მიმდინარე წლის 19 ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა:

„აზერბაიჯანი დღეს ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. მხოლოდ შარშან, აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში 500 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ტვირთბრუნვა თითქმის 700 მლნ დოლარს აღწევს. თურქეთთან ეს მონაცემი მილიარდნახევარ დოლარზე მეტია. მგზავრთა ნაკადი ორივე ქვეყნიდან მილიონ 400 ათასზე მეტს აღწევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ვაჭრობას, მგზავრთა ნაკადის ზრდას და საბოლოო ჯამში, თანამედროვე საბაჟო პროცედურების დანერგვას ჩვენს ქვეყნებს შორის“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს აზერბაიჯანიდან 550 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2016 წელს 578 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ორივე წელს აზერბაიჯანი ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო. 2017 წლის I კვარტლის მონაცემებითაც,

აზერბაიჯანი ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის I კვარტალში საქართველოში აზერბაიჯანიდან 97 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. აზერბაიჯანიდან ინვესტირების მაღალი ოდენობა ძირითადად გაზსადენის პროექტით - „შაჰდენიზი 2“-ით არის განპირობებული.

საქსტატის ინფორმაციით, 2016

წლის ბრუნვის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, სომხეთი, იტალია და აშშ (ცხრილი 1). 2016 წელს აზერბაიჯანთან ექსპორტ-იმპორტის ბრუნვამ დაახლოებით 645 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო თურქეთთან ბრუნვამ მილიარდნახევარ აშშ დოლარს გადააჭარბა.

  ცხრილი 1:

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2016 წლის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, მლნ აშშ დოლარი

ექსპორტი იმპორტი ბრუნვა
თურქეთი 173.6 1,353.30 1,526.90
რუსეთი 206.4 675.6 882.0
ჩინეთი 167.9 547.8 715.7
აზერბაიჯანი 152.6 492.5 645.1
გერმანია 85.4 420.3 505.7
უკრაინა 73.2 417.9 491.1
სომხეთი 150.8 216.8 367.6
იტალია 72.7 263.1 335.8
ბულგარეთი 167.4 150.4 317.8
აშშ 68.3 214.6 282.9
წყარო: საქსტატი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 1 256 561 ადამიანი, ხოლო აზერბაიჯანიდან - 1 523 703 შეადგინა. 2010-2016 წლებში ხუთი ყველაზე დიდი დენადობის ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

  ცხრილი 2:

TOP 5 ქვეყანა ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, 2011-2016 წლები

2011 2012 2013 2014 2015 2016
უკრაინა 58966 76610 126797 143521 141734 174857
რუსეთი 278458 513 930 767396 811621 926144 1038750
თურქეთი 738085 1533236 1597438 1442694 1391721 1256561
აზერბაიჯანი 714418 931933 1075857 1283213 1393257 1523703
სომხეთი 699382 921929 1291838 1325634 1468888 1496437
წყარო: შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი   დასკვნა 2015-2016

წლების და მიმდინარე წლის I კვარტლის მონაცემებით, აზერბაიჯანი ყველაზე დიდი ინვესტორია. 2016 წელს აზერბაიჯანიდან 578 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. 2016 წელს სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან 645 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო თურქეთთან 1 526 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ვიზიტორთა საერთო რაოდენობა 2016 წელს აზერბაიჯანიდან 1 523 703, ხოლო თურქეთიდან 1 256 561 იყო.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი