მიერ გაცემული სესხების ოდენობა. მონაცემი გასულ წელს 405.8 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც 391 მლნ ლარის ღირებულების სესხი გაცემული იყო ფიზიკურ პირებზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელთან მიმართებით შემცირებულია ლომბარდებში დაფიქსირებული სესხის საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთიც. 2017 წელს საპროცენტო განაკვეთი ლომბარდებში, საშუალოდ, 45.4% იყო, რაც 2013 წლის ანალოგიურ მონაცემზე 8.7% პუნქტით ნაკლებია.

[1] მაჩვენებელი ასახავს ხელშეკრულებათა და არა უნიკალურ მსესხებელთა ოდენობას.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი