საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "აწარმოე საქართველოში" პროგრამით უკვე 64-მა მეწარმემ ისარგებლა, ინვესტიციების ჯამური მოსალოდნელი ოდენობა 112 მილიონი დოლარია. ისინი ამ წლის ბოლოსთვის დაახლოებით 4 500 ადამიანს დაასაქმებენ".

ფაქტ-მეტრი პრემიერის განცხადებით დაინტერსდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

"აწარმოე საქართველოში" პროგრამის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

აღნიშნულ პროგრამას ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამა წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. ასევე, პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულებაც. მისი ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯება, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი - 16 მილიონი ლარი. პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს:

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;
  • ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა;
  • საკონსულტაციო მომსახურება.

ფინანსური ხელმისაწვდომობა კრედიტის თანადაფინანსებას გულისხმობს (პირველი ორი წლის განმავლობაში 10%-ის მოცულობით). სესხის ამღებს ინდუსტრიული მიმართულების შემთხვევაში წელიწადში 1%-3% გადახდა უწევს, ხოლო 10%-ს სახელმწიფო უხდის. სოფლის მეურნეობის მიმართულების შემთხვევაში 1%-2%-ის გადახდა ხდება, 10%-ს კი ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ფარავს. პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცემა.

პროგრამით "აწარმოე საქართველოში", ბოლო მონაცემებით, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კომპონენტით უკვე 65 ბენეფიციარი სარგებლობს და შესაბამისი პროექტების განხორციელება დაწყებულია. პროექტების მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 116 500 000 აშშ დოლარია. ფინანსური ხელმისაწვდომობის მიმართულებით, უკვე 28 ბენეფიციარი სარგებლობს და გაცემული სესხის მოცულობა 34 213 554 აშშ დოლარია. ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობით 34 ბენეფიციარი, ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი 9 ბენეფიციარი სარგებლობს და ჯამური სესხის ოდენობა 14 670 000 დოლარია. 6

ბენეფიციარი კი როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობს.

ფაქტ-მეტრმა  პროექტ "აწარმოე საქართველოში" ჩართულ ბენეფიციართა საკონტაქტო ინფორმაცია მეწარმეთა განვითარების სააგენტოდან წერილობით გამოითხოვა. სამწუხაროდ, მათ მხოლოდ საწარმოების მისამართები მოგვაწოდეს. ჩვენ რამდენიმე ბენეფიციართან დაკავშირება მაინც მოვახერხეთ და მათ პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია ვთხოვეთ.

შპს "დენოლამ" პროგრამის ფარგლებში 2 მილიონი დოლარის სესხი "საქართველოს ბანკიდან" მიიღო. როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა კახა მოსიძემ გვითხრა, ისინი პარალონის (ე.წ. ღრუბელი, რაც მატრასების დასამზადებლად, ჭურჭლის სარეცხად და ა.შ. გამოიყენება) წარმოებას გეგმავენ. მათ საკუთარ მიწის ფართობზე აღებული სესხით საწარმოს მშენებლობა დაიწყეს და დანადგარები შეიძინეს. საწარმოს მშნებლობა დაახლოებით ივლისის თვეში დასრულდება და სავარუდოდ 50 ადამიანი დასაქმდება.

შპს "დამზადებულია საქართველოში #1"-მა 1 100 000 დოლარის სესხი ბანკი "ქართუდან" მიიღო. ისინი შესაფუთ მასალებს და ეტიკეტებს ამზადებენ. საწარმოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ დეკანოსიძის განცხადებით, საწარმო 3 თვეა ფუნქციონირებს და მასში 30 ადამიანია დასაქმებული.

შპს "პოლიმერ პლასტი" პლასტმასის მილების წარმოებას გეგმავს. მათ სესხი, 520 000 ლარი "ბაზის ბანკიდან" მიიღეს. მფლობელის, ზურაბ ლაგვილავას განცხადებით, საწარმოში 15-20 ადამიანი დასაქმდება.

შპს "სეზანმა" 1 300 000 დოლარის სესხი "თიბისი" ბანკიდან მიიღო. ამ სესხის ფარგლებში შესაფუთი მასალების წარმოებას გეგმავენ, მშენებლობა დაწყებულია და საწარმო ივნისისთვის გაიხსნება, დასაქმდება 15 ადამიანი.

შპს "ქართული დაფნა"-მ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურაზე (უძრავ ქონებაზე) ხელმისაწვდომობით ისარგებლა და ვანის რაიონის სოფელ ბზვანში 12 351 კვ.მ. მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) მიიღო. საწარმოს წარმომადგენლის, მამუკა ალთაიძის განცხადებით, ისინი დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავენ, ჯერ მხოლოდ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, საწარმო მზად წლის ბოლოსთვის იქნება და 30 ადამიანი დასაქმდება.

ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფით ისარგებლა შპს "იტონგ კავკასუსმაც". მათ თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცათ. საწარმოს მენეჯერის ირაკლი კორძაიას განცხადებით, ისინი სამშენებლო მასალების წარმოებას (ბლოკის) გეგმავენ. საწარმო ექსპლუატაციაში ზაფხულში შევა და 30 ადამიანი დასაქმდება.

შპს "აისბერგი 2"-მა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სესხი როგორც პროექტ "შეღავათიანი აგროკრედიტის" (600 000 დოლარი), ასევე "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში (1 500 000 დოლარი) "თიბისი" ბანკიდან მიიღო. საწარმოს მენეჯერის, ირაკლი ვეკუას განცხადებით, თევზის (ქაფშიას) გადამამუშავებელი საწარმო ააშენეს და დანადგარები შეიძინეს. საწარმოში თევზის ფქვილის და თევზის ზეთის წარმოება ხდება. თევზის ფქვილი ცხოველების საკვებად, ხოლო თევზის ზეთი ფარმაცევტული დანიშნულებით გამოიყენება. საწარმოში, ძირითადად, 30 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე დასაქმებულთა რიცხვი 80 ადამიანამდე იზრდება.

დასკვნა

პროგრამაში - "აწარმოე საქართველოში", უკვე 65 ბენეფიციარია ჩართული. 28 ბენეფიციარი ფინანსური ხელმისაწვდომობით, 34 კი ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობით სარგებლობს. 9 პროექტი სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის დაფინანსებული, 6 ბენეფიციარი კი, როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით სარგებლობს. მეწარმეთა განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ პროექტებში მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 116 500 000 მილიონი დოლარია და პროექტების განხორციელების შედეგად 4 325 ადამიანი დასაქმდება. ჩვენ ამ პროგრამაში ჩართულ რამდენიმე ბენეფიციარსაც ვესაუბრეთ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმოთა ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, ნაწილი კი მოკლე დროში გაიხსნება.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი